უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, 9 დეკემბერს, ქვეყანაში უცხოური ჯარების განლაგების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა. ზელენსკის თქმით, იქამდე, ვიდრე უკრაინა ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანდება, ქვეყნის მთავრობა მზადაა განიხილოს უცხოური ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგების საკითხი.
მან ეს განცხადება კიევში, გერმანიის ოპოზიციის ლიდერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, გააკეთა.
"სხვადასხვა ქვეყნიდან სამხედრო კონტინგენტი შეიძლება იმყოფებოდეს უკრაინაში მანამ, სანამ ის ნატოს წევრი გახდება. მაგრამ ამისათვის ჩვენ მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის და ნატოს წევრი," - განაცხადა ზელენსკიმ.
თებერვალში, დაახლოებით მსგავსი განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, როდესაც თქვა, რომ უკრაინაში უცხოეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ეს არ იყო ევროკავშირის ერთობლვი გადაწყვეტილება და ამაზე კონსესუსი არ არსებობდა.
"მაშინაც კი, თუ ნატოში მიგვიწვევენ, რა მოხდება? ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ვინ იქნება? შეგვიძლია, რომ ემანულ მაკრონის წინადადება განვიხილოთ", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, სწორედ ნატოში გაწევრიანებიის საკითხზე საუბარს აპირებს, ვინაიდან ის ჯერ კიდევ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტია და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
რუსეთი უკვე დიდი ხანია მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანების სურვილზე, ვინაიდან ეს, მოსკოვის მტკიცებით, რუსეთისთვის საფრთხეა.