ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოდიშვილი ხევიდან, უკრაინაში დაღუპული 45-ე ქართველი


ზურაბ ოდიშვილი უკრაინის ომში, ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს
ზურაბ ოდიშვილი უკრაინის ომში, ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს

45 წლის ზურაბ ოდიშვილი 45-ე ქართველი მოხალისეა, რომელიც უკრაინის დროშის ქვეშ დაეცა. ზურა ყაზბეგიდან იყო, უკრაინის დამცველებს 2022 წლის მარტის ბოლოს შეუერთდა. თავიდან იგი "კავკასიის ლეგიონში" იბრძოდა, შემდეგ უკრაინის არმიის, 93-ე ცალკეულ მექანიზირებულ ბრიგადაში და ერთ-ერთ უშიშარ და საიმედო მებრძოლად ითვლებოდა.

ყაზბეგში საკუთარი სახელოსნო ჰქონდა, ხეზე, რკინაზე, ლითონზე, მინანქარზე მუშაობდა და ხელობას სრულიად უფასოდ რაიონის ბავშვებსაც ასწავლიდა
ნატო ფიცხელაური, ზურაბ ოდიშვილის მამიდაშვილი

„სანამ უკრაინაში წავიდოდა, ყაზბეგში საკუთარი სახელოსნო ჰქონდა, ხეზე, რკინაზე, ლითონზე, მინანქარზე მუშაობდა და ხელობას სრულიად უფასოდ რაიონის ბავშვებსაც ასწავლიდა.

ომში ფარულად წავიდა, მხოლოდ მეგობრების ძალიან ახლო წრემ იცოდა, რომ უკრაინაში მიდიოდა. თანამებრძოლები ძალიან აფასებდნენ, მაგრად ომობდა და ქართველ ბიჭებზეც ზრუნავდა. განსაკუთრებული ადამიანი იყო, 45 წლის 1 აპრილს გახდა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ზურაბ ოდიშვილის მამიდაშვილმა ნატო ფიცხელაურმა.

ზურა უკრაინაში 2022 წლის მარტიდან იბრძოდა
ზურა უკრაინაში 2022 წლის მარტიდან იბრძოდა

ზურაბ ოდიშვილი რუსი აგრესორების წინააღმდეგ წელიწადზე მეტია იბრძოდა და ამ ხნის მანძილზე, თანამებრძოლების თქმით, არაერთ ურთულეს სამხედრო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. რამდენჯერმე მოხვდა ძლიერ დაბომბვაში, მათ შორის, ცეცხლგამჩენი უმართავი რაკეტებით, საავიაციო ბომბებით და საარტილერიო ჭურვებით.

„სამედიცინო დასკვნიდან გამომდინარე, შეიძლება თქმა და თანამებრძოლებიც იმავეს ამბობენ, რომ  სწორედ დაბობმვის შემდგომი მოწამვლა გახდა ზურას დაღუპვის მიზეზი“

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ჯარისკაცმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ცეცხლგამჩენი იარაღით დაბომბვის დროს წარმოქნილი კვამლი, სასუნთქი გზების მძიმე დაზიანებას და მძიმე მოწავლას იწვევს.

„ხშირად არასწორად ამბობენ, რომ ასეთ მომწამვლელ კვამლს, „ქიმიური დაბომბვა“ იწვევს. სინამდვილეში, ეს არის ცეცხლგამჩენი იარაღი, რომელსაც აქ რუსები აქტიურად იყენებენ. ცეცხლგამჩენი იარაღის შემადგენლობაში შესაძლოა იყოს ლაბისებრი საწვავი პროდუქტი, თერმიტის ან შედედებული ნავთობპროდუქტის ნარევი. მე მინახავს აქ რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილან მებრძოლები, რომლებიც ცეცხლგამჩენი რაკეტებით საშინელ დაბომბვას სასწაულად გადაურჩნენ, მაგრამ კვამლის შესუნთქვის გამო ჰოსპიტალიზაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდათ, ვიცი, რომ ბევრი დაიღუპა კიდეც“ - გვითხრა ქართველმა მოხალისემ.

ზურაბ ოდიშვილი უკრაინის არმიის, 93-ე ცალკეულ მექანიზირებულ ბრიგადაში იბრძოდა
ზურაბ ოდიშვილი უკრაინის არმიის, 93-ე ცალკეულ მექანიზირებულ ბრიგადაში იბრძოდა

ზურას მამიდაშვილის თქმით, ქართველ მებრძოლს სწორედ მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა და გართულების შემდეგ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. „სამედიცინო დასკვნიდან გამომდინარე, შეიძლება თქმა და თანამებრძოლებიც იმავეს ამბობენ, რომ სწორედ დაბობმვის შემდგომი მოწამვლა გახდა ზურას დაღუპვის მიზეზი“ - გვითხრა ნატო ფიცხელაურმა.

რუსეთ-უკრაინის ომში, 2014-2022 წლებში - 12, 2022 წლის მარტიდან დღემდე - 45 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა

ზურა ოდიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, კიევის წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

ოჯახის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის ცხედარს, პოლონეთის გავლით, მომავალ კვირას ჩამოასვენებენ სამშობლოში და ყაზბეგში, მშობლიურ სოფელ სიონში მიაბარებენ მიწას. ზურას საკუთარი ოჯახი არ ჰყოლია, ხევში მოხუცი დედა და ძმა დარჩა.

რუსეთ-უკრაინის ომში, 2014-2022 წლებში - 12, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილამდე კი - უკვე 45 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. აქედან, 17 ქართველი მოხალისე უკრაინული ქალაქის - ბახმუტის გმირულ დაცვას შეეწირა, რომელიც მეცხრე თვეა გრძელდება.

სამწუხაროდ, ბახმუტთან დაღუპული 7 ქართველი მეომრის ცხედრის გამოსვენება ფრონტის ხაზიდან ისევ ვერ მოხერხდა და ამ დრომდე უცნობია, როდის გაჩნდება ამის შესაძლებლობა.

უკრაინის დროშის ქვეშ დაცემული ქართველები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:57 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG