ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს 10 მოსამართლე აშშ-ში USAID-ის პროგრამით იმყოფებოდა


აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) მთავარი ოფისი ვაშინგტონში, აშშ.
აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) მთავარი ოფისი ვაშინგტონში, აშშ.

10 ქართველი მოსამართლე, საქართველოს 7 სხვადასხვა სასამართლოდან, შეერთებულ შტატებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოსთან (USAID) პარტნიორობით, მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს. ინფორმაციას ვიზიტის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მოსამართლეები აშშ-ში 27 მარტს ჩავიდნენ და 6 აპრილს დაბრუნდნენ. პროექტის ფარგლებში საქართველოდან გაემგზავრნენ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, საგარეჯოსა და ახალციხის საქალაქო სასამართლოების, ასევე თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები.

"​შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ში წასვლის სურვილი გამოთქვა 60-მა მოქმედმა მოსამართლემ, შერჩევა კონკურენტული იყო.

"გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიის საყრდენს ყველგან. ის ხელს უწყობს ინოვაციას, განათლებას, საზოგადოების ინფორმირებულობას და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში. გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ხშირად, სწორედ სასამართლოს საშუალებით ხორციელდება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან", - აღნიშნავს საელჩო.

5 აპრილს, შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო შეზღუდვები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). შეზღუდვები, რომელთა საშუალებითაც მოსამართლეებს შეერთებულ შტატებში ვიზიტი ეკრძალებათ, ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დამატებით განმარტა ამ აკრძალვის მიზეზი. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG