ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახ.დეპის მაღალჩინოსანი: დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით 


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ანონიმურობის პირობაზე დაყრდნობით, „ამერიკის ხმასთან“ იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც, სახელმწიფო დეპარტამენტმა, 4 ქართველ მოსამართლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

ეს პირები ბოროტად იყენებდნენ სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიციებს და ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას

სატელეფონო საუბარში, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ ის გადაწყვეტილება, რაც ვაშინგტონში მიიღეს სანქცია არაა და მნიშვნელოვანია, რომ განსხვავება ამ ორს შორის მკაფიოდ იყოს განმარტებული: „ტექნიკურად, ეს სანქციები არა, არამდ ეს ვიზის შეღუდვაა. მათ შორის განსხვავებაა. მაგალითად მაგნიტსკის გლობალური აქტის სანქციები, რომელიც ამერიკის ხაზინის დეპარტამენტს აქვს მიღებული, გულისხმობს ფინანსურ სასჯელსაც. სანქციებს შეუძლია გაყინოს ქონება, დაბლოკოს ფინანსური გადარიცხვები ამერიკის მოქალაქესა თუ კომპანიებს და სანქცირებულებს შორის და ა.შ. ეს მხოლოდ ვიზის შეზღუდვებია“,- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტი.

რაც შეეხება მოტივებს. ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სახელმწიფო მდივანს კანონი ავალდებულებს კორუფციული სქემის, ან ქმედების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში ამ პირების წინააღმდეგ შეზღუდვები შემოიღოს: „როდესაც მთავრობის ოფიციალური პირები შემჩნეული არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ამის დამამტკიცებელი სანდო ინფორმაცია არსებობს, ამ პირებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აკრძალვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც, მეუღლეებს და შვილებს. ეს უფლებამოსილება, რომელიც სავალდებულო 5-6 წლის წინ გახდა, მიზნად ისახავს კორუფციის შეკავებას და მასზე პასუხიმგებლობის დაკისრებას“.

სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 აპრილს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ჩართულობის გამო ამერიკაში შესვლა აუკრძალა.

"ეს პირები ბოროტად იყენებდნენ სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიციებს და ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას და საზოგადოების რწმენას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი", - ეწერა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობაში ამ გადაწყვეტილებას მწვავედ გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „გასვარეს“ და რომ ამ გადაწყვეტილების უკან კორუფცია დგას. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია ვისზე, ან რა კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახებისთვის ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა და ის საქართველოს დასჯას არ ისახავს მიზნად.

„პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვიზის შეზღუდვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა. როგორც ჩემი კოლეგები დაადასტურებენ, როდესაც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია უცხოელი თანამდებობის პირების მიერ მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის შესახებ, ჩვენი კონგრესი გვავალდებულებს, რომ ამ პირებს ავუკრძალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა“,- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

ის ასევე განმარტავს, რომ შეზღუდვები მოსამართლეებს დაუწესდათ, ვინაიდან ისინი „ჩართული არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ეს დაკავშირებულია მათ ახლანდელ, ან ყოფილ პოზიციებთან. მათმა კორუფციულმა ქმედებებმა, ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, შესაბამისად საფრთხე შეუქმნა საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოსკენ“.

არჩილ თალაკვაძემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მომხდარს „სამწუხარო“ უწოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ენტონი ბლინკენს წერილი მისწერა, სადაც გადაწყვეტილების გადახედვა თხოვა. თუმცა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამ ოთხი მოსამართლისთვის პასუხისგების გარდა, ამ გადაწყვეტილებას სხვა მოტივებიც აქვს: „ეს ქმედება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამომავლოდ მხარდაჭერაში, ასევე იმის აუცილებლობას, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, რათა დარწმუნდნენ, რომ არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო.

ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო“.

დამოუკიდებელი სასამართლო და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთია. იმისთვის, რომ საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, 12-ივე მოთხოვნა უნდა შესრულდეს. სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ მათი სურვილია ქართველ ხალხს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ.

„მინდა დავარწმუნო, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ქართველი ხალხი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი გზით, რომ შეასრულოს ის ნაბიჯები, რომელიც გასულ წელს ევროკავშირმა მას წარუდგინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ეს ქმედება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამომავლოდაც მხარდაჭერაში

სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომლისკენაც ევროკავშირი "ქართული ოცნების" მთავრობას მოუწოდებდა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს "ქართულ ოცნებას", რომ გამოიძიოს და აღმოფხვრვა კორუფცია, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს მიუკერძოებელი სასამართლო და რომ ეს მოხდეს ინკლუზიურად“,- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობაში კითხვები გაჩნდა. ისინი მოითხოვენ, რომ ამერიკამ მტკიცებულებები წარადგინოს იმასთან დაკავშირებით, რის საფუძველზე მიიღო ოთხი ქართველი მოსამართლისთვის ვიზის შეზღუდვების გადაწყვეტილება. ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ თქვა: „ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ, ან საზოგადოებას მაინც უთხრან. კარგი, „ენჯეობის“ გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და საზოგადოებას უთხარი, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა დანაშაული ჩაიდინეს. რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა? რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში.“

ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო

სახელმწიფო დეპარტამენტში არ განმარტავენ ზუსტად რა კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, თუმცა მაღალჩინოსანი ამბობს: „ეს გრძელი პროცესია, მისი მიღების განხილვის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საფუძვლიანი პროცესია, ყოველთვის ვრწმუნდებით, რომ ინფორმაცია მკაცრად გადავამოწმოთ და დარწმუნებულები ვართ იმის სიზუსტეში, რაც გვაქვს“.

მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამერიკაში ჩასვლის აკრალვასთან ერთად, საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. ამას სახელმწიფო დეპარტამენტში კატეგორიულად უარყოფენ: „ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთს არასდროს უცდია, რომ საქართველო ომში ჩაერთო. განცხადებებზე, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ მეორე ფრონტის გახსნაში, მინდა გითხრათ, რომ პირველი ფრონტის არსებობაც არ გვსურს. ეს კითხვაა, რომელიც ვლადიმირ პუტინს უნდა დაუსვან. ჩვენ არ გვსურს არცეთ ფრონტზე ყოფნა. ასე რომ, არა, არანაირად არ ვუჭერთ მხარს მეორე ფრონტს და ასევე არასდროს გვითხოვია საქართველოსა, თუ სხვა ქვეყნისთვის რაიმე მსგავსის გაკეთება“,- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომლის მსგავსიც საქართველო-ამერიკის 30 წლიანი ურთიერთობების პერიოდში არ მომხდარა. შეკითხვაზე, იქონიებს, თუ არა ეს გავლენას ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გვეუბნება: „საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე ათწლეულებია, რაც ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა აქვთ. ამერიკის მთავრობა და ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას, რათა შეძლონ მიაღწიონ სასურველს. ასე რომ იმედი მაქვს, რომ განგრძობითი ფოკუსი იქნება იმაზე, როგორ დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს თავისთვის დათქმულ მიზნებს და როგორ შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავს პარტნიორებს ერთად იმუშაონ, რათა [საქართველოს] ამაში დაეხმარონ“.

შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა კვლავ იდგება ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ანგარიშვალდებულება იმ პირებისთვის, რომლებიც საჯარო მოხელის ძალაუფლებას პირადი ინტერესებისთვის იყენებენ. "ჩვენ ვდგავართ ყველა იმ მოსამართლის გვერდით, ვინც პატიოსნად და სიმამაცით, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად მოქმედებს", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG