რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ იარაღის წარმოება და ფრონტის ხაზზე მისი მომარაგება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. მან მწარმოებლებს მოუწოდა, რომ რაკეტების რაოდენობა სასწრაფოდ გააორმაგონ.
დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე თვეების განმავლობაში ამბობენ, რომ რუსეთს საარტილერიო ამუნიციის, ახლა კი უკვე რაკეტების ნაკლებობაც აქვს.
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებისას რუსეთის შენაერთების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იარაღის, სამხედრო იაღჭურვილობისა და სხვა გამანადგურებელი საშუალებების [მარაგის] სწრაფ შევსებაზე", - განაცხადა შოიგუმ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიამაც გაავრცელა.
მისი თქმით, თავდაცვის ინდუსტრიას უკვე მიეცა მითითებები, რომ გაზარდოს წარმოების "მოცულობა და სისწრაფე". შოიგუ განმარტავს, რომ კონკრეტულად, აუცილებელია ზუსტი დამიზნების რაკეტების წარმოების გაორმაგება, თან "რაც შეიძლება, სწრაფად". მინისტრი ამბობს, რომ მალე მოისმენს "ტაქტიკური რაკეტების კორპორაციისგანაც", თუ როგორ აპირებს ამ გეგმის შესრულებას კომპანია. მართვადი რაკეტების მწარმოებელი ამერიკისა და ევროკავშირის სანქციების სამიზნეა.
ევგენი პრიგოჟინი, რუსული დაქირავებული სამხედრო ჯგუფის - "ვაგნერის" ლიდერი ორშაბათს ამბობდა, რომ მის მებრძოლებს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბახმუტისთვის ომში სამინისტრო საარტილერიო ჭურვების მხოლოდ იმის მესამედს აწვდის, რაც მათ იერიშისთვის სჭირდებათ.