ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა 4 ამერიკელს და 3 რუსს წაუყენა ბრალი რუსეთის ინტერესების შესაბამისად, "შეერთებულ შტატებში მრავალწლიანი მავნე გავლენის კამპანიის წარმოებისთვის". ფლორიდის შტატში მცხოვრები ეჭვმიტანილების ბრალეულობის შესახებ განცხადება სამშაბათს გაკეთდა.
საბრალდებო დოკუმენტებში დასახელებულია მოსკოვში მცხოვრები ალექსანდრ ივანოვი და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცრები: ალექსეი სუხოდოლოვი იგორ პოპოვი. ივანოვს თავდაპირველად ივლისში, ამერიკის არჩევნებში ჩარევის ორგანიზების გამო წაუყენეს ბრალი. ის ამისთვის ფლორიდის, ჯორჯიის და კალიფორნიის შტატების პოლიტიკურ ჯგუფებს იყენებდა.
ივანოვი ბრალს არ აღიარებს და მას "სისულელეს" უწოდებს. ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
რაც შეეხება ფლორიდაში მცხოვრებ 4 ამერიკელ ეჭვმიტანილს, ისინი განცხადების თანახმად, ივანოვმა გადაიბირა. ამერიკელები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში იყვნენ გაწევრიანებულნი. ბრალდების მიხედვით, ივანოვი მათ ავალებდა "გავლენის კამპანიაში მონაწილეობას და შეერთებულ შტატებში რუსეთის აგენტებად მოქმედებას".
ბრალდებულებს შორის კიდევ ერთი ადამიანია დასახელებული - რუსეთის მოქალაქე ნატალია ბურლინოვა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი მას "რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერთან ერთად მოწყობილ შეთქმულებაში" სდებს ბრალს. დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, ბურლინოვა მოქმედებდა, როგორც "რუსეთის უკანონო აგენტი შეერთებულ შტატებში" და ცდილობდა "რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის" გადაებირებინა ამერიკელი მეცნიერები.
Facebook Forum