ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოჯესი: უკრაინამ რუსებს გამარჯვების შანსი უკვე წაართვა, კონტრიერიში კი ალბათ ზაფხულში დაიწყება


ამერიკის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას გამოხმაურება მთელ მსოფლიოში მოჰყვა. საიდუმლო დოკუმენტები, რომელთა ავთენტურობაც ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის, მოიცავს ჩანაწერებს უკრაინის სამხედრო პოზიციების, საერთაშორისო მხარდაჭერის და სხვა მგრძნობიარე საკითხების შესახებ. დოკუმენტები ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში შეიძლება გამოიყენოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღი.

საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ინციდენტი აჩენს კითხვებს იმის შესახებ, შეარყევს თუ არა ეს მოკავშირეების ნდობას ამერიკის მიმართ, შეაფერხებს თუ არა ის სადაზვერვო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და ასევე, მოახდენს თუ არა ის გავლენას უკრაინის მიერ რუსულ ჯარზე კონტრიერიშის გეგმებზე. ამ თემებზე თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ზოგადი მიმოხილვით დავიწყოთ - როგორ აფასებთ ამერიკის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას ინტერნეტ სივრცეში?

საზიანოა, როდესაც რაღაც ასეთი ხდება, რადგან ქვეყნებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ეფუძნება ნდობას. თუ სხვა ქვეყნებს სჯერათ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავიცვათ საიდუმლო ინფორმაცია, მათ ამ ინფორმაციის გაზიარება არ მოუნდებათ. ეს არის ერთი ასპექტი. მეორე მხარე კი ისაა, რომ არასოდეს გინდა, რომ შენმა მტერმა იცოდეს, თუ რა იცი შენ მის შესახებ. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ შეუძლიათ გაარკვიონ, თუ საიდან იცი ის, რაც იცი. ეს საზიანოა ამ კუთხით. ამასთან, არ მგონია, რომ რაიმე კონკრეტული საბრძოლო გეგმები გამჟღავნდა. არ ვფიქრობ, რომ უკრაინის მომავალ შეტევას ამ ინციდენტმა რაიმე ზიანი მიაყენოს. ასევე, არ მგონია, რუსები საკმარისად მოქნილები იყვნენ იმისთვის, რომ თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტებში მათთვის რაღაც ღირებული აღმოჩნდა, ამ ინფორმაციის გამოყენება შეძლონ.

საიდუმლო დოკუმენტები და უკრაინის კონტრშეტევის გეგმები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:16:10 0:00

ამბობთ თუ არა იმას, რომ ეს კონტრდაზვერვის კუთხით უფრო იყო ჩავარდნა, ვიდრე თავდასხმა ან რაიმე სხვა?

ეს საკითხის საინტერესო ფორმულირებაა. როგორ მოხდა ეს? ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გამოძიება მალე ჩატარდეს, ზიანი გაიწმინდოს და გამოძიებამ გაარკვიოს სად იყო პრობლემები და როგორ მოხდა ეს ყველაფერი.

თავდაპირველად, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს რუსეთთან დაკავშირებული ოპერაცია იყო. თქვენ რას ფიქრობთ ამ ვარაუდზე?

ვფიქრობ, რომ ეს კარგი ვარაუდია. რუსები, ჩინელები, ირანელები, ჩრდილოეთ კორეელები, ყველა ჩვენი მტერი და პოტენციური მტერი მუდმივად ცდილობს შეაღწიოს ჩვენს დაცულ სისტემებში ინფორმაციის მისაღებად, ან იმის გასარკვევად, თუ რას ვაკეთებთ. საინფორმაციო სივრცე არის ომის წარმოების ერთ-ერთი სფერო, ამიტომ ყოველთვის ვვარაუდობ, რომ ეს ხდება.

დოკუმენტებში საუბარი იყო რამდენიმე ქვეყანაზე, მათ შორის, მაგალითად, სამხრეთ კორეაზე, რომ ამერიკა სეულისგან უკრაინის დასახმარებლად იარაღის მიღებას მოელოდა. რას ნიშნავს ასეთი ინფორმაციის გასაჯაროება მოკავშირეებისთვის?

დიახ, ერთ-ერთი დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ამერიკა სამხრეთ კორეის მთავრობის შიდა საუბრებს უსმენდა და ცდილობდა გაეგო, აპირებდა თუ არა სეული ჩვენთვის საბრძოლო მასალის მოყიდვას, რომ ჩვენ შემდეგ ის პირდაპირ უკრაინისთვის მიგვეცა ან ჩვენი მარაგები ჩაგვენაცვლებინა.

თუმცა, ამაში ახალი ალბათ არაფერია - ყველა ყველას უსმენს, ასე არაა?

ვივარაუდებდი, რომ ყველა ერთმანეთს უსმენს, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს. ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობას ქმნის და ასუსტებს ნდობას. როდესაც ნებისმიერი ქვეყანა ესაუბრება სხვა ქვეყნებს, ყოველთვის ცდილობს გაიგოს, რას ფიქრობენ სხვა სახელმწიფოები დიდ საკითხებზე. მაგრამ როდესაც ეს ასე სააშკარაოზე და ღიად გამოდის, ეს შერცხვენის მიზეზი ხდება და ამით ასევე რთულდება სამომავლო ურთიერთობებიც.

უკრაინაში არსებული სიტუაციაზეც ვისაუბროთ. მას შემდეგ, რაც საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე ინფორმაცია გავრცელდა, მედიაში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ უკრაინელებს საკუთარი სამხედრო გეგმების შეცვლა უწევდათ. როგორ აფასებთ თქვენ გაჟონვის გავლენას უკრაინის მიერ სავარაუდოდ დაგეგმილი კონტრშეტევის გეგმებზე?

ვფიქრობ, უკრაინის გენერალური შტაბი იმდენად კვალიფიციურია, რომ მათ უკვე გაკეთებული ექნებათ შეფასება და დადგენილი ექნებათ ის მოჰყვა თუ არა ამას რეალური ზიანი. არის თუ არა რაღაც ისეთი, რაც მათ გეგმებში ცვლილებების შეტანას აიძულებს. და თუ არის ამის მიზეზი, მათ ეს გამოსავალი უკვე ნაპოვნი აქვთ. მაგრამ ისინი ასევე საკმარისად მოქნილები არიან იმისთვის, რომ ეს სიტუაცია საკუთარ უპირატესობად აქციონ. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ისინი ამით ისევე იმედგაცრუებულები არიან, როგორც - ჩვენ, რადგან ჩვენ ვართ ის, ვისაც აშკარად გამოეკვეთა დაუცველობა თუ შეცდომა. უკრაინელებზე ეს უარყოფითად არანაირად არ აისახება.

ჩემი ყურადღება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მიიქცია. ყოველთვის ვვარაუდობდი, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ამუნიცია და უწევთ შეზღუდული რაოდენობის რაკეტების გამოყენება. თუ ეს ინფორმაცია ზუსტია - და ამ ეტაპზე ეს არ ვიცით - მაშინ ადმინისტრაციამ არა მხოლოდ მეტი შეიარაღება უნდა მისცეს უკრაინას, არამედ უნდა გადავხედოთ მათთვის F-16 ტიპის მოიერიშეების ან სხვა სახის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას. ასევე უნდა მივცეთ მათ ATACMS-ები, მცირე დიამეტრის სახმელეთო ბომბები ან სხვადასხვა ტიპის შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების შესაძლებლობები.

რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ყირიმი სარაკეტო თავდასხმების ბაზად გამოიყენოს. ამაში შავი ზღვის ფლოტს ვგულისხმობ. თქვენ იცით, რომ ისინი სხედან სევასტოპოლში, გემები შეჰყავთ შავ ზღვაში, საიდანაც უკრაინულ საცხოვრებელ კორპუსებს რაკეტებს ესვრიან და შემდეგ ისევ პორტში ბრუნდებიან. რატომ არ ვეხმარებით უკრაინას სევასტოპოლში ბაზირებული შავი ზღვის ფლოტის ან რუსეთის საჰაერო ძალების განადგურებაში? ან ყირიმიდან გაშვებული დრონების ჩამოგდებაში? განსაკუთრებით თუ მათ საჰაერო თავდაცვისთვის შეიარაღება არ ჰყოფნით, რატომ არ ვაძლევთ მათ ამ შესაძლებლობას? იმედი მაქვს, ეს უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს ადმინისტრაციაზე.

რა ხდება ბახმუტში? რუსები ამბობენ, რომ ქალაქის 75 პროცენტს აკონტროლებენ, უკრაინელები ამას უარყოფენ. თუმცა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიანიშნა, რომ თუ ქალაქის დატოვება საჭირო გახდა, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თქვენ როგორ ხედავთ ბახმუტში არსებულ სიტუაციას?

ვფიქრობ, რომ უკრაინის გენერალური შტაბი მართალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათ მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ, სამწუხაროდ დაკარგეს ბევრი ჯარისკაცი, მაგრამ მათ შეძლეს ის, რომ ახალი სატანკო ბრიგადების გამოყენების გარეშე რუსეთი შეაჩერეს. ამასობაში კი აგრძელებენ კონტრშეტევისთვის წვრთნას და მზადებას, რომელიც, ვფიქრობ, ამ ზაფხულს იქნება და არა - გაზაფხულზე. ეს კონტრიერიში გამოაჩენს იმას, რომ შედეგი იმ ძალიან ძვირადღირებულ დანაკარგებად ღირდა. მათ რუსებს ნებისმიერი გამარჯვების შანსი გაუქრეს.

რუსები იქ ძალიან დაზარალდნენ. დაკარგეს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და გამოიყენეს ბევრი საბრძოლო მასალა. რუსეთს მთელი ყურადღება ბახმუტზე და ვუჰლედარზე აქვს გადატანილი, ამასობაში კი უკრაინა საკუთარი კონტრშეტევისთვის ემზადება. სამხედრო დოქტრინაში ჩვენ ამას ძალის ეკონომიას ვუწოდებთ. მე ვყოფილვარ ძალის ეკონომიის პოზიციაში, როცა არ გაქვს საკმარისი რესურსები, მაგრამ შენგან იგივე ეფექტურობას მოელიან, რადგან პრიორიტეტი სხვაგან არის. ვფიქრობ, მათ ეს ძალიან კარგად გააკეთეს. ეს, რა თქმა უნდა, რთული გადაწყვეტილებები იქნებოდა პრეზიდენტისთვის, გენერალ ზალუჟნისთვის და გენერალური შტაბისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, საქმე ისაა, რომ რუსებს ამის ათვისების უნარი არ აქვთ. ბახმუტი რომც აიღონ, მერე რა? მათ ხომ არ აქვთ მოლოდინის რეჟიმში მყოფი ჯავშანტექნიკის კოლონები, რომლებიც მზად არიან ხარკივში ან კიევში შევიდნენ. მათ ეს შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვთ.

არც “ვაგნერის” ჯგუფს? ისინი ბახმუტში განსაკუთრებით აქტიურები არიან. ზოგიერთი მიმომხილველი იმასაც კი ამბობს, რომ პრიგოჟინი თავისი შეიარაღებული ძალით პუტინისთვის უფრო საშიშია, ვიდრე - უკრაინისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამ დაჯგუფებაზე?

თქვენ მართალი ხართ. უკრაინისთვის ძალიან სასარგებლოა ის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ერთმანეთი ასე ძალიან სძულს და ერთმანეთს ასე ძალიან არ ენდობა. აქ პრიგოჟინს, შოიგუს, გერასიმოვს, კადიროვს და სხვებს ვგულისხმობ. ამ ადამიანებს ერთმანეთი არ მოსწონთ. შედეგად, მათ არ აქვთ ერთიანი სამეთაურო სტრუქტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვთ ომის წარმოების ერთიანი გეგმა. ამ ეტაპზე რუსებს არ აქვთ თვალსაჩინო გეგმა იმისა, თუ როგორ შეინარჩუნებენ აქამდე დაკავებულ ტერიტორიებს. საინტერესო იქნებოდა ერთ მშვენიერ დღეს გავიგოთ ის, თუ თავდაპირველი “ვაგნერელებიდან “- რომლებიც სავარაუდოდ, კარგად აღჭურვილი ძლიერი მებრძოლები და კარგი ჯარისკაცები იყვნენ - რამდენი პროცენტია ჯერ კიდევ ცოცხალი ან ბრძოლისუნარიანი. ეს არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ “ვაგნერის” ჯგუფი ჯერ ისევ აგრძელებს ოპერაციებს აფრიკაში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG