ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის ენერგო-ობიექტებზე იერიშებს განაგრძობს


უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის მძიმე შეტაკებები გრძელდება. რუსული მხარის იერიშების სამიზნე დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში, ისევე როგორც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ქალაქ კოსტიანტინივკის მიმართულებით მათ ორი რაკეტა ისროლეს. სროლა არ წყდებოდა ქალაქ ხერსონის მიმართულებითაც. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები ლუჰანსკის ოლქში მშვიდობიან მოსახლეობას კვლავ "ცოცხალ ფარად" იყენებს. სამხედრო აღჭურვილობას და საიერიშო მოწყობილობებს იმ საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს ათავსებს, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ.

რუსეთის საჰაერო იერიშების გამო უკრაინის ენერგო-ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. მილიონობით ადამიანი უშუქოდ და გათბობის გარეშეა დარჩენილი. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან 11 დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას შეერთბული შტატების მტკიცე მხარდაჭერა კიევისადმი კიდევ გამოხატა.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის განგრძობით მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვის მიმართ მაშინ, როცა რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას განაგრძობს. ამასთან ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ ერთგულად განაგრძობს უკრაინისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მიმართულებით დახმარების მიწოდებას, ასევე რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამო მოსკოვის პასუხისმგებლობის დადგომისა და აგრესიის ომისთვის მასზე ანგარიშვალდებულების დაკისრებაზე მუშაობას. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. აქვე ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმება უკრაინელი კოლეგის მზაობას და სურვილს, დამყარდეს მშვიდობა გაეროს ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად.

ზელენსკის "ტვიტერზე" გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მან პრეზიდენტ ბაიდენს "ნაყოფიერი საუბრისას" მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გზების განიხილა, როგორც თავდაცვის მიმართულებით, ისე ენერგეტიკულ სექტორში.

ამერიკამ, ცოტა ხნის წინ, უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი დაუმტკიცა. მათ შორის, 275 მილიონი დოლარის ოდენობის იარაღისა და სხვა სამხედრო საჭიროებებისთვის, 53 მილიონი კი ქვეყნის ენერგო-ინფრასტრუქტურისთვის.

ზელენსკიმ კვირა ღამის ვიდეო-მიმართვაში თქვა, რომ უკრაინის არაერთ რეგიონში სპეციალური სამსახურები დღედაღამ მუშაობენ იმისთვის, რომ ენერგომომარაგებაში შექმნილი პრობლემები აღმოფხვრან. რთული ვითარებაა ოდესაში და მის მიმდებარედ. ოდესის რეგიონში რუსეთის მხრიდან დრონებით განხორციელებული იერიშების შედეგად 1,5 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. თავდასხმისას ოდესის პორტი არ მუშაობდა, თუმცა სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მარცვლეულის ექსპორტი სავარაუდოდ არ შეფერხდება.

შეტევას განაგრძობს უკრაინული ძალებიც. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალქ მელიტოპოლში ღამით ათობით აფეთქება დაფიქსირდა. მსხვერპლის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები კონკრეტულ დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა აცხადებს, რომ კიევის საარტილერიო და სარაკეტო იერიშების სამიზნე სწორედ რუსული სამხედრო პოზიციები იყო.

XS
SM
MD
LG