ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი: "კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას"


აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოში ოთხ მოსამართლეს ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვის სანქციები დაუწესა.

შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებიდან მალევე, ვიდეო მიმართვა გაავრცელა. მან თქვა, რომ "სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები, საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში". ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვის სანქცია შეეხო მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს.

დეგნანის თქმით, ამ მოსამართლეებმა თავიანთი ქმედებებით "უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი", კონკრეტულად კი "მოსამართლეების მიმართ უკანონონო სარგებლის შეთავაზებით, ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვტილებები".

ვიდეო-მიმართვაში ელჩი დეგნანი იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა " მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება", "კორუფციული ქმედებები" და "დემოკრატიული პროცესების შებღალვა".

დეგნანის თქმით, ამ მოსამართლეების ქმედებებმა ქართველ ხალხს დააკარგინა ნდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის "ყველაზე მნიშვნელოვანის" მიმართ.

დეგნანმა განმარტა, რომ ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, კორუფციული სქემების შემუშავების, თუ მათში მონაწილეობის მტკიცებულება საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ კონკრეტული პირი, თუ პირთა ჯგუფი დასანქცირდეს.

დეგნანმა ასევე შეახსენა ქართველ ხალხს, რომ ცოტა ხნის წინ დემოკრატიის სამიტზე, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც იყო წარმოდგენილი, სადაც ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ზოგადად, დასავლეთს, თავისი ერთგულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი. დეგნანი ამბობს, რომ ამ პირობის დადებას, ასევე სჭირდება საქმით აღსრულება, "რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე - სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს".

დეგნანის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება ამერიკა კორუფციასთან ბრძოლას. მისივე თქმით, "კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას".

დეგნანის თქმით, დღევანდელი გაადწყვეტილებით, ამერიკა აჩვენებს როგორც ქართველი ხალხის დასავლეთში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერას, ისე მშრომელი და მიუკერძოებელი მოსამართლეებისადმი მხარდაჭერას, რომლებიც იმსახურებენ, რომ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში მუშაობდნენ.

ამავე თემაზე, საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე კომენტარი გააკეთა სენატორმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა წევრმა ჯეიმს რიშმაც.

"დროა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს ქართველი კორუმპირებული მოსამართლეებისთვის პასუხის მოთხოვნა. დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისასალმებელი. გავაგრძელებ ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული და ნათელი მომავალი", - დაწერა სენატორმა რიშმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ჩართულობის გამო ამერიკაში შესვლა აუკრძალა.

"ეს პირები ბოროტად იყენებდნენ სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიციებს და ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას და საზოგადოების რწმენას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა კვლავ იდგება ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ანგარიშვალდებულება იმ პირებისთვის, რომლებიც საჯარო მოხელის ძალაუფლებას პირადი ინტერესებისთვის იყენებენ. "ჩვენ ვდგავართ ყველა იმ მოსამართლის გვერდით, ვინც პატიოსნად და სიმამაცით, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად მოქმედებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მითითებული საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, ამერიკაში შესვლა შეეზღუდება ამ ოთხ პირს და მათი უშუალო ოჯახის წევრებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG