ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი პოლონეთის მიერ საელჩოს სკოლის შენობის ჩამორთმევას აპროტესტებს


პოლონეთმა რუსეთს ვარშავის საელჩოს სკოლის შენობა ჩამოართვა. მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც დაადასტურა, რომ შენობა პოლონეთის კუთვნილებაა და ის პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

პოლონური არხის TVP Info-ს ინფორმაციით შაბათს, 29 აპრილს გამთენიისას სკოლის ტერიტორიაზე პოლიციაც იმყოფებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ სკოლაში პოლიცია იმის გამო შევიდა, რომ შენობა დაეკავებინა. მოსკოვში ამბობენ, რომ ეს ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა და საპასუხო ნაბიჯები „მკაცრი იქნება“.

„ჩვენ მივიჩნევთ პოლონეთის ხელისუფლების ამ უკანასკნელ მტრულ აქტს, როგორც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის აშკარა დარღვევას და როგორც პოლონეთში რუსეთის დიპლომატიური საკუთრების ხელყოფას. ვარშავის ასეთი თავხედური ნაბიჯი, რომელიც სცილდება ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩარჩოებს, არ დარჩება მკაცრი რეაქციისა და შედეგების გარეშე,“ - განაცხადა კრემლმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ სკოლა კიელეცკას ქუჩაზე პოლონეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს და შესაბამისად მასზე პოლონეთის იურისდიქცია ვრცელდება.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ „როიტერთან“ საუბრის დროს თქვა, რომ პროტესტის გამოხატვა რუსეთის უფლებაა, მაგრამ ვარშავა კანონის ფარგლებში მოქმედებს.

„ჩვენი მოსაზრება, რომელიც სასამართლომ დაადასტურა, არის ის, რომ ეს ქონება პოლონეთის სახელმწიფოს ეკუთვნის და რუსეთმა უკანონოდ მიიტაცა,“ - ამბობს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.

რუსეთის ელჩმა პოლონეთში სერგეი ანდრეევმა მანამდე რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებთან საუბრის დროს თქვა, რომ შენობა, სადაც საელჩოს სკოლა იყო განთავსებული, დიპლომატიური დაწესებულება იყო, რომლის წართმევის უფლება პოლონეთის ხელისუფლებას არ ჰქონდა.

ორი ქვეყნის ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ვარშავა კიევის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ პოზიციონირებს და წამყვან როლს თამაშობს მოკავშირეების დარწმუნებაში, მიაწოდონ უკრაინას საჭირო იარაღი.

2022 წლის მარტში პოლონეთმა ქვეყნიდან 45 რუსი დიპლომატი გააძევა, მაშინ მიზეზად ჯაშუშური საქმიანობა დაასახელა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG