ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულენოვანი მედიის წარმომადგენლები "დოჟდს" მხარდაჭერას უცხადებენ


რუსულ ენაზე მაუწყებელი 60-ზე მეტი მედიასაშუალება და დამოუკიდებელი ჟურნალისტი რუსულ ტელეარხ "დოჟდის" მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. "დოჟდს" ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვა. მხარდამჭერებს შორის ლატვიაში მომუშავე მედიის წარმომადგენლებიც არიან.

მათი ერთობლივი წერილი 6 დეკემბერს ლატვიური ახალი ამბების ვებგვერდ "მედუზაზე" გამოქვეყნდა. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლატვიის "ეროვნული უსაფრთხოებისა და წესრიგისთვის" შექმნილი რისკები, რამაც "დოჟდისთვის" სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევა განაპირობა, დამაჯერებლად არ ჟღერს.

წერილი ამბობს, რომ არხის პოზიცია "აშკარაა" და ყველამ კარგად იცის "დოჟდის" დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკის და უკრაინაში მისი ომის მიმართ.

"[დოჟდის] მნიშვნელობა რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის წინააღმდეგ კოლოსალურია", - აცხადებენ ჟურნალისტები და მიიჩნევენ, რომ ლატვიის გადაწყვეტილება "სინამდვილეში მძიმე დარტყმაა სიტყვის თავისუფლებისთვის და მთლიანობაში, ევროპის უსაფრთხოებისთვისაც".

ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსულ დამოუკიდებელ ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვა. გადაწყვეტილება ძალაში 8 დეკემბრიდან შევა.

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინსი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხეებიდან გამომდინარე“. აქვე აბოლინსი განმარტავს, რომ ტელეკომპანია „დოჟდის“ მენეჯმენტს „არ ესმის და არ იცის დარღვევების მნიშვნელობა და სერიოზულობა. შესაბამისად არ შეუძლია ოპერირება ლატვიის ტერიტორიაზე“.

ლატვია განმარტავს, რომ ტელეკომპანიას არაერთხელ მიუთითეს დაშვებული შეცდომების შესახებ, მათ შორის 2 დეკემბერს „დოჟდი“ დაჯარიმდა 10 000 ევროთი, იმის გამო, რომ არხმა გამოიყენა რუსული რუკა, სადაც უკრაინის ტერიტორია ყირიმი, რომელიც რუსეთის მიერ არის უკანონოდ ანექსირებული, რუსეთის ტერიტორიად იყო ნაჩვენები. ამასთან არხის ეთერში ითქვა „ჩვენი ჯარი“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG