პირველმა, სამოცდაექვს გვერდიანი სკანდალური დასკნა, ცნობილმა გერმანელმა მაფიის სპეციალისტმა, იურგენ როტმა მოიპოვა და, ჯერ კიდევ, მაისის დასაწყისში თავისივე ვებ-ბლოგზე განათავსა. როტი 20 წელია ორგანიზებული დანაშაულის საკითხებს სწავლობს. მაფიაზე მას ათზე მეტი წიგნი აქვს დაწერილი, მათი ნაწილი ევროპაში ბესტსელერად იქცა. გუშინ მას ფრანქფურტში დავუკავშირდით. ამერიკის ხმისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იურგენ როტმა კერძოდ გვითხრა.
„ეს ინფორმაცია ავსტრიის კრიმინალურმა პოლიციამ, ძირითადად ფარული სატელეფონო მოსმენების შედეგად მოიპოვა. ქართველი კანონიერი ქურდები დაკავებულები იყნენ გამოძალვებითა და ბინების მასობრივი ქურდობით. ამ შავი ფულით ისინი ცრდილობდნენ მოესყიდათ გავლენიანი ქართველი ჩინოვნიკები, რათა გავლენა მოეხდინათ ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ეს პირდაპირ წერია ავსტრიის კრიმინალური პოლიციის დასკვნაში. ქართველი კანონიერი ქურდების უმთავრესი მიზანი იყო, ქართული მას-მედიის საშუალებების გამოყენებით, პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაცია მოეხდინათ.
დასკვნაში წერია, რომ ქურდები იყვნენ, შარშან საქართველოში მიმდინარე ოპოზიციის დემონსტრაციების მთავარი წარმმართველები. ისინი ცრდილობდნენ, მოესყიდათ მინიმუმ ერთი მაღალი თანამდებობის პირი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა დაემხოთ საქართველოს დღევანდელი ხელისფლება და პრეზიდენტი. ჩემი აზრით, ეს იყო პასუხი, კანონიერი ქურდების წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმოებულ კამპანიაზე, რის გამოც მათ იქ, აეკრძალათ მოქმედების საშუალება. სახელმწიფოს დამხობით, მათ სურდათ, მანამდე არსებული ძალაუფლება დაებრუნებინათ.აშკაარაა, რომ ქართველი კანონიერი ქურდები კავშირში იყვნენ რუსეთთან, შავი ფულის ნაწილი მოძრაობდა, რუსეთის გავლით საქართველოსკენ, რითაც ქართული ოპოზიციის ნაწილი ფინანსდებოდა“.
ყველაზე ცნობილი გვარები, რომელიც ქართული მაფიის წევრების დაპატიმრების შემდეგ ამოტივტივდა - ავსტრიაში მოღვაწე კანონიერი ქურდები ზაალ მახარობლიძე იგივე გლეხოვიჩი, გოჩა ანტიპოვი, იგივე ალფაიძე და რუდიკო გოგუაძეა.
ეს უკანასკნელი, ცნობილი მხედრიონელი იყო. წარსულში კომპანია ჯორჯიანტრანზოილის დამაარსებელი. 90 წლების ბოლოს, რუდიკო გოგუაძე პრეზიდენტ შევარდნაძის ძმისშვილის, ბიზნესმენ ნუგზარ შევარდნაძის მკვლელობის შეკვეთისთვის იძებნებოდა, თუმცა მაშინ ავსტრიამ მის ექსტრადირებაზე უარი თქვა. გოგუაძე პოლიტიკური დევნილის სტატუსით სარგებლობდა, ჰქონდა კონვენციური პასპორტი და ვენაში ქართულ რესტორანსაც ფლობდა. ეს რესტორანი ქართული კრიმინალური წრეების შეხვედრის მთავარი ადგილი იყო.იურგენ როტი ამბობს:
„ქართველი მაფიოზი რუდიკო გოგუაძე, შუამავლის როლს თამაშობდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. ის მაფიის შავ ფულს იღებდა და აგზავნიდა მათივე წარმომადგენელთან რუსეთში. შემდეგ ამ ფულის ნაწილი ბრუნდებოდა უკან ევროპაში, ნაწილი მიდიოდი საქართველოში სწრაფი გადარიცხის სისტემით Moneytrans-ით. მიმდინარე გამოძიების მიხედვით, ამ საქმეში ძალიან დიდ როლს თამაშობდა რუდიკო გოგუაძე. გერმანიის და ავსტრიის პოლიციის გამოძიებით მტკიცდება, რომ ქართულ კრიმინალურ სამყაროს ჰქონდა ძალიან კარგი კავშირი ერთმანეთთან, რუსეთთან და ქართული ოპოზიციის ნაწილთან. მეტიც, მთელ რიგ შემთხვევაში, მაფია ევროპული პოლიციის შესაძლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ფლობდა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ შავი ფულის დიდი ნაწილს რუდიკო გოგუაძე ურიცხავდა კიდევ ერთი ქართველი კანონიერი ქურდის გოჩა ანტიპოვის (ზედმეტსახელად ალფასონი) ოჯახს. მას ძალიან ახლო კავშირები ჰქონდა მოსკოვში მყოფ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძესთან. ქართული მაფიის შავი ფული მოდიოდა საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან რუდიკო გოგუაძესთან და შემდეგ, მის მიერ ნაწილდებოდა“.
ავსტრიის პოლიციის დასკვნაში არაფერია ნათქვამი, იმ ქართული ოპოზიციის ნაწილზე, რომელთანაც მაფიოზებს კავშირი ჰქონდათ. არ არის დასახელებული, არც იმ ქართველი ჩინოვნიკების ვინაობა, ვისი მოსყიდვაც მაფიას სურდა. აღნიშნულია მხოლოდ, რომ ქართული მაფიის სათავეში კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი დგას, რომელიც ოპერაცია იავას სასწაულებრივად გადაურჩა და ამჟამად, სავარაუდოდ, საბერძნეთის ტერიტორიაზე იმალება. ამის მიუხედავად, იურგენ როტი ამბობს, რომ ქართული მაფია მაინც ძალიან ძლიერია.
„ბოლო თვეებში, ძალიან ბევრი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დაიჭირეს მათ შორის გერმანიაშიც, საქმის გამოძიება მიდის ქალაქ კემპტენში. ბერლინშიც მიდიოდა ნაწილობრივ გამოძიება და ავსტრიელების ნათქვამი, რომ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ცრდილობდნენ ხელისუფლების დამხობას, კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანულმა მხარემ. წარსულს რო გადავხედოთ, ევროპაში ქართული მაფია ყოველთვის ძლიერი იყო, მაგრამ ამ დაჭერებს დიდი როლი მაინც არ უთამაშიათ მის დასუსტებაში. საინტერესოა, რომ ქართველი მაფიოზები ცრდილობნენ ქართული ემიგრაციის გაერთიანებასაც, რომ გაელაშქარათ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს გეგმა ნაწილობრივ ჩაიშალა.
ევროპოლიცია ქართულ მაფიოზების წევრებით, ბინების მასობრივი ქურდობების გამო დაინტერესდა, თუმცა ფარულმა სატელეფონო მოსმენებმა დაადასტურა, რომ ქართული მაფია არ კმყოფილდება მხოლოდ ქურდობით, ის ჩართულია ენერგეტიკულ პროექტებში, ნავთობის ბიზნესში და ეკონომიკის სხვა და სხვა სეგმენტში. ჩემი აზრით, ქართული მაფიის ასეთი გაძლიერებით რუსეთია დაინტერესებული. კიდევ ერთხელ გავმეორდები, ამ გამოძიებით, ნათელი ხდება, რომ ქართული მაფია ე.წ „ობშიაკის“ ფულით ცრდილობდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას, ქართველ მაფიოზებს ძალიან კარგი კონტაქტები ჰქონდათ საქართველოს საელჩოსთან და საკონსულოსთან ვენაში“.
ჩვენს კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას, რომ ქართული, მმართველი პოლიტიკური ელიტის ზოგიერთ წარმომადგენელს ჰქონდა მცდელობა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის გავლენა გამოეყენებინა, იურგენ როტი ამბობს:
„ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა არ მინდა შეგედავოთ, იმიტომ რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გარემოცვა, არც ისე სუფთაა, როგორც ეს გარედან ჩანს“.
ახლო მომავალში გამოჩნდება რა გაგრძელება მოჰყვება ამ სკანდალს საქართველოში, ცნობილია, რომ ევროპოლი აქტიურად თანამშრომლობდა ოპერაცია იავას დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. იურგენ როტის ცნობით, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრა მარია ფექტერმა ღიად გადაუხადა მადლობა ქართველ მინისტრს ვანო მერაბიშვილს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ევროპაში დაწყებულმა სკანდალურმა გამოძიებამ თბილისამდეც ჩამოაღწიოს.