ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი უკრაინას მომავალ წელს კიდევ 800 მილიონს გამოუყოფს


შეერთებული შტატების თავდაცვის დაფინანსების შესახებ სამშაბათს გამოქვეყნებული კანონპროექტის თანახმად, ამერიკელი კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს უკრაინას უსაფრთხოების მიმართულებით მინიმუმ 800 მილიონი დოლარის დახმარებას გადასცემენ. ამერიკა მომავალი წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარით დაეხმარება ტაივანსაც.

2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), უფლებას აძლევს ადმინისტრაციას უკრაინის დასახმარებლად დამატებით ხარჯები გამოყოს. აქტი დახმარების მოცულობას 500 მილიონი აშშ დოლარით იმაზე მეტად ზრდის, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ წლის დასაწყისში ითხოვდა.

კანონპროექტი ასევე აძლიერებს „წყნარი ოკეანის შეკავების ინიციატივას“ 11,5 მილიარდი დოლარის ახალი ინვესტიციებით და 2022 წლის ტაივანის "გაძლიერებული გამძლეობის აქტით", 10 მილიარდ დოლარამდე ზრდის უსაფრთხოების თანამშრომლობას ტაივანთან მომავალი ხუთი წლის განმავლობაში.

NDAA-ს კომპრომისული ვერსია, რომელიც პენტაგონის ხარჯებს განსაზღვრავს, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგია.

მთლიანად, კანონპროექტი 45 მილიარდი დოლარით იმაზე მეტ თანხებს ითვალისწინებს, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვდა.

1961 წლიდან, ყოველწლიურად დასამტკიცებელი თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, მოიცავს თავდაცვასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხს. მათ შორის ჯარებისთვის ანაზღაურების გაზრდას (წლევანდელი 4,6%-ით), იმას, თუ რამდენი გემის ან თვითმფრინავის შეძენაა შესაძლებელია ან როგორ უნდა წარიმართოს ჩინეთისა და რუსეთის მიმართ პოლიტიკა. იმის გამო, რომ ამ საკანონმდებლო აქტის მიღება სავალდებულოა, კანონმდებლები მას იყენებენ, როგორც მექანიზმს მთელი რიგი ინიციატივებისთვის.

2023 ფისკალური წლის NDAA მოიცავს დებულებას, რომელსაც კონგრესის ბევრი რესპუბლიკელი წევრი ითხოვდა: თავდაცვის მდივანმა გააუქმოს მანდატი, რომელიც მოითხოვს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციას.

კანონპროექტი მოიცავს 2,7 მილიარდ აშშ დოლარს საბრძოლო მასალის წარმოების გასაზრდელად. ის უფრო მეტი თანხების გამოყოფის შესაძლებლობას იძლევა ჰიპერბგერითი იარაღის შესაქმნელად და არსებული საბრძოლო სისტემების შესაძენად - მათ შორის Lockheed Martin Corp-ის F-35 გამანადგურებლებისა და General Dynamics-ის გემების ჩათვლით.

მოსალოდნელია, რომ 2023 ფისკალური აქტი, ამ თვეში გაივლის სენატსა და წარმომადგენელთა პალატას და გადაეგზავნება თეთრ სახლს, რათა ბაიდენმა მას ხელი მოაწეროს. თუმცა, კანონპროექტი არ არის სრული, კონკრეტული და საბოლოო გეგმა თავდაცვის ხარჯების თაობაზე. ავტორიზაციის კანონპროექტი მხოლოდ პროგრამებს ქმნის. კონგრესმა კი ამას გარდა, უნდა მიიღოს ასიგნებების კანონი, რათა ხელისუფლებას კანონიერი უფლებამოსილება მისცეს, დახარჯოს ფედერალური მთავრობის ფული. კონგრესის ლიდერები მომავალი წლის ასიგნებების კანონპროექტზე ჯერ არ შეთანხმებულან.

XS
SM
MD
LG