ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"იბრძოდა უკრაინაში საერთო მტრის წინააღმდეგ, იბრძოდა საქართველოსთვის", - ალუდა ზვიადაური საქართველოში გადმოასვენეს


ალუდა ზვიადაური უკრაინაში, ლუჰანსკის ოლქში დაიღუპა
ალუდა ზვიადაური უკრაინაში, ლუჰანსკის ოლქში დაიღუპა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით მიაბარეს მიწას, ქართველი მოხალისე ალუდა ზვიადაური. 42 წლის ზვიადაური უკრაინაში, 18 ივნისს, ლუჰანსკის ოლქის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ლისიჩანსკის სიახლოვეს, რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

„დაჭრილი უკრაინელი მებრძოლი გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან, არ მიატოვა, უკან მიბრუნდა და შემდეგ, კილომეტრნახევარი ატარა. ზურგში აქვს ტყვია მონახვედრი და შემდეგ, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლაც დააყოლეს"
ნუგზარ ჭინჭარაული, ალუდა ზვიადაურის ბიძა

„დაჭრილი უკრაინელი მებრძოლი გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან, არ მიატოვა, უკან მიბრუნდა და შემდეგ, კილომეტრნახევარი ატარა. ზურგში აქვს ტყვია მონახვედრი და შემდეგ, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლაც დააყოლეს. იმ დაჭრილთან ერთად დაიღუპა. ვამაყოფ ალუდათი, კაცურად იცხოვრა და კაცურად დაიღუპა, საქართველოს მტერთან ბრძოლაში“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გარდაცვლილის ბიძამ ნუგზარ ჭინჭარაულმა.

ოჯახის ინფორმაციით, ალუდა ზვიადაურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში, გატაცებული იყო კარატეთი, იყო საქართველოს შიტო რიუ კარატე დოს ფედერაციის ინსტრუქტორი.

საქართველოს კარატე დოს ფედერაციის მოწმობა
საქართველოს კარატე დოს ფედერაციის მოწმობა

ბოლო წლებში, ზვიადაური ლეგალურად ესტონეთში მუშაობდა. უკრაინაში მარტის დასაწყისში, სწორედ ტალინიდან გადავიდა, ისე, რომ ოჯახს არაფერი უთხრა. ის ჯერ მოხალისეთა ბატალიონ Карпатська Січ-ს შეუერთდა, შემდეგ უკრაინელი და ჩეჩენი მოხალისეებით დაკომპლექტებულ სამხედრო შენაერთთან ერთად იბრძოდა. მისი გადმოსვენება, პოლონეთის გავლით, 25 ივნისს მოხერხდა.

„საქართველოზე უზომოდ შეყვარებული იყო, უკეთილშობილესი და უკარგესი ბიჭი იყო, იბრძოდა უკრაინაში საერთო მტრის წინააღმდეგ, იბრძოდა საქართველოსთვის და გმირულად წავიდა იქვეყნად“
გიორგი ქიბიშაური, ალუდას მეგობარი

„საქართველოზე უზომოდ შეყვარებული იყო, უკეთილშობილესი და უკარგესი ბიჭი იყო, ნაკითხი, განათლებული, სამხედრო სამსახურის დროს, პარალელურად ლექციებზე დადიოდა. ამ სიყვარულით წავიდა უკრაინაშიც. იბრძოდა უკრაინაში საერთო მტრის წინააღმდეგ, იბრძოდა საქართველოსთვის და გმირულად წავიდა იქვეყნად“ - ამბობს ალუდას მეგობარი გიორგი ქიბიშაური.

რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ამ დროისთვის უკრაინაში, ასობით საქართველოს მოქალაქე, უკრაინის მოქალაქე ეთნიკური ქართველი თუ ქართული წარმოშობის უკრაინელი იბრძვის, 17 მათგანი ბრძოლის ველზე დაეცა. 2014-2021 წლებში კი უკრაინის დროშის ქვეშ - 11 ქართველი მეომარი დაიღუპა.

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლები (2014-2022)

ალუდა ზვიადაური 16.06.2022

კირილე შანავა 04.06.2022

დანიელ გერლიანი 03.06.2022

გიორგი გრიგოლია 03.06.2022

რატი შურღაია 14.05.2022

ტატო ბიგვავა 12.05.2022

ვიტალი ორბელაძე 23.04.2022

ზაზა ბიწაძე 16.04.2022

არკადი კასრაძე 16.04.2022

ალიკა ცაავა 16.04.2022

დავით მენაბდიშვილი 09.04.2022

ნიკა შანავა 09.04.2022

დავით გობეჯიშვილი 27.03.2022

ბახვა ჩიქობავა 19.03.2022

გია ბერიაშვილი 17.03.2022

დავით რატიანი 17.03.2022

ოლეგ გეგეჭკორი 08.03.2022

დავით შარტავა 18.04.2021

გიორგი სარალიძე 31.10.2017

დავით სიხარულიძე 11.05.2017

დავით გამსახურდია 08.10.2016

ირაკლი ქუთელია 09.12.2015

რეზო წიკლაური 29.04.2016

გიორგი ბარათელი 08.08.2015

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015

ალექსანდრე გრიგოლაშვილი 18.12.2014

XS
SM
MD
LG