შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე და მხარეებს დოკუმენტზე ხელმოწერისაკენ მოუწოდებს.
„შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
„ეს ორივე ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, ათწლეულების წინანდელი კონფლიქტიდან ახალი ფურცელი გადაშალონ - მშვიდობიანი სამყაროს შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.
„ახლა დადგა დრო, რომ ვიზრუნოთ მშვიდობაზე, ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას და მოხდეს მისი რატიფიცირება, და შევაბიჯოთ სამხრეთ კავკასიის ხალხის კეთილდღეობის ახალ ერაში“, - აცხადებს მარკო რუბიო.
ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის შემდეგ, 2025 წლის 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე. ჯერჯერობით მხარეებს დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერიათ.
"რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახური იუწყება, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. მოგვიანებით ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებამაც დაადასტურა.
მინისტრმა ბაირამოვმა განაცხადა ისიც, რომ სომხეთი დაეთანხმა აზერბაიჯანის იმ შეთავაზებას, რაზეც აქამდე თავს იკავებდა, - სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებას.
სომხეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ დაეთანხმა ორ აქამდე შეუთანხმებელ დებულებასაც, - მათ შორისაა კონსტიტუციის ცვლილებაც.
შეთანხმება, არაერთი მედიის ცნობით, არ მოიცავს „ზანგეზურის დერეფნის“ მოთხოვნას - რაც ბაქოს მოთხოვნებს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და რასაც სომხეთი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა.
დოკუმენტის სახელწოდებაა „შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“.