ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი უკრაინაზე ტრამპთან მოსალაპარაკებლად, კომპრომისისთვის მზადაა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხვდება მოხალისეებს, რომლებიც წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის მოწყობაში მონაწილეობდნენ. მოსკოვი, რუსეთი. 19 დეკემბერი, 2024 წ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხვდება მოხალისეებს, რომლებიც წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის მოწყობაში მონაწილეობდნენ. მოსკოვი, რუსეთი. 19 დეკემბერი, 2024 წ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, კომპრომისზე წავიდეს, თუკი ამ საკითხზე ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება გაიმართება. 19 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინასთან შესაძლო მოლაპარაკების წინ, მას წინაპირობები არ ექნება.

პუტინი ამერიკული საინფორმაციო არხის ჟურნალისტს პასუხობდა, რომელსაც აინტერესებდა, მზად იყო თუ არა ის ტრამპთან შესახვედრად. კითხვაზე, თუ რას შესთავაზებდა ის ტრამპს, პუტინმა უარყო შეკითხვის ის ნაწილი, სადაც ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ რუსეთი დასუსტებულია. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ბევრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მან 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჯარების შეყვანის განკარგულება გასცა.

”ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის”, - თქვა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ძალები მთელი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევენ, უკრაინაში მათი მთავარი მიზნების მისაღწევად.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, რომელიც 20 იანვრიდან კვლავ დაიკავებს თეთრ სახლს, ამერიკელ ამომრჩევლებს საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში არაერთხელ დაპირდა, რომ ომს ძალზე სწრაფად დაასრულებდა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გზით აპირებს დონალდ ტრამპი ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის დასრულებას, რომლის მსგავსი მასშტაბის კონფლიქტი კონტინენტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

"უკრაინელებს მალე გამოელევათ ის ხალხი, ვისაც ბრძოლა სურს. ჩემი აზრით, მალე ბრძოლის მსურველი აღარავინ დარჩება. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ მეორე მხარეც მზად უნდა იყოს მოლაპარაკებებისთვისაც და კომპრომისებისთვისაც", - აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა მოელაპარაკოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც კი. მაგრამ, პუტინი იმასაც ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ხელშეკრულებას ხელი მხოლოდ ლეგიტიმურმა ოფიციალურმა პირებმა უნდა მოაწერონ. ასეთად კი რუსეთის ლიდერი მხოლოდ უკრაინის პარლამენტს თვლის, ვინაიდან ზელენსკის ვადა ტექნიკურად ამოწურული აქვს და ის პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ რუსეთთან მიმდინარე ომის გამო რჩება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG