უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და ერთ-ერთი ბიზნესმენი რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
უსაფრთხოების სამსახური არ ასახელებს დაკავებულთა ვინაობას, თუმცა ამბობს, რომ ერთი მათგანი მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს მაღალჩინოსანია, მეორე კი ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარე და ბიზნესის ლობისტი. სამსახურის ცნობით, ჩატარდა მრავალეტაპიანი სპეციალური ოპერაცია იმისთვის, რომ სავარაუდო ჯაშუშთა წრე გაუვნებელყოფილიყო.
"შედეგად, კიევში მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს დეპარტამენტის უფროსი და ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავაკავეთ", - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. "ეს ოფიციალური პირები დაზვერვის ზოგიერთ ინფორმაციას მტერს გადასცემდნენ: იქნებოდა ეს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, სახელმწიფო საზღვარზე ვითარება თუ უკრაინელი სამართალდამცავების პირადი ინფორმცია".
რუსულ მხარეს უკრაინის უშიშროების უწყების ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ეჭვმიტანილებს რუსეთი სავარაუდოდ თითოეულ დავალებაში 2000-დან 15 000 $-მდე უხდიდა - საიდუმლო ინფორმაციის კონფიდენციალობისა და მნიშვნელობის მიხედვით. გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ეჭვმიტანილები დანაშაულს აღიარებენ, ერთ-ერთი ამბობს, რომ სულ 33 000 $ მიიღო, მეორე კი - 27 000$-ზე საუბრობს. ერთი მათგანის თქმით, რუსეთთან 2016 წლიდან თანამშრომლობდა, მეორე კი - 2019 წლიდან.