ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინას კრემლზე დრონით თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს


რუსეთი უკრაინას ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დრონით განხორციელებული თავდასხმა წარუმატებელი იყო. თუმცა 14-თვიანი სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი განცხადება და ბრალდებაა კრემლის მხრიდან.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსკოვის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა "ბი-ბი-სის" უკრაინულ რედაქციას უთხრა, რომ უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლში ამ ე.წ. ღამის თავდასხმებზე. მისივე თქმით, ის, რაც მოსკოვში მოხდა, ნათლად აჩვენებს, რომ 9 მაისის წინ სიტუაცია მწვავდება და მოწინააღმდეგემ შესაძლოა არაერთი მანევრი გამოიყენოს.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმისთვის ორი დრონი იყო გამოყენებული, მაგრამ ისინი ელექტრონულმა დამცავმა სისტემებმა გააუვნებელყო. კრემლი ამბობს, რომ "შურისძიების უფლებას იტოვებს".

"ორი უპილოტო საჰაერო აპარატის სამიზნე კრემლი იყო. ჩვენი ჯარის და სპეციალური სამსახურების დროული მოქმედებების შედეგად, სარადარო სისტემების გამოყენებით, ეს აპარატები გავაუვნებლეთ", - ამბობს კრემლი გამოქვეყნებულ განცხადებაში. მოსკოვი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფა "გამარჯვების დღის" - 9 მაისის საზეიმო აღლუმის წინა პერიოდს უკავშირდება, რადგან ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნად წითელ მოედანზე უცხოელი სტუმრებიც არიან მიწვეულნი.

ტელეგრამის არხ "ბაზაზე", რომელიც სავარაუდოდ რუსეთის სამართალდამცავ ინსტანციებს უკავშირდება, გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მფრინავი ობიექტი კრემლის სენატის შენობას უახლოვდება - იმ ნაწილს, რომელიც წითელ მოედანს გადაჰყურებს და მის სიახლოვეს ფეთქდება. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ნამდვილია აღნიშნული ვიდეო.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, აფეთქებას მატერიალური ან ფიზიკური ზიანი არ გამოუწვევია. სააგენტო "რია" ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი ამ დროს კრემლში არ იმყოფებოდა და ის ოთხშაბათს ქალაქგარეთ, ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში მუშაობდა. კრემლის თქმით, 9 მაისის საზეიმო აღლუმი გეგმის შესაბამისად ჩატარდება და ეს ინციდენტი მასზე გავლენას ვერ მოახდენს.

XS
SM
MD
LG