ხუთშაბათს, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი რუსული საჯაშუშო ქსელი დაარღვიეს და ცხრა პირი დააკავეს. მინისტრმა თქვა, რომ ჯაშუშები დივერსიებს ამზადებდნენ და უკრაინისკენ მიმავალ რკინიგზის ხაზებს უთვალთვალებდნენ.
„ბოლო დღეებში, შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა ცხრა პირი, რომელიც რუსულ საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი,“ თქვა მარიუშ კამინსკიმ პრეს-კონფერენციაზე.
ეჭვმიტანილები უცხოელები არიან, პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებიდან.
კამინსკიმ თქვა, რომ ექვს დაკავებულს, ბრალი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფში მონაწილეობისთვის წაუყენეს. კიდევ სამი დაკავებულის წინააღმდეგ კი საპროკურორო მოქმედებები გრძელდება.
„შიდა უსაფრთხოების ოფიცრებმა ამოიღეს კამერები, ელექტრონული მოწყობილობა და ასევე GPS გადამცემები, რომლებიც უკრაინის განკუთვნილი დახმარების ტრანსპორტზე უნდა დაემაგრებინათ,“ განაცხადა კამინსკიმ.
მინისტრმა თქვა რომ ჯგუფს ჰქონდა ბრძანება, პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დესტაბილიზაციის მიზნით პროპაგანდისტული საქმიანობა ეწარმოებინა და ამისთვის გასამრჯელო მიიღეს.
ოთხშაბათს, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორ უილიამ ბერნსს შეხვდა. პრეზიდენტის კანცელარიის ცნობით, მათ უსაფრთხოების ვითარებაზე იმსჯელეს.
თებერვალში, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც წლების განმავლობაში პოლონეთში ცხოვრობდა და ბიზნეს საქმიანობას მისდევდა, ბრალი წაუყენეს, რომ 2015 წლიდან 2022 წლის აპრილამდე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რაც მოსკოვსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსი დიპლომატები სავარაუდო ჯაშუშობის გამო გააძევა.