ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად იარაღის წარმოების სუბსიდირებას გეგმავს


ევროკავშირს სურს 500 მილიონ ევროზე მეტი იარაღის წარმოებისთვის გამოყოს. ამით კი უკრაინას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მიღებული იარაღის და ამუნიციის მარაგების შევსებაში დაეხმაროს.

ახალი გეგმის თანახმად, რომელიც ევროკომისიამ ოთხშაბათს წარადგინა, ევროკავშირი იარაღის მწარმოებელ ევროპულ კომპანიებს ინვესტიციებისა და წარმოების გაზრდისთვის სუბსიდიებს მისცემს.

"როცა საუბარი თავდაცვას შეეხება, ჩვენი ინდუსტრია ახლა ომის ეკონომიკის რეჟიმზე უნდა გადავიდეს", - განაცხადა ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა თიერი ბრეტონმა ოფიციალურ განცხადებამდე გამოქვეყნებულ წერილში.

სანამ ამოქმედდება, ეს გეგმა ევროკავშირის მთავრობებმა და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ. ეს სქემა მესამე ნაწილია ევროკავშირის იმ ფართო ძალისხმევისა, რომელიც უკრაინისთვის მეტი იარაღისა და ამუნიციის მიწოდებას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების მხრივ, რომელიც კიევს კრიტიკულად სჭირდება.

უკრაინისთვის 12 თვის განმავლობაში წევრი ქვეყნების მიერ 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის მისაწოდებლად, ევროკავშირში უკვე შეთანხმდნენ 1 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. დამატებით კიდევ ერთი მილიარდი ევრო ამგვარი ამუნიციის შესყიდვებისთვისაა გამოყოფილია. თუმცა მისი ამოქმედებაც ჯერჯერობით იმ დისკუსიებმა შეაყოვნა, თუ რა ნაწილის წარმოება უნდა მოხდეს ევროპაში და რა ნაწილის - მის საზღვრებს მიღმა.

ბოლო ინიციატივა იარაღის მწარმოებელი კომპანიებისთვის წამახალისებელ ზომებსაც მოიცავს. ეევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 500 მილიონი იმ პროექტების ნაწილობრივ დაფინანსებას მოხმარდება, რომელთა შედეგადაც წარმოება დაჩქარდება და მისი მოცულობა გაიზრდება.

ბრეტონმა თქვა, რომ ევროკავშირს იარაღის წარმოების სერიოზული ინდუსტრიული ბაზა აქვს, მაგრამ ის ახლა არ პასუხობს დღევანდელი უსაფრთხოების საჭიროებებს უკრაინისა და წევრი სახელმწიფოებისთვის. სწორედ ამიტომ მისი თქმით, ამ ინდუსტრიის გამოცოცხლება და საჭიროებების შესაბამისად ადაპტირებაა აუცილებელი.

XS
SM
MD
LG