ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმე და მისი შედეგები


გასულ უქმეებზე, სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც სავარაუდოდ, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიდან მომდინარეობს. გავრცელებულ დოკუმენტებში, რომლებიც ონლაინ სივრცეში პირველად მარტში გამოჩნდა, მოცემულია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის საიდუმლო ინფორმაცია.

დოკუმენტები საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ აკვირდება შეერთებული შტატები იმას, თუ როგორ ურთიერთობენ მისი მოკავშირეები და მეგობრები რუსეთთან და ჩინეთთან და საუბრობს უკრაინის გეგმასა და შესაძლებლობაზე განახორცილოს კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ. რამდენიმე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა უკვე უარყვეს გაჟონილი ჩანაწერებიდან გავრცელებული ბრალდებები.

საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ინდივიდუალურად არ არის დამოწმებული ამერიკის ოფიციალური უწყებების მიერ, მოიცავს ბრიფინგების ჩანაწერებს უკრაინის სამხედრო პოზიციების, საერთაშორისო მხარდაჭერის და სხვა მგრძნობიარე საკითხების შესახებ. დოკუმენტები ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში შეიძლება გამოიყენოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღი. ამ დროისთვის გაჟონილი დოკუმენტების რაოდენობა უცნობია. საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ აცხადებს, რომ აღმოჩენილია, დაახლოებით, 50 დოკუმენტი, სხვა შეფასებებით კი შესაძლოა საუბარი იყოს ასობით დოკუმენტზე.

დოკუმენტები, რომელთა ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ასევე საუბრობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებში არსებულ სისუსტეებზე და ზოგიერთი შესაძლებლობის ნაკლებობაზე.

„ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, დოკუმენტებში საუბარია, რომ ამერიკის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია რუსი ოპერატიული თანამშრომლების მოხსენებებზე, რომ რუსეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უფრო ახლო ურთიერთობას აყალიბებდა, ვიდრე საჯაროდ არის ცნობილი. საამიროების ოფიციალურმა პირებმა ეს შეფასება უარყვეს და ბრალდებებს „კატეგორიულად ცრუ“ უწოდეს.

მედიაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ რეალურად არ ვიცით, რა მოხდა. ზიანი ჯერ შეფასებული არ არის. ზუსტად არ ვიცით რა მოიპარეს, რადგან ამ დოკუმენტების ნაწილი შესაძლებელია გაყალბებული იყოს.
დენ ჰოფმანი

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, დოკუმენტებიდან გამოჩნდა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა საკუთარ ქვეშევრდომებს სთხოვა ფარულად მოემზადებინათ 40 000-მდე რაკეტა, რომლებსაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად გაუგზავნიდა. პასუხად ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ეგვიპტე ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას და ცდილობს, „არ ჩაერთოს ამ კრიზისში და ინარჩუნებს ვალდებულებას, თანაბარი დისტანცია შეინარჩუნოს ორივე მხარესთან“.

სხვა გაჟონვები ასევე ეხებოდა ბრალდებებს, რომ სამხრეთ კორეის ლიდერები ყოყმანობდნენ საარტილერიო ჭურვების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით და რომ ისრაელის დაზვერვის სამსახური „მოსადი“ ეწინააღმდეგებოდა პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ შემოთავაზებულ სასამართლო რეფორმას.

ასევე, ერთ-ერთი ცნობით, თურქეთი რუსულ კერძო სამხედრო ძალას „ვაგნერის ჯგუფს“ სავარაუდოდ, იარაღის მიყიდვაზე დათანხმდა.

საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო გაჟონვის ინციდენტი აჩენს კითხვებს იმის შესახებ, შეარყევს თუ არა ეს მოკავშირეების ნდობას ამერიკის მიმართ, შეაფერხებს თუ არა ის სადაზვერვო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და ასევე, მოახდენს თუ არა ის გავლენას უკრაინის მიერ რუსულ ჯარზე კონტრიერიშის გეგმებზე.

როგორ აფასებენ მომხდარს ექსპერტები?

პენტაგონმა გაჟონილ დოკუმენტებზე თქვა, რომ ეს წარმოადგენს "ძალიან სერიოზულ რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის".

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მოსკოვის ბიუროს ყოფილი უფროსი დენ ჰოფმანი ამბობს, რომ გაჟონვის ფაქტი დამაზიანებელია, თუმცა ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

„მედიაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ რეალურად არ ვიცით, რა მოხდა. ზიანი ჯერ შეფასებული არ არის. ზუსტად არ ვიცით რა მოიპარეს, რადგან ამ დოკუმენტების ნაწილი შესაძლებელია გაყალბებული იყოს. არ ვიცით, ეს მომდინარეობდა ისეთი სახელმწიფოსგან, როგორიცაა რუსეთი, თუ არა. არ მგონია, ეს ჰაკერობის შემთხვევა ყოფილიყო, რადგან აქ ფული არ ფიგურირებს. არ ვიცით, იყო თუ არა ეს მავნე შიდა წყარო, რომელმაც საბუთები მოიპარა. არ ვიცით ეს ზუსტი ინფორმაციაა, თუ არა“, თქვა ჰოფმანმა.

ამერიკის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უცნობია საიდან გაჟონა საიდუმლო დოკუმენტებმა. „ისინი სადღაც ინტერნეტში იყო განთავსებული, ვის მიერ, ზუსტად სად და ვის ჰქონდა წვდომა იმ მომენტში, ჩვენ არ ვიცით", - თქვა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან დასძინა, რომ "ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავაბრუნებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით ამის წყაროს და მის მასშტაბებს”.

ჰოფმანის აზრით, ამის გამო გაჟონვის საქმემ უფრო მეტად კონტრდაზვერვის ჩავარდნა გამოაჩინა, ვიდრე რაიმე სხვა.

ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება სახიფათოა, თუმცა არაფერი უნდა გამოირიცხოს, მათ შორის რუსეთის მონაწილეობაც. „რა თქმა უნდა, [პასუხისმგებელი] შეიძლება იყოს რუსეთიც. ეს მათი მოქმედების მეთოდებს ჰგავს. ის ინფორმაცია, რომელიც ამ დოკუმენტებშია, რუსეთს ბუნებრივ ეჭვმიტანილად აქცევს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ ვიცით“, თქვა ჰოფმანმა.

„ამერიკის ხმასთან“ დოკუმენტების გაჟონვაზე საუბრისას, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ დაზვერვის სააგენტოების თანამშრომლობა დიდწილად პარტნიორებს შორის ნდობაზეა დამოკიდებული და მომხდარი ინციდენტი შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ამერიკის მოკავშირეებთან ურთიერთობისთვის. ჰოჯესისთვის მეორე ფაქტორი ის არის, გაჟონვის შედეგად მოწინააღმდეგეს შეუძლია დაზვერვის წყაროებისა და მეთოდების დადგენა, რაც დაზვერვის სამსახურისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

„არასოდეს გინდა, რომ შენმა მტერმა იცოდეს, თუ რა იცი შენ მის შესახებ. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ შეუძლიათ გაარკვიონ, თუ საიდან იცი ის, რაც იცი. ეს ძალიან საზიანოა. მეორეს მხრივ, არ მგონია, რომ რაიმე კონკრეტული საბრძოლო გეგმები გამჟღავნდა. არ ვფიქრობ, რომ უკრაინის მომავალ შეტევას ამ ინციდენტმა რაიმე ზიანი მიაყენოს. ასევე, არ მგონია, რუსები საკმარისად მოქნილები იყვნენ იმისთვის, რომ თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტებში მათთვის რაღაც ღირებული აღმოჩნდა, რომ ამ ინფორმაციის გამოყენება შეძლონ“, თქვა გენერალმა ჰოჯესმა.

ის არ გამორიცხავს, რომ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა რუსეთს, ან სხვა სახელმწიფოს უკავშირდებოდეს.

„ყოველთვის ვუშვებ, რომ რუსები ცდილობდნენ ჩვენს სისტემებში შეღწევას ინფორმაციის მისაღებად ან იქ ყალბი ინფორმაციის განსათავსებელად. საინფორმაციო სივრცე არის ომის წარმოების ერთ-ერთი სფერო, ამიტომ ყოველთვის ვვარაუდობ, რომ ეს ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ რუსეთი იყოს ჩართული“, თქვა ჰოჯესმა.

გრძელვადიანი ზიანი თუ დროებითი კრიზისი?

ექსპერტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ გაჟონვამ შეიძლება გრძელვადიანი ზიანი მიაყენოს ვაშინგტონის ურთიერთობას მოკავშირეებთან, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს დროებითი კრიზისი იქნება.

არ მგონია გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ქვეყნებთან ჩვენს ურთიერთობას დიდი ზიანი მიადგეს. მე უფრო შეშფოთებული ვარ იმით, რომ რუსეთს შესაძლოა ჰქონდეს წვდომა უკრაინის სამხედრო თავდასხმის გეგმებზე.
მეთიუ ბრაიზა

„პირველ რიგში, როდესაც საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროება ხდება, აშშ-ის მთავრობა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში დგება. ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს გაჟონვა ავლენს შეერთებული შტატების სადაზვერვო ოპერაციებს მოკავშირეების წინააღმდეგ, რაც არასდროს აღიქმება კარგად და ეს გასაკვირი არ არის. მეჩვენება, რომ ასეთმა ინციდენტებმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო საუბრები შიდა არხებით მოკავშირეებთან“, უთხრა „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციას კატოს ინსტიტუტის მკვლევარმა, დაგ ბენდოვმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და „ატლანტიკური საბჭოს“ ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა ბენდოვისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ რეპუტაციული ზიანი ამერიკისთვის შეზღუდული და მოკლევადიანი იქნება. მას ასევე მიაჩნია, რომ გამორიცხული არ არის, რომ რუსეთი დოკუმენტების გაყალბების პრაქტიკას აგრძელებდეს და ამას შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდეს.

„ეს განსაკუთრებით ეხება იმ დოკუმენტებს, რომლებშიც საუბარია რუსეთის სამხედრო დანაკარგების რაოდენობაზე უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. რუსეთი დიდი ხანია ცნობილია პოლიტიკური მიზნებისთვის ყალბი დოკუმენტების გამოქვეყნებით“, უთხრა ბრაიზამ „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციას. მან ასევე დასძინა, რომ ზიანი შეერთებული შტატებისთვის ისეთი კატასტროფული არ იქნება, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

„თუ გავიხსენებთ სნოუდენის მიერ დოკუმენტების გაჟონვას, მაშინ [გერმანიის კანცლერი] ანგელა მერკელი ძალიან გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ ამერიკა მის სატელეფონო საუბრებს უსმენდა. თუმცა, ვფიქრობ, ეს გადამეტებულია, რადგან გერმანიის სპეცსამსახურები მუდმივად აგროვებდნენ ინფორმაციას ამერიკელებზე და პირიქით. ასე რომ, ის არ უნდა ყოფილიყო ასე განაწყენებული. ისრაელის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი აქტიურად აწარმოებს სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას შეერთებულ შტატებში. იყო შემთხვევები, როცა ამერიკის მოქალაქეები ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს და პირიქით. ალბათ იცით, რომ ჯაშუშობას ორივე მხარე ახორციელებს”, - ამბობს ბრაიზა. “არ მგონია გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ქვეყნებთან ჩვენს ურთიერთობას დიდი ზიანი მიადგეს. მე უფრო შეშფოთებული ვარ იმით, რომ რუსეთს შესაძლოა ჰქონდეს წვდომა უკრაინის სამხედრო თავდასხმის გეგმებზე“, დასძინა ბრაიზამ.

თავდაცვის დეპარტამენტმა გაჟონვის წყაროების და მოტივების დასადგენად გამოძიება კვირის დასაწყისში დაიწყო. ამ დროისთვის შექმნილია სააგენტოთაშორისო ჯგუფი, რომელსაც ზიანის მასშტაბების დადგენასთან ერთად, იმის გამოვლენაც ევალება, ვინ და როგორ შეძლო საიდუმლო დოკუმენტების მოპარვა და არის თუ არა იმის საშიშროება, რომ მას ან მათ კიდევ ჰქონდეთ დამატებითი საიდუმლო დოკუმენტები.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG