ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კალათბურთელი რუსეთის ციხიდან შინ დაბრუნდა


კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი რუსეთის ციხეში 10-თვიანი პატიმრობის შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ის იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალეს.

"ამბობენ, რომ ის ძალიან კარგ განწყობაზეა და ჯანმრთელობის მხრივაც თავს კარგად გრძნობს", - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ MSNBC-ისთან ინტერვიუში მთავრობის იმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ვინც გრინერს ტეხასში დახვდა.

თვეების განმავლობაში მიმდინარე მტკივნეული მოლაპარაკებების შემდეგ, პატიმართა გაცვლა, რომელიც ხუთშაბათს დასრულდა, ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების იშვიათი გამონაკლისია, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა. თუმცა კრემლმა მალევე განმარტა, რომ ამით იმედი არავის უნდა მიეცეს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდა.

რუსული მედია ამ გაცვლას მოსკოვის გამარჯვებად აფასებს. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მოსკოვში დაბრუნებული ბუტი სხელმწიფო დეპარტამენტს დახასიათებული ჰყავდა, როგორც მსოფლიოში იარაღით ერთ-ერთი უდიდესი მოვაჭრე, რომელიც უამრავ ქვეყანაში ტერორისტებს და ამერიკის მტრებს იარაღით წლების განმავლობაში ამარაგებდა. ბუტი ბრალდებებს გამუდმებით უარყოფდა.

ამერიკის პრეზიდენტმა გრინერის გათავისუფლებისას თქვა, რომ ეს შეთანხმება დაასრულებს "ჯოჯოხეთში გატარებულ თვეებს" 32 წლის ათლეტისთვის, რომელიც ორგზის ოლიმპიური მედალოსანი და ამერიკის კალათბურთის ასოციაციის - ფენიქსის "მერკურის" ვარსკვლავი მოთამაშეა.

გრინერი მოსკოვში 17 თებერვლს აეროპორტში მარიხუანის ზეთის შემცველი ნივთიერების აღმოჩენის გამო დააპატიმრეს. გრინერი ამბობდა, რომ ეს ამერიკაში ნებადართული სამკურნალო საშუალება იყო.

XS
SM
MD
LG