ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ქართული გვარები სანქცირებულთა სიაში


“ეს ომი პუტინმა აირჩია. ახლა ის და მისი ქვეყანა შედეგებს მიიღებს“ – 2022 წლის 24 თებერვალს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს იყო პასუხი რუსეთის მიერ, უკრაინაში ხელმეორე შეჭრასა და სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული ომის წამოწყებაზე. შეერთებული შტატების ლიდერობით, დასავლეთმა და სხვა მოკავშირეებმა მოსკოვს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა. სანქციები მოიცავს რუსეთის სახელმწიფო, საბანკო-საფინანსო, სტრატეგიული მნიშვნელობის ინსტიტუტებს და ასევე კრემლთან დაკავშირებულ პირებს.

„ატლანტიკური საბჭოს“ მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილია სრული სურათი, თუ რა ტიპის სანქციებია დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, როგორ მუშაობს ისინი და რა გავლენა აქვს მათ რუსეთის ეკონომიკაზე.

რუსეთი - მსოფლიოს ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყანა

„ატლანტიკური საბჭოს“ მონაცემთა ბაზა მოიცავს 2014 წლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 12 900 სამიზნეს. მათი 75% ინდივიდუალური პირია, 25% დაწესებულებები.

კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, სანქცირებული 1 973 დაწესებულებიდან, 1 009 მხოლოდ აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული. შეერთებულ შტატებს, რუსეთის წინააღმდეგ 3 126 სანქცია აქვს დაწესებული - ეს სანქციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან შეერთებული შტატები არის ერთადერთი იურისდიქცია, რომელსაც რუსული 158 გემი და 22 თვითმფრინავი აქვს დასანქცირებული.

ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) სანქციების სამიზნე არიან ფასილიტატორები, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან აცილების საშუალებას აძლევენ. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 54 სუბიექტსა და ფიზიკურ პირს, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების გლობალური ქსელის ნაწილი არიან.

სანქციების გავლენა რუსულ ეკონომიკაზე

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებისთანავე, რუსეთმა საკუთარი ეკონომიკის მთავარი ინდიკატორების მონაცემები გაასაიდუმლოვა და ამის მიზეზად დასავლეთის სანქციებისგან დაცვა დაასახელა. „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევაში ნათქვამია, რომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რუსი ეკონომისტებიც კი არ არიან დარწმუნებული, როგორ მუშაობს რუსული ეკონომიკა. ამ ფონზე, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი, ელვირა ნაბიულინა მონაცემების გასაჯაროვებას ითხოვს. „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ამან პუტინის მტკიცებას, დასავლეთის სანქციების წინაშე რუსეთის გამძლეობის შესახებ, შესაძლოა „ცივი წყალი გადაასხას.“

ჯერ კიდევ საჯაროდ ხელმისაწვდომ სტატისტიკაზე დაყრდნობით, მკვლევარებმა წარმოადგინეს სფეროები, რომლებზეც სანქციებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

  • დეფიციტი რუსეთის ბიუჯეტში
  • ნაკლებად დივერსიფიცირებული ენერგოექსპორტი
  • სამრეწველო წარმოების მკვეთრი ვარდნა

„ატლანტიკური საბჭოს“ გეოეკონომიკური ცენტრის დაკვირვებით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, მოსკოვს შემოსავლებზე წვდომას უზღუდავს და რუსეთის ბიუჯეტს დეფიციტს უქმნის. ცენტრის დაკვირვებით, რუსეთის ბიუჯეტის შევსებას "გაზპრომის" რეკორდულ მოგებაზე ერთჯერადი გადასახადი დაეხმარა. თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 2023 წელს, მოსკოვს ამის შესაძლებლობა შეიძლება აღარ ჰქონდეს.

კვლევის მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის თებერვალში, ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მოსკოვისთვის 46 პროცენტით შემცირდა. მკვლევრების პროგნოზით, შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში დაბალი იქნება და ეს იმის გათვალისწინებით, რომ თებერვალშივე, დიდი შვიდეულის ლიდერებმა ფასის რიგით მეორე ლიმიტი დააწესეს ამჯერად, რუსეთის ნავთობპროდუქტებზე, რომელიც ბარელს ნედლ ნავთობზე, ფასის $60-მდე შემცირებას გულისხმობს. მკვლევრების დასკვნით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბიუჯეტის 40 პროცენტს სწორედ ენერგეტიკული შემოსავლები ავსებს, 2023 წელს მოსკოვს მოუწევს, უკრაინის წინააღმდეგ ომში ან ნაკლები დახარჯოს, ან ომისთვის სახსრები სოციალური პროგრამებიდან გადაამისამართოს.

სანქციების კიდევ ერთი ეფექტი, რუსული ენერგოექსპორტის ახლა უკვე უფრო ნაკლებ დივერსიფიცირებაა. უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრისა და არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, რუსეთი უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე. კვლევის მიხედვით, 2021 წელს, რუსული ნავთობის ექსპორტის ძირითადი მიმართულება ევროპა იყო, 2023 წელს კი სურათი სულ სხვაგვარად გამოიყურება. ახლა, რუსული ნავთობის ექსპორტის 57% ჩინეთსა და ინდოეთში მიდის, რაც ამ ორ ბაზარზე რყევების მიმართ რუსეთს დაუცველს ხდის. ამასთან, რუსეთს ახლა ნაკლები რესურსი აქვს ფასზე მოლაპარაკებები აწარმოოს, რადგან სანქციებით გათვალისწინებული ფასის ლიმიტი, მყიდველებს ფასის მოლაპარაკებისთვის მეტ ბერკეტს აძლევს. გარდა ამისა, მკვლევრების დათვლით, ნავთობის უფრო შორ ბაზრებზე ტრანსპორტირების ღირებულება რუსეთის მოგებას კიდევ უფრო ამცირებს.

გასული წლის დეკემბრისთვის, პანდემიის შემდეგ, რუსეთმა ინდუსტრიული წარმოების ყველაზე მკვეთრი წლიური ვარდნა განიცადა. კვლევის მიხედვით, წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, საავტომობილო და შრომის ინტენსიურ ინდუსტრიებში დაფიქსირდა. ეს ის სფეროებია, რომლებიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლური კომპანიების მოწინავე რესურსებზე. ანალიტიკოსების პროგნოზით, ეს პრობლემა რუსეთისთვის მხოლოდ გაუარესდება. მიზეზთა შორის კი სამხედრო მობილიზაცია და ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოქალაქეების გადინებაა, რაც მუშახელის დეფიციტს კიდევ უფრო გაამწვავებს.

თუმცა, დაკვირვება აჩვენებს, რომ გასულ წელს ყველა ინდუსტრია ცუდად არ მუშაობდა. იარაღის, ბომბებისა და საბრძოლო მასალის წარმოება 7 პროცენტით გაიზარდა, რაც მთლიანად იყო განპირობებული ბრძოლის ველზე იარაღის საჭიროებით. სამხედრო წარმოებისთვის რუსეთს ჩიპები, ნახევარგამტარი კომპონენტები და ნედლეული სჭირდება, როგორიც არის ლითიუმი.

გეოეკონომიკური ცენტრი ამბობს, რომ დასავლური ექსპორტის კონტროლი, რუსეთში ამ ტექნოლოგიების ნაკადის შეზღუდვას ითვალისწინებს. კვლევა პასუხობს კითხვას, როგორ არის შესაძლებელი, ამგვარი შეზღუდვის მიუხედავად, რუსეთში სამხედრო წარმოება გაზრდილიყო - „ახლა უკვე ნათელია, რომ რუსეთი სანქციებს მათზე გვერდის ავლით არღვევს.“

სანქციები ფინანსური ფასილიტატორების წინააღმდეგ

დიდი შვიდეულის ქვეყნები აძლიერებენ შემზღუდველ ძალისხმევას მათ მიმართ, ვინც მოსკოვს საშუალებას მისცემს, თავი აარიდოს მრავალმხრივ გლობალურ სანქციებს. G7-ის მოკავშირეებმა, მარტში ფინანსური ინსტიტუტებისთვის განკუთვნილი ბიულეტენი გამოაქვეყნეს, რომელშიც აღწერილია რუსეთის მიერ, სანქციების თავიდან არიდების სახეები.

„ატლანტიკური საბჭო“ მიიჩნევს, სანქციების აღსრულებისთვის, ასევე რუსეთის მიერ, სანქციების თავიდან არიდების წინაღმდეგ საბრძოლველად, დიდი შვიდეულის ძალისხმევა ნათელს ხდის დანაშაულის გლობალურ ბუნებას. ამასთან, გლობალური საჯარო და კერძო სექტორის რეაგირების აუცილებლობას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ძალისხმევის ფოკუსირება იურისდიქციებზე, სადაც ფინანსური ფასილიტატორები და სანქციების თავიდან აცილების ხელშემწყობები მოქმედებენ, კარგი პირველი ნაბიჯია. თუმცა, სვამს კითხვას, რამდენად შორს წასავლელად არიან მზად დიდი შვიდეულის მოკავშირეები, საკუთარ იურისდიქციებში, სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ ბრძოლაში?

ქართული წარმომავლობის გვარები სანქცირებულთა შორის

2014 წლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების იმ ნაწილში, რომლებიც ინდივიდუალურ პირებს ეხება, ქართული წარმომავლობის, სულ მცირე, ოთხი გვარი იძებნება.

„ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი, მაია ნიკოლაძე „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ქართული გვარები, რომლებიც „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ მომზადებულ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბაზაში გხვდება, ეკუთვნის პირებს, რომლებიც დიდი ალბათობით რუსეთის მოქალაქეები არიან და საქართველოსთან კავშირი არ აქვთ“.

ვინ არიან ისინი?

  • დიმიტრი ვლადიმირის ძე ძინიკაშვილი - ნიკოლაძის ინფორმაციით, ძინიკაშვილი აშშ-ის მიერაა სანქცირებული, - „ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი მიზეზად ასახელებს ძინიკაშვილის ჩართულობას სანქცირებულ რუსულ ორგანიზაციაში “დონბასის მოხალისეების გაერთიანება” (Interregional Social Organization Union of Donbas Volunteers). ეს ორგანიზაცია 14 000 ვეტერანს აერთიანებს, რომლებიც 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ. 2022-ში “მოხალისეებმა” აქტიურად დაიწყეს თანამშრომლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და უკრაინული სამხედრო ერთეულების წინააღმდეგ ოპერაციებში“ - ამბობს ნიკოლაძე.
  • მაქსიმ გენადის ძე ქავჟარაძე - „ქავჟარაძე არის რუსეთის მოქალაქე და რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი. 2022 წელს, ამერიკამ სანქციები დაუწესა ფედერალური საბჭოს ყველა წევრს, მათ შორის, ქავჟარაძესაც. საბჭოს სანქცირების მიზეზი იყო ის, რომ ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი 2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრას“ - ამბობს ნიკოლაძე.
  • დიმიტრი მურთაზის ძე ჭურაძე - პლატფორმა „ღია სანქციების“ მონაცემებით, ჭურაძე უკრაინაში, დონეცკის რეგიონშია დაბადებული და არალეგიტიმური, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული და მის მიერვე ოკუპირებული ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „სახალხო საბჭოს“ წევრია. პლატფორმა „ომი და სანქციების“ მონაცემებით, „ის ჩართულია ან იყო ჩართული პოლიტიკაში და/ან ქმედებებში, რომლებიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას და/ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
  • გრიგორ ვიქტორის ძე ლეფსვერიძე, იგივე „ლეპსი“ - ლეფსვერიძე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში 2013 წლის 30 ოქტომბრიდან ჩნდება. დეპარტამენტის ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ის ტრანსნაციონალური დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან არის კავშირში.

პუტინი მარკ ტვენს დაესესხა

ვლადიმირ პუტინი, საკუთარ საჯარო გამოსვლებში, მუდამ ცდილობს ხაზი გაუსვას რუსული ეკონომიკის გამძლეობას, დასავლური სანქციების წინაშე. გასულ თვეში, პუტინმა ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა და მათ მოუწოდა ოფშორების ნაცვლად, ინვესტიციები საკუთარი სამშობლოს ეკონომიკაში ჩადონ.

„დასავლეთში რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას უსასრულოდ ელიან. ისინი ცდილობენ საკუთარი თავი და ჩვენი პარტნიორები დაარწმუნონ, რომ ეს მოხდება. მაგრამ, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ცნობილ ამერიკელ მწერალს, რომელმაც თქვა, რომ ჭორები მისი გარდაცვალების შესახებ ძალიან გაზვიადებულია, იგივეა ჩვენი ეკონომიკის შესახებაც“ - მარკ ტვენის ციტირებით, ვლადიმირ პუტინმა, საკუთარი გზავნილის გამყარება სცადა და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომი მიმდინარეობს.

თუმცა, ამ განცხადებიდან მალევე, რუსეთის პრეზიდენტისგან საწინააღმდეგოს აღიარება მოვისმინეთ. “არალეგიტიმურმა შეზღუდვებმა, რომლებიც რუსულ ეკონომიკაზეა დაწესებული, საშუალოვადიან პერსპექტივაში, მასზე შეიძლება მართლაც უარყოფითი გავლენა მოახდინოს“ - თქვა მან.

გადაჭარბებულია თუ არა ხმები რუსეთის ეკონომიკის კოლაფსის შესახებ, ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს უფრო რთული მომავლის მოლოდინი აქვს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG