საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს.
როგორც შალვა ხაჭაპურიძემ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, მისი ჩართვა დისტანციურად უნდა მომხდარიყო. სწორედ ამ მიზეზით, აღნიშნულის ტექნიკურად უზრუნველსაყოფად და ასევე იმის გამო, რომ მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა, სხდომა გადადო.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრებაც და ასევე, დამატებითი დოკუმენტები მიიღო, რის გაცნობასაც, მისი განცხადებით, დრო სჭირდება.
სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს, - თქვა დეგნანმა.
„აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის საქმეს. ჩვენ ნამდვილად მივესალმებით სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას, მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ, გასული კვირის განმავლობაში.
ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს“, - აღნიშნა ელჩმა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის წინააღმდეგი, რომ სასამართლო პროცესი პალატაში ჩატარდეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი კამერებისთვის დახურული არ იქნება.
როგორც ეკა ხერხეულიძემ კლინიკა "ვივამედთან" განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლოს გადადებაზე რეაქცია არ ჰქონია, რადგან მას საამისოდ ძალა არ ჰყოფნის.
დიდი დრო არაა გადადების, მაგრამ ეს ჩემი შვილი ისე მძიმე მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება უბედურება დატრიალდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ალასანიას თქმით, მას მოლოდინზე საუბარი უჭირს.
„ვერაფერს ვვარაუდობ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ დავუჯერებთ პრემიერ-მინისტრს, მოვისმინეთ რაც მოვისმინეთ. არსებობს სასამართლოც, რომელიც, ჯერჯერობით, არ გამართულა. დიდი დროც არ არის გადადების, დიდი ვადა არაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს“, - განაცხადა ალასანიამ.
„ამერიკის ხმა“ კომენტარის თხოვნით მთავრობის რამდენიმე ოფიციალურ უწყებას დაუკავშირდა. მთავრობის ადმინისტრაციასა და ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებული საკითხები იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ "ამერიკის ხმისთვის" წერილობით გაგზავნილ განცხადებაში კი წერია, რომ „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. მას ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდებოდა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება“.