"საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რეგიონში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, მაგრამ მთავრობა ამას ნამდვილად არ იყენებს" - ეს განცხადება, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, გასულ კვირას, "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ გააკეთა. კოფი ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მსგავსი სატრატეგიული პროექტების შესახებ, მეტი პოლიტიკური ნების ხილვას ისურვებდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქარველოს ღრმაწყლოვან პორტს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, თავად საქართველოსთან ერთად, მთელი რეგიონისთვის ექნებოდა.
12 დეკემბერს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა?
პრემიერმა ანაკლიასთან დაკავშირებით საზოგადოებას სიახლე გააცნო და თქვა, რომ პორტში სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტი 51%-იანი წილი ექნება. მანამდე, მთავრობამ კონკურსის საფუძველზე პარტნიორები უნდა შეარჩიოს.
"ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, ასევე ისაუბრა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე“, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. ღარიბაშვილის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძემ, პროექტში მხოლოდ 3 მილინი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, ინვესტორებისგან კი $20-25 მილიონი ჰქონდათ მოზიდული.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ პროექტში $75 მილიონის ინვესტიცია აქვს ჩადებული და წილის მფლობელთან ერთად, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში დაობს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მათ „ქვეყნის გაძარცვა“ გადაწყვიტეს.
"მას შემდეგ, რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდეს ეს პროექტი და ვერ განახორციელეს, გადაწყვიტეს, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა. უჩივლეს და არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან 1,5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება?!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის ბუდედ გადააქციეს ეს ადგილი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება“.
პასუხი პრემიერს
პრემიერის „ქოსატუილასაც კი შეშურდებოდა“ - ამბობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძემ პრემიერის საპასუხო განცხადება, პარტია „ლელოს“ ოფისში გააკეთა და თქვა, რომ ღარიბაშვილმა მიზანმიმართულად იცრუა.
"დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს მატყუარა და ცილისმწამებელი ხელისუფლება, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია... მისი შეშურდებოდა ქართული ზღაპრების გმირს, ქოსატყუილასაც კი... ის, რომ დღეს ანაკლიაში მაცხოვრებლებს მართლაც დიდი პრობლემა აქვთ იმის გამო, რომ არის გაპარტახებული და სრული განუკითხაობა, არის "ქართული ოცნების" პირდაპირი მიზეზით, მათი დანაშაულებრივი მოქმედებით. მათ ინვესტორს ჩამოართვეს 75 მილიონი დოლარი. ასეთი რამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიაში არ ყოფილა" - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, კონსორციუმს პორტის მშენებლობაში 75 მილიონი დოლარი ჰქონდა ინვესტირებული, აქედან კი 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია თავად ჯაფარიძემ და ხაზარაძემ ჩადეს.
რას ამბობს კონსორციუმი?
საქართველოს მთავრობამ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. იმ დროისთვის, კონსორციუმმა პორტის მშენებლობაში უკვე გაწეული სამუშაოები და ხარჯები ასე განსაზღვრა:
- სამშენებლო სამუშაოები (ანაკლიაში ფსკერის დაღრმავება, პორტისთვის ტერიტორიის მომზადება) - 35 მილიონი დოლარი;
- საზღვაო და საინჟინრო კვლევები - 13 მილიონი დოლარი;
- სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები - 7 მილიონი დოლარი;
- დეტალური დიზაინის მომზადება - 4 მილიონი დოლარი;
- პროექტის დაგეგმარება და მენეჯმენტი - 4 მილიონი დოლარი;
- დაფინანსების მობილიზება და იურიდიული ხარჯები - 4 მილიონი დოლარი;
- გარემოზე ზემოქმედების კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შემსუბუქების ღონისძიებები - 2 მილიონი დოლარი;
- სხვა ხარჯები - 3 მილიონი დოლარი
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო 2019 წელს მას შემდეგ დატოვეს, რაც პროკურატურამ 2008 წელს განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის გამო ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
ამის შემდეგ, კონსორციუმის სამეთვალყურეო საობჭოს სამი ახალი წევრი შეემატა, მათ შორის, ერთ-ერთი ტედ ჯონასი იყო. ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ჯონასთან, „ამერიკის ხმამ“ ინტერვიუ 1 დეკემბერს ჩაწერა.
ჯონასმა თქვა, რომ ხელისუფლებამ, საკუთარი ქმედებებით, კონსორციუმისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ინვესტორების მოძიება. საბოლოდ კი ხელშეკრულება გაწყვიტა.
„ხელისუფლების ყველა ქმედება, ფაქტობრივად, დაბრკოლებების შექმნასა და გზაზე გადადგომას გულისხმობდა. ამაში ვგულისხმობ ფაქტს, რომ ისინი დაუპირისპირდნენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და გაურთულეს პორტის აშენება იქამდე, რომ არსებითად შეუძლებელი გახადეს სამომავლო ინვესტიციების მოზიდვა. საბოლოოდ კი, 2020 წლის ინავრაში, ჩვენთან ხელშეკრულება შეწყვიტეს“ - ამბობს ჯონასი.
მისი თქმით, სერთაშორისო არბიტრაჟში დავა კონსორციუმის მიზანი არ ყოფილა. „ჩვენ გვსურს პროექტი განხორციელდეს“ - თქვა ჯონასმა.
ჩვენ არ გვსურს ქართველების ჯობიდან ფული ამოვიღოთ, არ გვსურს მთავრობის ჯიბიდან ფულის ამოღება - ჩვენ გვსურს ეს პროექტი განხორციელდეს.ტედ ჯონასი
„შეთანხმების შეწყვეტისთანავე, ჩვენი უფლებებისთვის საბრძოლველად მზად ვიყავით, რადგან გვწამს, რომ ჩვენი უფლებები დაირღვა. მაგრამ, ჩვენ ასევე ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობისგან მივიღოთ ფული, იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მოგვაყენეს. ჩვენი მიზანია ამ პორტის აშენება ვიხილოთ. ჩვენ არ გვსურს ქართველების ჯიბიდან ფული ამოვიღოთ, არ გვსურს მთავრობის ჯიბიდან ფულის ამოღება. ჩვენ გვსურს ეს პროექტი განხორციელდეს. ასე რომ, ჩვენ მუდამ ღია ვიყავით და ვართ, ამ პრობლემის გადასაჭრელად, მათ შორის, მზაობით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ მიიღებს მონაწილეობს პორტის მომავალ განვითარებაში. მაგრამ, კონსორციუმს აქვს ეკონომიკური ინტერესი - 75 მილიონი დოლარი, რომელიც უკვე ინვესტირებულია“ - განაცხადა ჯონასმა.
მისივე ინფორმაციით, კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის „დისკუსიებიც გაიმართა“, თუმცა დაახლეობით, ერთი წლის წინ, მთავრობამ ეს საუბრები შეწყვიტა. ჯონასმა არ დააზუსტა კონკრეტულად ვისთან გაიმართა შეხვედრები.
„არ შემიძლია დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მაღალი რანგის წარმომადგენლები იყვნენ. არ ვგულისხმობ ბიძინას [ივანიშვილს]. ასე ვთქვათ, ეს იყო მთავრობის უმაღლესი დონე და ვიტყოდი, რომ თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ისინი ამ დისკუსიაში კონსტრუქციულები იყვნენ. შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად შეწყვიტეს საუბარი“ - თქვა მან.
ჯონასმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პორექტის შესახებ, შეხვედრები გამართა თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სენატის წარმომადგენლებთან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული ბოლო დისკუსიები, სწორედ შეერთებულმა შტატებმა და საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა წაახალისა:
„ვფიქრობ მათ უპასუხეს აშშ-ის ელჩის შეთავაზებას, წინადადებას იმის შესახებ, რომ უნდა სცადონ ჩვენთან საუბარი და პრობლემის მოგვარება. საინტერესოა, რომ მათ ეს დისკუსიები, ზუსტად უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაასრულეს და ეს ასევე არის დრო, როცა მათ ელჩზე პერსონალური თავდასხმები დაიწყეს“.
ხელისუფლების ყველა ქმედება, ფაქტობრივად, დაბრკოლებების შექმნასა და გზაზე გადადგომას გულისხმობდა.ტედ ჯონასი
ტედ ჯონასის თქმით, სამი წლის განმავლობაში, რაც საქართველოს მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა, პორტის მშენებლობისთვის არაფერი გაუკეთებია.
„საქართველოს ხელისუფლება ხმაურიან განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ პორტის აშენება სურს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, წინსვლისთვის არაფერი გაუკეთებია. ხელისუფლების ყველა ქმედება, ფაქტობრივად, დაბრკოლებების შექმნასა და გზაზე გადადგომას გულისხმობდა. დრო და დრო, ეკონომიკის მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, გეგმავენ ანაკლიის პროტის აშენებას, გამოაცხადებენ ტენდერს. ისინი ამას სამი წელია ამბობენ, მას შემდეგ, რაც ჩვენთან ხელშეკრულება შეწყვიტეს, თუმცა არაფერი გაუკეთებიათ. მათ განაგრძეს საქართველოს ბიუჯეტის, ქართველი გადასახადების გადამხდელების ფულის კონსულტანტებზე, მრჩეველებზე ხარჯვა და ყოველ წელს, ეს ხარჯი ორმაგდება“ - უთხრა ჯონასმა „ამერიკის ხმას“.
პორტის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოსთვის და რეგიონისთვის
კარგავს თუ არა შესაძლებლობებს საქართველო და რეგიონი იქამდე, ვიდრე საქართველოს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი ექნება? „ოლბრაით სტოუნბრიჯ გრუპის“ ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ქვეყნებს ალტერნატიული გზების მოიძიებსკენ უბიძგებს, საქართველოს კი ამ მხრივ განსაკუთრებული როლის შესრულების პოტენციალი აქვს.
ამგვარი პორტის ქონა, საქართველოს ნამდვილად აყენებს მნიშვნელოვან პოზიციაზე, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში.მერი ტრიჩკა
„რა თქმა უნდა, უკრაინაში ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო, ბევრი კომპანია ტრადიციულ სატრანზიტო მარშრუტებს აღარ იყენებს. ისინი ახლა ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ. ამან ნამდვილად გამოწვია ტვირთების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა მარშრუტზე, რასაც შუა დერეფანს ვუწოდებთ, რომელიც გადის ჩინეთიდან, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპისკენ და არა რუსეთის გავლით. ამრიგად, ღრმაწყლოვან პორტს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ეს არის ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც შავ ზღვაზე წვდომა აქვს, თუმცა არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი. ამგვარი პორტის ქონა საქართველოს ნამდვილად აყენებს მნიშვნელოვან პოზიციაში, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში“ - განაცხადა მერი ტრიჩკამ.
„ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი ამბობს, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომლის ინტერესებშიც არ შედის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, არის რუსეთი.
ანაკლიის პორტს, შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო კლიენტებისთვის ალტერნატივა შექმნას, მოსკოვს კი საკუთარი პორტების, ან რუსული სატრანსპორტო მარშრუტების ალტერნატივების ხილვა არ სურს.ლუკ კოფი
„რუსეთს ამ პორტის წინსვლა არ სურს, რადგან ის წაიღებს კომერციულ საქმიანობას რუსეთის პორტებისგან. საერთაშორისო საზოგადოებას კი ცენტრალურ აზიასა და სხვა ქვეყნებში ტვირთბრუნვის ახალ შესაძლებლობებს მისცემს. საქართველოს, ანაკლიის პორტს, შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო კლიენტებისთვის ალტერნატივა შექმნას, მოსკოვს კი საკუთარი პორტების, ან რუსული სატრანსპორტო მარშრუტების ალტერნატივების ხილვა არ სურს. ასე რომ, პირველ რიგში, მათ ურჩევნიათ საქართველოს ამგვარი პორტის სრულად მოშორება, ან მისი განვითარების შეჩერება. ან, შესაძლოა მათ სურდეთ, ჰქონდეთ დიდი წილი პორტის ინვესტიციაში, ან მშენებლობაში, რათა მათ სიტყვა ეთქმოდეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს პორტის გამოყენება. მაგრამ, ვფიქრობ ეს ნაკლებად სავარუდოა. არ მგონია, რომ ქართველი ხალხი ამას მოითმენს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის პირობებში“ - უთხრა კოფიმ „ამერიკის ხმას“.
თუმცა, გარდა ეკონომიკური ინტერსისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ექსპერტები ამბობენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ნატოსთვის უფრო მიმზიდველს გახდის და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციას დაეხმარება. ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ სამხედრო ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას „ატლანტიკური საბჭოს“ ვარშავის ოფისის ხელმძღვანელი.
საქართველო საბოლოოდ დასავლური სამყაროს ნაწილი გახდება და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა გვქონდეს მისი დაცვისა და ნატოს თავდაცვის სხვა ნაწილებთან ინტეგრაციის შესაძლებლობებიაარონ კორევა
„რა თქმა უნდა, ღრმაწყლოვან პორტებს, ძირითადად, უსაფრთხოების სფეროდან ვუყურებ. რადგან თუ გადავხედავთ შავ ზღვას, დიდი ხნის წინ, ცივი ომის დასრულებამდე, ის „ვარშავის პაქტის ტბად“ აღიქმებოდა. ახლა კი ეს ვითარება შეცვლილია. ახლა შავი ზღვის რუსული ნაწილი, რეალურად საკმაოდ მცირეა. შავი ზღვის აუზში არის ნატოს წევრი ქვეყნები - განსხვავებული მოცემულობებითა და შესაძლებლობებით - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ასევე უკრაინა, რომელიც ნატოს წევრი არ არის, მაგრამ პროდასავლურია და რომლის ყირიმიც, რუსეთის მიერაა ოკუპირებული... და არის საქართველო, რომელიც ასევე, ზოგადად რომ ვთქვათ, პროდასავლური ქვეყანაა. პრობლემა კი ისაა, რომ საქართველოში არ არსებობს პორტი, რომლის გამოყენებაც რეალურად შესაძლებელია. მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო საბოლოოდ დასავლური სამყაროს ნაწილი გახდება და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა გვქონდეს მისი დაცვისა და ნატოს თავდაცვის სხვა ნაწილებთან ინტეგრაციის შესაძლებლობები. ღრმაწყლოვანი პორტი კი ამისთვის აუცილებელია“, თქვა აარონ კორევამ.
შეერთებული შტატები კი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ანაკლიის პორტის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. გასული თვის მიწურულს, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა თქვა, რომ ღრმაწყლოვანი პორტი, შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, საქართველოს შავი ზღვისკენ ორიენტაციისთვის. დეგნანი ამბობს, რომ პორტის პროექტი, საქართველოს საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობაში უნდა განხორციელდეს.