ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია, ნომრით 713, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აღიარებს.
რამდენიმეგვერდიანი რეზოლუციის ტექსტი დეტალურად აღწერს იმას, თუ რატომ არის რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდი და ის 5 პუნქტად არის გაწერილი. თითოეულ პუნქტში მოცემულია ის მძიმე სურათი, რაზეც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო მედია საუბრობს.
მათ შორის სახელდება:
- მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობები.
- თავდასხმები ჰუმანიტარულ დერეფნებზე.
- სექსუალური ძალადობა.
- სასოფლო-სამეურნეო მიწების დანაღმვა.
- საჰერო იერიშები სკოლებზე, სამშობიაროებსა და საავადმყოფოებზე, ასევე თავშესაფრებზე.
- მილიონობით უკრაინელის, მათ შორის ბავშვების იძულებით რუსეთში გაყვანა.
"ეს რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდს და მოუწოდებს ამერიკის მთავრობას მოკავშირეებთან ერთად გააძლიეროს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა მოხდეს საშინელი დანაშაულების ჩამდენების მართმსაჯულების წინაშე წარდგენა,"- თქვა ჯიმ რიშმა.
იმავდროულად, დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, აღნიშნა: ”დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ პუტინის უკანონო და არაპროვოცირებული ომის განმავლობაში, ეწინააღმდეგება უამრავ საერთაშორისო კონვენციას და შეიძლება მხოლოდ გენოციდად შეფასდეს.”
რეზოლუციის მიხედვით, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი:
- გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ გენოციდს.
- მოუწოდებს ამერიკის მთავრობას ნატოსთან და ევროკავშირთან ერთად მიიღოს ზომები უკრაინის მთავრობის დასახმარებლად, რათა ქვეყანამ შეძლოს და თავიდან აირიდოს რუსეთის გენოციდის შემდგომი აქტები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
- ხელს შეუწყობს ტრიბუნალს და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქმეების გამოძიებას, რათა პასუხისგებაში მიეცნენ რუსი პოლიტიკური ლიდერები და სამხედრო პერსონალი, რომლებმაც ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინაშე დანაშაული და გენოციდი ჩაიდინეს.
- სენატის რეზოლუციის პროექტში ასევე დაგმობილია ფაქტი, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვა ის სამხედროები და მეთაურები, რომლებსაც ბრალად ედებათ ომის დანაშაულების ჩადენა ბუჩაში.
"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში,"- თქვა სხდომაზე ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიშმა.
სენატის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში წამოიწყო არაპროვოცირებული ომი და სჩადის ომის დანაშაულებებს.
რეზოლუცია სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივით 20 ივლისს დარეგისტრირდა და მოგვიანებით მას 15 სენატორი შეუერთდა, როგორც რესპუბლიკური პარტიიდან, ასევე დემოკრატიულიდან. მათ შორის არიან სენატორები: კარდინი, ბლუმენტალი, ვიკერი, შაჰინი, პორტმანი და გრემი.
Facebook Forum