გაეროს ინიციატივით, ლტოლვილთა მსოფლიო დღე 2000 წლიდან 20 ივნისს აღინიშნება. თბილისში, ბოტანიკურ ბაღში გუშინ სოლიდარობის მარში გაიმართა, რომელსაც გაეროს ლტოლვილთა სააგენტო მასპინძლობდა.
კემლინ ფურლი, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო არის ის ადგილი, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლით თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. აქვე, სტუმრად მოწვეულმა ანდრეი კასიანოვმა, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მადლობა გადაიხადა ქართველი ხალხის უკრაინელი ლტოლვილებისადმი გულთბილი დამოკიდებულების გამო.
საქართველო, რუსული აგრესიის გამო, დევნილების რამდენიმე ტალღის პირისპირ აღმოჩნდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი ჯერ ცხინვალის რეგიონში, შემდეგ აფხაზეთში. 90-იანი წლების დასაწყისსა და დასასრულს, საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულ ადამიანებს 2008 წელს, რუსეთთან ომის გამო დევნილები დაემატა. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 280 ათას ადამიანამდეა დევნილის სტატუსის მატარებელი.
დევნილთა ისტორიები სავსეა ტკივილითა და სირთულეებით, რაც თითოეული მათგანი ცხოვრებას ამოუშლელ კვალად გასდევს.
მაია მეშვილდიშვილი 9 წლის იყო, როდესაც მშობლიური ცხინვალის დატოვება მოუხდა. ძმებთან და ბიძაშვილებთან ერთად, ის ბაკურიანში, მამიდასთან გახიზნეს. „ჩვენ ძალიან გვიხაროდა, რომ ჩაგვსვეს მანქანაში და ბაკურიანში, მამიდასთან გაგვგზავნეს. იმ დროს არანაირ დაძაბულობას არ ვგრძნობდით და არც ეთნიკური უთანხმოების ვიცოდით რამე. ოსები და ქართველები ერთად ვთამაშობდით. როცა მოგვინდებოდა ოსურად ველაპარაკებოდით ერთმანეთს, როცა მოგვინდებოდა, ქართულად. ერთი ის მახსოვს, მამაჩემი რომ შემოვარდა სახლში. ყვიროდა, „აირია, აირია, ფანჯრებთან არ მიხვიდეთო,“- ამბობს მაია. მისი მეხსიერების სიღრმეში შერჩენილია მომენტიც, როცა ქუჩებში ხმაური იყო. „ხალხი ყვიროდა „ირისთონ, ირისთონ“ [ოსეთის სახელი ოსურ ენაზე], ჩვენ ბავშვებმა, მე და ჩემმა ბიძაშვილებმაც გამოვაღეთ ფანჯარა და ჩვენც მასე დავიწყეთ ყვირილი. იმ დროს ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო იმის გაგება, რომ ჩვენ ოსებთან რაიმე პრობლემა შეიძლებოდა გვქონოდა“,- იხსენებს მაია.
მაია მეშვილდიშვილის ოჯახი იძულებული გახდა ცხინვალიდან გამოქცეულიყო. „გორში არაფერი არ გვქონდა. ცხინვალში ოთხი სახლი დავკარგეთ. ორი კერძო, ორი კორპუსის. მახსოვს ჩვენი, ბავშვების სიხარული, როდესაც მამაჩემი სადღაც მთაში წავიდა, ორი კოვზი და ქვაბი იპოვა, დედაჩემმა გახეხა შემდეგ ის ქვაბი და ჩვენ, სახლში, კოვზები და ქვაბი გვქონდა“.
დევნილობის 18 წლის შემდეგ, მაიას ოჯახმა სახელმწიფოსგან ბინა მიიღო. ის ახლა გორში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს. რომ არა რუსეთის ფაქტორი, ცხინვალში არეულობა, ის თავის ცხოვრებას მშვიდად გააგრძელებდა მშობლიურ ქალაქში, სადაც ყველაფერი ჰქონდა. „აქ რომ ჩამოვედით, ყველაფერი ხელახლა დავიწყეთ. საერთოდ არაფერი გაგვაჩნდა იმ დროს, როდესაც ცხინვალში არაფერი გვაკლდა. ჩვენი ცხოვრება რომ ამ პოლიტიკური არეულობის გარეშე გაგრძელებულიყო, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდით წასული“,- გვეუბნება მაია დანანებით. ამდენი წლის გადასახედიდან, მას არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა შეიძლებოდა ქცეულიყო ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის ხელშემშლელი პირობა, რუსეთის ფაქტორს რომ არ ეარსება.
მაია ცხინვალელ ოსებს შეხვდა სხვა ქვეყანაში, როდესაც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დიალოგის ფორმატის მგვალი მაგიდა მოაწყო. „მათგან მხოლოდ სითბო და სიყვარულით სავსე თვალები გამომყვა. როდესაც ვუთხარი, ვისი შვილი და შვილიშვილი ვიყავი, ყველა იხსენებდა, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათთან, რამხელა სიკეთე ახსოვდათ... მხოლოდ სიტყვიერად კი არა, ისეც მეხუტებოდნენ და მაქსიმალურ სითბოს გამოხატავდნენ. რატომ არ უნდა ვიყოთ ერთად? ხომ ვცხოვრობდით გვერდიგვერდ და ვიყავით ბედნიერები?“- კითხულობს მაია.
მის მეხსიერებაში ერთი ფაქტიც მკვეთრადაა ჩარჩენილი. მაშინ, როდესაც მამიდასთან, ბაკურიანში გაგზავნეს, როდესაც ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ უკვე დევნილი იყო, მამიდამ მუსიკალურ სკოლაში წაიყვანა. იქ, სადაც მუშაობდა. „აბა, ვინ იმღერებსო, გვკითხეს ამ სკოლაში. ჩვენ, მე ჩემმა ძმამ, ჩემმა ბიძაშვილებმა ავიწიეთ ხელი და სიმღერა ოსურ ენაზე შევასრულეთ. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ოსებთან რაიმე პრობლემა გვქონდა. ახლაც მიჭირს დაჯერება იმის, რომ ჩვენს შორის არის პრობლემა,“- გვეუბნება მაია.
მარინა მამასახლისი აფხაზეთიდან დევნილია. გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში, რომელიც ოჩამჩირესა და გალს შორის მდებარეობს, 1992 წელს მან ახლად აშენებული სახლი დატოვა და ზუგდიდის მიმართულებით გაიქცა. „ყველაფერს ცეცხლი ეკიდა ირგვლივ. ტყვიებით ცა გაწითლებული იყო. მე მაშინ 30 წლის ვიყავი, შვილები 10 და 12 წლის მყავდა. ღამის 12 საათზე გამოვიქეცით, რომ გადავრჩენილიყავით ცოცხლები. ერთი ურიკით წამოვიღეთ საბანი და ბალიში, ბავშვს რომ ძილი მოსდომებოდა, ამის გამო. ენგურის ხიდამდე ფეხით ვიარეთ. ვირბინეთ, უფრო სწორად და გადმოვასწარით, გადავრჩით“,- გვეუბნება მარინა.
მარინას ოჯახი, სახლიდან გამოქცევის შემდეგ, ჯერ ზუგდიდში გაჩერდა, შემდეგ კი რუსეთში წავიდა საცხოვრებლად. 5 წელი ის მაქსიმუმი იყო, რაც მათ რუსეთში გაძლეს. შემდეგ, საქართველოში დაბრუნდნენ და გორის მუნიციპალიტეტში, იქ, სადაც ნათესავები ეგულებოდათ, ადგილობრივ გამგეობას თავშესაფარი სთხოვეს. დევნილების ოჯახი კარალეთში, პოლიკლინიკის შენობაში შეასახლეს. 2018 წელს მარინამ, როგორც დევნილმა, სახელმწიფოსგან ორ ოთახიანი ბინა გორში მიიღო.
განვლილ წლებს და იმ ამბებს როდესაც იხსენებს, რის გამოც მარინას ოჯახი დევნილად იქცა, კონკრეტული მიზეზების დასახელება უჭირს. ამბობს, რომ ურთიერთობისას პრობლემა არ ჰქონია აფხაზებსა და რუსებთან იმ პერიოდში, სანამ აფხაზეთში ცხოვრობდა. „მე არ მსაყვედურობდნენ ჩემი ქართველობის გამო. არ მახსენდება, თუ ასეთი რამ იყო“,- ამბობს მარინა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც სახლებიდან გამოქცეულებს უკვე დევნილები ერქვათ და გადაადგილებაზეც პრობლემები იქმნებოდა, ასეთი ფაქტები გაჩნდა.
აფხაზეთი მარინას მშობლებმახ დატოვეს. 4 წელი კარალეთში, ღვინის ქარხანაში იცხოვრეს, თუმცა შემდეგ დაბრუნება გადაწყვიტეს. მარინა, ზოგჯერ ახერხებდა მათ მონახულებას აფხაზეთში, რაშიც ის რუსული პასპოტი ეხმარებოდა, ჯერ კიდევ აფხაზეთში ყოფინისას რომ აეღო. ერთ-ერთი ჩასვლის დროსაც, 2000 წელს, მისი თქმით აფხაზებმა რუსული პასპორტი ჩამოართვეს, რადგან ის ქართველი იყო და აღარ დაუბრუნეს.
„დედაჩემი ცუდად იყო და მე მის მოსავლელად წავედი აფხაზეთში. სახლში რომ შევედი, ნახევარ საათში მანქანით მოვიდა სამი აფხაზი ბიჭი. ჯერ მკითხეს, როგორ შემოხვედიო. მე არ დამიმალია, ვუთხარი, შემოვლითი გზით შემოვედი - მეთქი. მომთხოვეს პასპორტი და მითხრეს, პასპორტს თუ არ მოგვცემ, უნდა წაგიყვანოთ და ციხეში ჩაგსვათ, როგორც საზღვრის დამრღვევი, სხვა გზა არ გვექნებაო. მე პასპორტი მივეცი, რაც, რა თქმა უნდა, აღარ დაუბრუნებიათ და ისევ შემოვლითი გზით გამოვიპარე. მას შემდეგ, ვერც ჩემს სახლში და ვერც ჩემი მშობლების სახლში დაბრუნება ვეღარ შევძელი. დედაჩემი იმავე წელს გარდაიცვალა,“- გვეუბნება მარინა.
მარინა მამასახლისი დედის დაკრძალვას ვერ დაესწრო. მისი საფლავი აფხაზეთშია. მამა კი ქუთაისში დაკრძალეს, რადგან მის გადასვენებაზე აფხაზეთში უარი უთხრეს.
მარინას სახლი სოფელ აჩიგვარაში დამწვარია. „რუსეთში რომ ვიყავით, ჩემმა ქმარმა მითხრა, არ ინერვიულო, რა აზრი აქვს ნერვიულობას, მაგრამ უნდა გითხრა, რომ ჩვენი სახლი დაწვეს, ცეცხლი სამ დღეს ეკიდაო. რამდენიმე თვე იყო, რაც მაგ სახლში გადავედით, ვარემონტებდით, ხის მასალა გვქონდა შეტანილი, რადგან კედლები ხით უნდა შეგვეფუთა. ამიტომ იწვოდა ამდენ ხანს,“- გვუბნება მარინა.
მარინა მამასახლისი ოჯახი ვერც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გადაურჩა. აფხაზეთის დატოვების შემდეგ მისი ძმა უკრაინაში, ხარკივში დასახლდა. ხოლო ახლა მეორედ იქცა დევნილად.
„გუშინწინ ვლაპარაკობდით, მეუბნებოდა, გაგიგია, ასეთი რამ, უკვე მეორედ ვარ დევნილიო. მე ვუთხარი, მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, არ ინერვიულო-მეთქი. ისეთი ვითარებაა, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლის, ძალა არ აქვს. რუსეთს ჯერ აფხაზეთიდან გაექცა, ახლა რუსეთი უკრაინაში დაეწია,“- ამბობს მარინა.
2022 წელი მსოფლიოში იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობის მხრივ გამორჩეულია. ომმა უკრაინაში ლტოლვილთა რიცხვის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახადა. გაეროს მონაცემებით, საკუთარი სახლი 13-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა. 8 მილიონი ქვეყნის შიგნით იქცა იძულებით გადაადგილებულად, ხოლო 5-მა მილიონმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი.