8 დეკემბერს, როცა ამერიკის ეროვნული ლიგის კალათბურთელმა და ორგზის ოლიმპიელმა ბრიტნი გრაინერმა რუსეთის ციხე დატოვა, რუსეთმა ციხიდან ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე გაუშვა. სარა კრივანეკი თვითმფრინავზე რუსებმა ზუსტად იმავე დღესვე დასვეს და ის დუბაის გავლით, ლოს-ანჯელესში გამოამგზავრეს.
წელს გათავისუფლებული 3 ამერიკელი პატიმარი
სარა კრივანეკი ორ ქვეყანას შორის პატიმართა გაცვლის პროცესის მონაწილე არ ყოფილა. მართალია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მის გათავისუფლებას არაერთხელ შეეცადა, მაგრამ რუსეთი კრივანეკის გათავისუფლებაზე უარს ამბობდა. 46 წლის ინგლისურის მასწავლებელს რიაზანის საოლქო სასამართლომ ბრალი ოჯახურ ძალადობაზე 10 ნოემბერს წაუყენა.
კრივანეკის მეგობრები "ენ-ბი-სის" სან-ფრანცისკოს ფილიალს მოუყვნენ, რომ ის რუსეთში ინგლისურს 2017 წლიდან ასწავლიდა და როცა რუსეთის დატოვება გადაწყვიტა, 2021 წელს, მოულოდნელად დააკავეს და ძალადობის ბრალი წაუყენეს. რუსეთის ციხეში კრივანეკი თითქმის ერთი წელი იხდიდა მისჯილ ვადას. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა და აცხადებდა, რომ დანის საშუალებით თავს იცავდა მამაკაცისგან, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა და მას სცემდა. ახლა კი მოულოდნელად, ამერიკაში მისი დეპორტაცია გადაწყდა.
კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაუცვალეს. ბუტს, რომელსაც მეტსახელად "სიკვდილით მოვაჭრეს" უწოდებენ, შეერთებულ შტატებში 25 წელი ჰქონდა მისჯილი. გრაინერი მოსკოვში 17 თებერვალს, აეროპორტში მარიხუანის ზეთის შემცველი ნივთიერების აღმოჩენის გამო დააპატიმრეს. გრაინერი აცხადებდა, რომ ეს ამერიკაში ნებადართული სამკურნალო საშუალება იყო. აგვისტოში, რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თითქმის 10-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ბრიტნი გრაინერმა რუსეთის ციხე დატოვა და 9 დეკემბერს ოჯახში დაბრუნდა.
ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებამდე, აპრილში, პატიმართა გაცვლის მოლაპარაკება წარმატებით კიდევ ერთი ამერიკელისთვის დასრულდა. ეს იყო ტრევორ რიდი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი. ტრევორ რიდი რუსეთში 2019 წელს გაასამართლეს. მას მოსკოვში ვიზიტის დროს, სიმთვრალისას ორი პოლიციელის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ბრალდებოდა. შეერთებულმა შტატებმა მის სასამართლოს მაშინ „აბსურდის თეატრი“ უწოდა. რუსეთმა რიდი ამერიკას თურქეთში გადასცა. მის სანაცვლლოდ კი ვაშინგტონმა კონსტანტინ იაროშენკო გაათავისუფლა, რომელიც შტატებში 20-წლიან სასჯელს იხდიდა.
რუსეთის ციხეში 2 ამერიკელი პატიმარი რჩება
ჯერჯერობით რუსეთის ციხეში რჩება 52 წლის პოლ უელანი, რომელიც რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით თითქმის 4 წლის წინ დააპატიმრა. უელანი ბრალდებას უარყოფს. ისიც ყოფილი საზღვაო ქვეითია, რომელსაც 2020 წელს რუსეთის სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვაშინგტონი უელანის გათავისუფლებას, რომელიც ვადას მორდოვიის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდის, უკვე მეორე წელია ცდილობს.
გრაინერის გათავისუფლების შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს უელანის გათავისუფლებისთვის: „არჩევანი არ გვქონდა, რომელი ამერიკელი დაგვებრუნებინა. არჩევანი ასეთი იყო: ერთი, ან არცერთი... არ მოვისვენებთ მანამ, სანამ პოლი, ან ნებისმიერი სხვა ამერიკის მოქალაქე მძევლად ეყოლებათ და უცხოეთში დააკავებენ, ვიდრე ისინი შინ, ოჯახებს არ დაუბრუნდებიან“.
რუსეთში ასევე სასჯელს იხდის მარკ ფოგელი. ის მოსკოვში 2021 წელს დააკავეს. პიტსბურგელი ისტორიის მასწავლებელი, რუსეთში ამერიკელ ბავშვებს და დიპლომატებს ასწავლიდა. მას ჩანთაში სამედიცინო დანიშნულების მარიხუანა უპოვეს, რომელსაც ფოგელი ზურგის ქრონიკული ტკივილისთვის იყენებდა. სამედიცინო მოხმარების მარიხუანა შეერთებულ შტატებში ლეგალურია, მაგრამ რუსეთში - არა. 61 წლის ფოგელს ივნისში შრომა-გასწორების კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2017 წლიდან მოყოლებული, რუსეთს ციხეში, სულ ცოტა, თითო ამერიკელი ჰყავს. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია სახელად - ჩვენი ოჯახების შინ დაბრუნება. ის უცხოეთში დაკავებულ ამერიკის მოქალაქეებზე ანგარიშს ყოველწლიურად ამზადებს. წლევანდელი ანგარიში სექტემბერში გამოქვეყნდა.
Facebook Forum