ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი: ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად რუსულმა ძალებმა რამდენიმე პოზიცია დატოვა


უკრაინულმა ქვედანაყოფებმა, მძიმე ბრძოლების ფონზე, ბახმუტის ზოგიერთი პოზიციიდან რუსული ძალები განდევნა - განცხადება ამის შესახებ, უკრაინელმა გენერალმა გააკეთა.

„ვითარება [ბახმუტში] საკმაოდ რთულია“ - ამბობს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი, „ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში.

„ამასთან ერთად, ქალაქის გარკვეულ რაიონებში, ჩვენი ქვედანაყოფების მხრიდან, მტერზე კონტრშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც მტერმა რამდენიმე პოზიცია დატოვა“ - აცხადებს სირსკი.

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქისთვის ათთვიანმა ბრძოლამ, ორივე მხარისთვის სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. სწორედ ბახმუტი გახდა ომის საყრდენი წერტილი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი და არაპროვოცირებული ომი, 2022 წლის ბოლოდან, ფრონტის ხაზში მცირე ცვლილებას განიცდის და ახლა ორივე მხარე გარღვევის გზებს ეძებს.

ორშაბათს ღამით, რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა ათობით სახლი და სხვა დანიშნულების შენობები.

მსხვერპლი რუსულ ძალებში

თეთრმა სახლმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ამოწურა საკუთარი სამხედრო მარაგი და ძალა. თეთრი სახლის მონაცემებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, 100 000 - ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა, ან დაიჭრა. დაღუპული 20 000 დან ნახევარი კი, „ვაგნერის ჯგუფის“ წევრი იყო.

დაქირავებულ მებრძოლთა კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი „ტელეგრამზე“ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ბახმუტზე თავდასხმისთვის, მის მებრძოლებს დღეში დაახლოებით 300 ტონა საარტილერიო ჭურვი სჭირდებათ, თუმცა ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარს იღებენ.

„დღეში 300 ტონა, 10 სატვირთო კონტეინერია - სულაც არ არის ბევრი“ - ამბობს პრიგოჟინი, რომელიც ხშირად უპირისპირდება რუსეთის თავდაცვის უწყებებს.

ორშაბათსვე, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა ბახმუტში, დაახლოებით 120 მეტრით წაიწია წინ და ამ პროცესში 86 მებრძოლი დაკარგა.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ამბობს, რომ ბახმუტში საბრძოლველად, მუდმივად ემატება ახალი რუსული შენაერთები და ეს იმ ფონზე, როცა რუსული ძალები მნიშვნელოვან მსხვერპლს განიცდის. „მაგრამ, მტერი ვერ ახერხებს ქალაქზე კონტროლის მოპოვებას“ - ამბობს სირსკი.

კვირას უკრაინამ განაცხადა, რომ რთული ვითარების მოუხედავად, ბახმუტის დამცველების საკვებით, საბრძოლო მასალითა და მედიკამენტებით მომარაგება კვლავ შესაძლებელია.

მოსალოდნლია, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც რუსულმა ძალებმა 15 თვის განმავლობაში წარმოებული აგრესიული ომის შედეგად დაიკავა, კიევი მალე კონტრშეტევას დაიწყებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG