კოპენჰაგენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა სამოქალაქო პირები, როგორიცაა ბიზნესმენები და ჟურნალისტები, ჯაშუშებად გამოიყენოს. კრემლი იმ დიპლომატების ჩანაცვლებას ცდილობს, რომლებიც შპიონაჟის ბრალდებით, დანიიდან გაძევებულნი არიან - ნათქვამია ოფიციალური კოპენჰაგენის ანგარიშში, რომელიც სამშაბათს, 2 მაისს გამოქვეყნდა.
გასულ წელს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და მეზობელ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის დაზვერვის ფოკუსში ნატოს წევრი ქვეყნებია, საიდანაც მოსკოვს სადაზვერვო ინფორმაცია მეტად სჭირდება. ბალტიის ზღვაზე გასასვლელის კონტროლის გამო, დანია მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ითამაშებს რუსეთთან პოტენციური სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში - ამბობს დანიის უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურის ანგარიში.
კოპენჰაგენში მდებარე რუსეთის საელჩოს ჯერჯერობით დანიაში გამოქვეყნებულ ანგარიშზე საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია. აქამდე კომენტარზე საელჩომ არც "როიტერის" თხოვნას უპასუხა.
გასული წლის აპრილში, დანიამ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატი გააძევა. მსგავსი ნაბიჯი ევროპის კავშირის არაერთ სახელმწიფოში გადაიდგა. ამან რუსეთის საჯაშუშო შესაძლებლობები შეზღუდა, "თუმცა რუსეთის საჭიროებები დანიიდან ინფორმაციის მოპოვების მიმართულებით გაიზარდა... შესაბამისად, დანიის უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახური მოელის, რომ რუსეთი, დაზვერვის მიზნით, სხვა გზების გამოყენებას შეეცდება" - აცხადებს კოპენჰაგენი.
სავარაუდოდ, მოსკოვი "დაზვერვის ოფიცრებს დანიაში დიპლომატიური წარმომადგენლობების მიღმა განალაგებს, მაგალითად, როგორც ჟურნალისტებს და ბიზნესის ხალხს". კოპენჰაგენი აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურები ასევე გაზრდიან დანიელთა ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა გადაბირების მცდელობებსაც. ამას გარდა, ინფორმაციის მოსაპოვებლად, მოსკოვი სავარაუდოდ, სხვა მეთოდებსაც გამოიყენებს, როგორიცაა ელექტრონული ხერხები, კიბერ-შპიონაჟი და ა.შ.
Facebook Forum