რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი არაერთხელ იყვნენ ახლოს პატიმრების გაცვლის თაობაზე ორმხრივი შეთანხმების მიღწევასთან. ახლა კი არებობს შესაძლებლობა, რომ ეს ახალი წლის დადგომამდეც მოხდეს.
ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თვეებია ცდილობს რუსეთთან მოლაპარაკებას, რათა ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავი - ბრიტნი გრინერი და მიჩიგანის ერთ-ერთი კორპორაციის უსაფრთხოების წარმომადგენელი, პოლ უელანი რუსეთის ციხიდან გამოიხსნას. არ არის გამორიცხული, რომ ეს მოსკოვთან პატიმრების გაცვლის შეთანხმების საფუძველზე მოხდეს.
სამშაბათს, 29 ნოემბერს, ჟურნალისტებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს: არის თუ არა შესაძლებელი, რომ გაცვლა ამ წლის ბოლომდე მოხდეს? სერგეი რიაბკოვმა პასუხად თქვა: "შანსი ყოველთვის არის" და დასძინა: "სამწუხაროდ, რამდენჯერმე მოხდა ისე, რომ საკითხი დადებითად თითქმის უკვე გადაწყდებოდა, მაგრამ ეს არასდროს მოხდა".
რიაბკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პატიმრების გაცვლის თაობაზე ამერიკასთან დიალოგში ჩართული არ არის. თუმცა, დადებითი გადაწყვეტილება "უეჭველად იქნებოდა პოზიტიური სიგნალი, რომ რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში, ყველაფერი ასე უკიდურესად უიმედოდ არ არის".
რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის მოწოდება, განახლდეს მოლაპარაკება ვაშინგტონთან. ოღონდ, ეს "თავშეკავებულად და საჯარო განცხადებების გარეშე" უნდა მოხდეს, ამბობს რიაბკოვი. მისი თქმით, ვაშინგტონი "ჩუმის" ნაცვლად, ზედმეტად იყენებს "ხმამაღალ დიპლომატიას, რაც საქმის გაკეთებაში არ გვეხმარება".
ამერიკელი კალათბურთელი უიტნი გრინერი რუსეთში უკანონო ნარკოტიკის შენახვისთვის, რომელსაც ის ამერიკაში კანონიერად იყენებდა სამკურნალოდ, 9-წლიან სასჯელს იხდის. უსაფრთხოების სპეციალისტ პოლ უელანს კი რუსეთის სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით 16 წელი მიუსაჯა. უელანი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, რუსეთი მათ სანაცვლოდ ვიქტორ ბუტის გადაცემას ითხოვს. იარაღის რუსი დილერი, მეტსახელად "სიკვდილით მოვაჭრე", ამერიკაში 25-წლიან სასჯელს იხდის.
Facebook Forum