ორმა ამერიკელმა, რომლებიც უკრაინაში დააკავეს უკრაინელთა მხარეს ბრძოლის დროს, საფრთხე შეუქმნეს რუს ჯარისკაცებს და მათ საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ - აცხადებს მოსკოვი. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამერიკულ ტელევიზიასთან "ენ-ბი-სი" სხვა დაკავებულ ამერიკელებზეც ისაუბრა.
ინტერვიუში პესკოვმა ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრაინერთან დაკავშირებით თქვა, რომ მას ნარკოტიკულ ნივთიერებთან დაკავშირებული ბრალდება აქვს და ის მძევალი არ არის. გრაინერი რუსეთში 2 თვეზე მეტია დაკავებულია ამერიკაში ნებადართული რეცეპტით გაცემული პრეპარატის ტარებისთვის, რომელსაც რუსეთი უკანონოდ მიიჩნევს.
პეკსოვის კომენტარით რუსეთმა პირველად ხმამაღლა დაადასტურა, რომ უკრაინაში მყოფი ორი ამერიკელი, რომელთა ადგილმდებარეობა დაზუსტებული არ იყო, რუსეთის ტყვეობაშია. ესენი არიან 27 წლის ენდი ჰუინი და 39 წლის ალექსანდერ დრუიკი.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, "ისინი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებას სჩადიოდნენ. ისინი ესროდნენ და ბომბავდნენ ჩვენს სამხედრო პერსონალს. ისინი საფრთხეში აგდებდნენ მათ სიცოცხლეს" - ამბობს პესკოვი. პესკოვის განცხადებით, მათი დანაშაული გარკვევით იკვეთება, რადგან "ისინი უკრაინის არმიაში არ ირიცხებიან. მათ არ ეხება ჟენევის კონვენცია".
ორივე ამერიკელი ალაბამის შტატიდანაა. მათი ამერიკული ოჯახების ცნობით, ისინი უკრაინაში გაემგზავრნენ, რათა იქ მოხალისეებად ებრძოლათ და ბოლო დღეები აღარ ჩანდნენ. გასულ კვირას რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ ისინი რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან.
რუსეთის მიერ დაკავებულ უცხოელ მოხალისეებს შორის ასევეა 2 ბრიტანელი და ერთი მაროკოელი. ისინი რუსების მიერ კონტროლირებულ დონეცკის სეპარატისტულ რეგიონში უკვე გაასამართლეს. კიევი აცხადებს, რომ მებრძოლები უკრაინის არმიას წარმოადგენენ და შესაბამისად, მათ ჟენევის კონვენცია უნდა იცავდეს.
Facebook Forum