ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყაჩირის კოკაინის საქმე და მისი ფიგურანტები


სურათზე: საბერძნეთმა 2010 წლის ივლისში საქართველოს აცნობა რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი დაკავებული ჰყავთ
სურათზე: საბერძნეთმა 2010 წლის ივლისში საქართველოს აცნობა რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი დაკავებული ჰყავთ

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ორ ლიდერს: მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას კორუფციაში ღიად სდებს ბრალს. ელისაშვილი, რომელსაც შვიდი თვის განმავლობაში (2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე) ეკავა შეწყალების კომისიის თავჯდომარის თანამდებობა, ამტკიცებს რომ უმრავლესობის ორი დეპუტატი მისგან დაჟინებით მოითხოვდა, შეწყალება „კოკაინის საქმეზე“ გასამართლებულ პირებს შეხებოდათ.

ელისაშვილის თქმით, მაღალი თანამდებობის პირმა მას კონფიდენციალურად აცნობა, რომ კობახიძეს და ბესელიას აღებული ჰქონდათ 200 000 დოლარი და კიდევ შვიდჯერ მეტ თანხას მიიღებდნენ, თუ „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირები ციხეს დატოვებდნენ. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მაშინვე მიაწოდა ჯერ პრეზიდენტს, შემდეგ მთავარ პროკურორს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

“კონკრეტული თანამდებობის პირი შემხვდა და მომაწოდა ინფორმაცია, რომ ბესელიას და კობახიძეს ამ საქმესთან დაკავშირებით აღებული ჰქონდათ 200 000 დოლარი და მათ დაპირდნენ, 1 500 000 დოლარს, თუკი ისინი მოახერხებდნენ, შეწყალების გზით, მსაჯვრდებულების გათავისუფლებას“.

„კოკაინის საქმის“ მთავარი ფიგურანტი 47 წლის წყალტუბოელი ბიზნესმენი ნუგზარ ბოჭორიშვილია. რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, იგი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც 90-იან წლებში, სპირტის ბზინესში იყო ჩართული და რუსეთის ტერიტორიაზე გამოსასყიდის მიღების მიზნით, 20-მდე ბიზნესმენის გატაცებაში მონაწილეობდა. მათ შორის, 1998 წელს მოსკოვში, რუსი მილიონერის გიორგი ბრილინგის ვაჟის გატაცებაში.

2000 წელს, რუსეთის მოთხოვნით ბოჭორიშვილი თბილისში დააკავეს, მოსკოვი მის ექსტრადირებას ითხოვდა, თუმცა ბოჭორიშვილმა ბრალდებებს შეთითხნილი უწოდა, სასამართლოს გზით გათავისუფლება მოახერხა და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბოჭორიშვილი საქართველოში დაბრუნდა და 2005 წელს, რესპუბლიკური პარტიის წევრიც გახდა. ცნობილია, რომ პარტია იმ წლებში, თბილისში მდებარე,ბოჭორიშვილის კუთვნილი საბანკეტო დარბაზით „ფაზისით“ ხშირად სარგებლობდა.

იგი ჩართული იყო 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების კამპანიაშიც ოპოზიციის მხრიდან, რა დროსაც მოპარული ავტომანქანის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს და 100 000 დოლარის გადახდის შემდეგ, საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.

2008 წლის ზაფხულში, ბოჭორიშვილმა საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო და მას ავტომატურად შეუწყდა პარტიის წევრობა. პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომლის თავჯდომარეობის დროსაც მიიღეს ბოჭორიშვილი რესპუბლიკურ პარტიაში, დღეს კერძოდ, ამბობს:

„ყველა ეტაპზე ვადასტურებდით ბოჭორიშვილის პარტიის წევრობას 2005-2008 წლებში, ამასთან, არცერთ ეტაპზე, ის პოლიტიკურ დევნილად არ ჩაგვითვლია. არ მოგვითხოვია მისი არც შეწყალება, არც პარლამენტის მიერ, მისი პოლიტპატიმართა სიაში შეყვანა.“

რაც შეეხება „კოკაინის საქმეს“. პროკურატურის ხუთი წლის წინანდელი ვერსიით, ნუგზარ ბოჭორიშვილი საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრია. იგი 2009 წლიდან სამხრეთ ამერიკიდან საქართველოში, ჯართით დატვირთული გემებით, დიდი ოდენობით კოკაინს აგზავნიდა, რომელიც შემდეგ გასაყიდად თურქეთში გადაჰქონდათ. ამ საქმეში ბოჭორიშვილს ჩართული ჰყავდა მისი მეგობარი ქალი ანასტასია ზაუტაშვილი, ბიძაშვილი გიორგი ჩეჩელაშვილი, დის ქმარი მევლუდ სვანიძე, მამიდაშვილის მეუღლე თენგიზ გავაშელიშვილი, ზაუტაშვილის ბიძაშვილი რომა მუსემიანი, კახა სვანიძე და სხვები.

შსს-ს მტკიცებით, ნარკოკარტელს ესპანეთში მცხოვრები კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი და საქართველოში მყოფი, კრიმინალური ავტორიტეტი თენგიზ გურჩიანი „კრიშავდნენ“. პოლიციამ 2010 წლის 2 ივნისს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში, ბოჭორიშვილის სიძის მანქანიდან კოკაინი ამოიღო. იქვე ბოჭორიშვილის სახლის ეზოში, სათბურში, მილიონ 700 ათასი ევრო მიწიდან ამოთხარა. ხოლო თბილისში, ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან 50 000 ევრო წაიღო. შსს-მ მაშინ განაცხადა, რომ ეს კოკაინის რეალიზაციიდან მიღებული შავი ფული იყო.

საბოლოოდ, ფოთის სასამართლომ 2010 წლის ბოლოს, ზაუტაშვილს, ჩეჩელაშვილსა და მუსემიანს 30-30 წლით, სვანიძეს - 24 წლით, გავაშელიშვილის 16 წლით პატიმრობა შეუფარდა. (თუმცა, ერთი წლის შემდეგ, გავაშელიშვილთან აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო გაფორმდა და სასჯელი 2 წლამდე შეუმცირდა - ზ.წ) საბერძნეთის მოქალაქე ბოჭორიშვილს კი ქუთაისისის სასამართლომ დაუსწრებლად უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

სწორედ ამ განაჩენის შემდეგ დაიქირავა ბოჭორიშვილმა ადვოკატი მანანა კობახიძე, რომელიც დღეს, უკვე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის რანგში ამბობს, რომ ყველა ბრალდება „კოკაინის საქმის“ მონაწილეების მიმართ შეთითხნილია, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ბრალდებები მისი მიმასამართით:

„რატომღაც არავინ არ ფიქრობს ამ მსჯავრდებულებზე. დაჩემებული აქვთ ნარკობარიგები, მძიმე დანაშაული...დიახ, ახლაც გავიმეორებ, რომ ამ ადამიანებს აქვთ შეთითხნილი არაერთი ბრალდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი თქვას გამოძიებასთან. უნდა დაასახელოს ის ადამიანი, ვინც 200 000-ის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვინ იხდიდა, ვის უხდიდა და რაში იხდიდა?“

ნუგზარ ბოჭორიშვილის ვერსიით, რომელსაც მისი ყოფილი ადვოკატი მანანა კობახიძე სრულად იზიარებს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის,სავარაუდოდ, ფარული სატელეფონო მოსმენების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ მან დიდი თანხა, 1 700 000 ევრო, 2009 წელს გამოაგზავნა, ესპანეთიდან სოფელ ტყაჩირში, როგორც თავად აცხადებს ქუთაისთან ახლოს, რესტორან „ვენეციის“ ასამუშავებლად.

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ფული მხოლოდ მისი არ იყო, ეს იყო ინვესტიცია, თუმცა არ აკონკრეტებს, ესპანეთიდან საქართველოში ბანკის მიღმა მოძრავმა ამხელა თანხამ რა გზით ჩამოაღწია.

კუდ-ში ამ თანხის მითვისება განიზრახეს. 2010 წლის იანვარში, ბოჭორიშვილის დაშინების მიზნით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული ელემენტების ( ლევან კოჩაძე, გრიშა კომახიძე, ლევან ღვინიაშვილი) მონაწილეობით, მოაწყვეს მისი გატაცების ინსცენირება თბილისში. პარალელურად, აშანტაჟებდნენ ბოჭორიშვილის მეგობარ ქალს ანასტასია ზაუტაშვილს, რომ მისი ინტიმური ცხოვრების დეტალები, ყოფილი ქმრისა და შვილისთვის გახდებოდა ცნობილი.

ბოჭორიშვილი არ უარყოფს, რომ „შავებთან“ პრობლემების მოგვარება ნამდვილად სთხოვა ესპანეთში მცხოვრებ კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვს, რომელმაც, თავის მხრივ მისი დაცვა საქართველოში, კრიმინალურ ავტორიტეტ თენგიზ გურჩიანს დაავალა. კუდ-მა ეს სატელეფონო საუბრებიც ჩაიწერა.

ამის შემდეგ დაიგეგმა „ტყაჩირის კოკაინის საქმე“, როგორც შირმა ფულის კონფისკაციის მიზნით. პოლიციამ მეზობლების თვალწინ, ავტომანქანის ძრავაში, ბოჭორიშვილის სიძეს, რომელიც ხელებაწეული ჩაბარდა სამართალდამცავებს, მცირე რაოდენობით კოკაინი ჩაუდო. მოთხარეს ბოჭორიშვილის ეზოში დამარხული მილიონ 700 ათასი ევრო.

კუდ-ის აგენტმა შოთა პირველმა კი ფარულად გადაიღო ანასტასია ზაუტაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისი და მისი შვილის დაშანტაჟებას არავის შეარჩენს. შემდეგ სწორედ ეს ჩანაწერი, დამონტაჟებული სახით, ზაუტაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულად იქნა გამოყენებული, თითქოს, იგი ქილერს ქირაობდა.

ხმაურიანი დაკავებების შემდეგ, ე.წ „კოკაინის საქმის“ ყველა ფიგურანტი უსასტიკესად აწამეს, რათა მათ გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიეცათ. სასამართლო განაჩენების პარალელურად, კი კუდ-იდან პერიოდულად უკავშირდებოდნენ, საერთაშორისო ძებნაში მყოფ, უვადო პატიმრობამისჯილ ბოჭორიშვილს და დიდი ფულის გადახდის სანაცვლოდ, საქმის მოგვარებას პირდებოდნენ.

ერთ-ერთი ასეთი სატელეფონო ზარი 2010 წლის ოქტომბერში განხორციელდა. ათენში მყოფ ბოჭორიშვილს თბილისიდან ბიძაშვილის ქმარმა, კუდ-ის მაღალჩინოსანმა ოთარ ლომინაძემ დაურეკა და კუდ-ის უფროსის სოსო თოფურიძის დანაბარები გადასცა, რომ 3 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში ძებნიდან მოიხსნებოდა. საქმეში ეს ჩანაწერიც დევს.

ნუგზარ ბოჭორიშვილი დღეს კატეგორიულად უარყოფს, რომ მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას 200 000 დოლარი გადაუხადა, მისი ნათესავების ციხიდან სწრაფი გათავისუფლების სანაცვლოდ:

„სააკაშვილს დროს არ გადამიხდია ფული, არ მოვინდომე და დღემდე ვიბრძვი სამართლებრივად. და, 6 წლის მერე რატო გადავიხდიდი ამ თანხას? ხო შეიძლებოდა მაშინ გადამეხადა და 5 წელი არ მჯდარიყო ეს ხალხი ტყუილა ციხეში?.“

იურისტების თქმით, რომლებიც „კოკაინის საქმეს“ კარგად იცნობენ, აშკარაა, რომ სისხლის სამართლის საქმის დიდი ნაწილი გაყალბებულია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2010 წლის ივლისში, საბერძნეთის ინტერპოლის ბიურომ საქართველოს ინტერპოლის მოთხოვნით, ნუგზარ ბოჭორიშვილი დააკავა, თუმცა ამის შემდეგ, საბერძნეთის პროკურატურის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურამ საქმის მასალები ათენში არ გააგზავნა. ბერძნებმაც ძებნილი ბოჭორიშვილი ისე გაათავისუფლეს, მისი ექსტრადირების საკითხი არც კი განხილულა.

იგივე ეხება საბერძნეთის მოქალაქე დიმიტრიოს საპოუნტისს. „კოკაინის საქმის“ მასალების მიხედვით, სწორედ იგი იყო ბოჭორიშვილის ნარკოკურიერი, რომელსაც კოკაინი საქართველოდან თურქეთში გადაჰქონდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ საპოუნტისი ბოჭორიშვილს საერთოდ არ იცნობდა და საქართველოს პროკურატურას მისი დაკითხვაც კი არ მოუთხოვია.

მეორეს მხრივ, ფაქტია რომ ნუგზარ ბოჭორიშვილის პიროვნება, მისი აშკარა კავშირები, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კრიმინალურ სამყაროსთან, ასევე მისი ფინანსების წარმომავლობა, დღემდე სერიოზულ კითხვებს ბადებს.

ამ და სხვა მიზეზებით (ხელახალი გამოძიება, ძველ და მოქმედ სამართალდამცველთა პასუხისმგებლობის დადგომა), როგორც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში (ყოფილ კუდ-ში), ისე პროკურატურაში და პოლიტიკურ ისტებლიშმენტშიც დღეს ბევრი არ არის დაინტერესებული, რომ უკვე სკანდალურად ქცეულ „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებულთა გამამართლებელი განაჩენი დადგეს ან მათი შეწყალება დაჩქარდეს.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯდომარის ალეკო ელისაშვილის ბრალდებების გამოძიებამ, რომელიც ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, პირიქით, შეიძლება, ეს პროცესი დროში კიდევ უფრო გაწელოს. მით უმეტეს, რომ ელისაშვილმა გუშინ პროკურატურის გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

XS
SM
MD
LG