პოლონელმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სპეციალური სამსახურების პრესსამსახური ადასტურებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პოლონეთ-რუსეთს შორის ურთიერთობა და ვარშავაში რუსეთის ქმედებების მიმართ ეჭვები კიდევ უფრო გამწვავდა. ეჭვმიტანილი პოლონეთში უკვე 18 წელია ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული. ის 6 აპრილს დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ სპეციალურმა სამსახურებმა 12 აპრილს განაცხადეს.
"მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენმა სამხედრო კონტრადზვერვის სამსახურმა შეაგროვა, მიუთითებს, რომ ეს ადამიანი რუსეთის სპეციალური სამსახურების მიერ იყო გაწვრთნილი და ის პოლონეთის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს ჯარების სამხედრო მზაობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
მარტში პოლონეთმა 45 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და მათ რუსული დაზვერვისთვის მუშაობაში დასდო ბრალი. მოსკოვმა საპასუხო ნაბიჯით, ქვეყნიდან ასევე 45 პოლონელი დიპლომატი გააძევა.