ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინის ორ რეგიონში ჩავიდა


ვლადიმირ პუტინი უკრაინაში, ლუჰანსკის რეგიონი.
ვლადიმირ პუტინი უკრაინაში, ლუჰანსკის რეგიონი.

ვლადიმირ პუტინი, მოსკოვის მტკიცებით უკრაინის ანექსირებულ ორ რეგიონში, თავის სამხედრო მეთაურებს შეხვდა.

კრემლის განცხადების მიხედვით, პუტინი უკრაინის სამხრეთ ხერსონის რეგიონში სარდლობის შეხვედრას დაესწრო, ხოლო ლუჰანსკში ეროვნული გვარდიის შტაბს ეწვია.

უკრაინის ორ რეგიონში ყოფნისას, მან ანგარიში მოისმინა საჰაერო-სადესანტო ძალებისა და დნეპრის არმიის ჯგუფის მეთაურებისგან. ასევე, სხვა მაღალი რანგის ოფიცრებისგან, რომლებმაც რუსეთის ლიდერს, სამხრეთ ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში რასებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

არც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და არც გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, უკრაინის რეგიონებში პუტინთან ერთად არ იმყოფებოდა. კრემლის განცხადებით, მიზეზი უსაფრთხოება იყო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის რეგიონებში პუტინის ვიზიტს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და ის შეაფასა, როგორც „მასობრივი მკვლელობების ავტორის სპეციალური ტური, ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა ბოლოჯერ დატკბეს დანაშაულებით.“

ხერსონი, ზაპორიჟია, ლუჰანსკი და დონეცკი არის უკრაინის ოთხი რეგიონი, რომელიც გასული წლის სექტემბერში, პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ, რომელსაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება, არ აღიარებენ. რუსული ძალები ამ ოთხ რეგიონს მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს.

იმ ფონზე, როცა ომის მიმდინარეობისას, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, კიევს არაერთი დასავლელი ლიდერი სტუმრობს, პუტინის ვიზიტი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული იშვიათობაა. გასულ თვეში ის ყირიმს სტუმრობდა, რომლის უკანონო ანექსია რუსეთმა 2014 წელს განახორციელა. კრემლის მტკიცებით, ის ასევე ეწვია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ მარიუპოლს, დონეცკის რეგიონში.

XS
SM
MD
LG