„ჩვენი პარტნიორები ცდილობენ მაქსიმალურად ხელი შეგვიწყონ და არ დაგვაშვებინონ, ის საბედისწერო შეცდომა, რომლის გამოსწორებაც, თუ კი ეს საერთოდ შესაძლებელია, თაობებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, იმიტომ, რომ ერთი თაობა მაგას ვერ გამოასწორებს“ - ასე აფასებს „ამერიკის ხმასთან“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზიტს საქართველოში, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ მაქსიმალურად ხელი შეგვიწყონ და არ დაგვაშვებინონ, საბედისწერო შეცდომა"თენგიზ ფხალაძე, ECIPE-ს უფროსი მკვლევარი
მისი თქმით, ანალენა ბერბოკის ვიზიტიც და „ის განცხადებაც, რომელიც ვიზიტიც წინ იქნა გაკეთებული, კიდევ და კიდევ ხაზს უსვამს, აი, ამ მიზანს.
საქართველო მაშინ იქნება სუვერენული სახელმწიფო თუ მას ექნება სტრატეგიული ალიანსი დასავლეთთან. სტრატეგიული ალიანსი ნიშნავს, რომ საქართველო არის იმ გაერთიანებების წევრი, რასაც ევროკავშირი და ნატო ჰქვია. სხვა არჩევანი ავტომატურად გულისხმობს რუსეთის ხელში ჩავარდნას“ - მიაჩნია თენგიზ ფხალაძეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თბილისში გამოგზავრებამდე აღნიშნა, რომ “ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, საქართველოს ჩამოცილებისა პროევროპული კურსიდან, რომელსაც ქართველების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ჩვენ ვხედავთ იმ ზეწოლას, რომელიც ქვეყანაზე შიგნიდან და გარედან ხორციელდება”.
“ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, საქართველოს ჩამოცილებისა პრო-ევროპული კურსიდან"ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოს პარლამენტში, ე.წ „აგენტების“ კანონპროექტის გატანის მცდელობა და შემდეგ, უკან გატანა, ქართული საზოგადოების მტკიცე პროტესტის ფონზე, გერმანიის საგარეო უწყების მიერ, სწორედ დასავლური კურსიდან, საქართველოს ჩამოცილების მცდელობად იქნა შეფასებული. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ამ კანონპროექტის ჩაგდებით უკმაყოფილო დარჩა რუსეთი იყო.
„როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით აცხადებ, რომ შენ ელი დასავლეთიდან საფრთხეს, ებრძვი „დასავლურ გავლენებს“, ამბობ, რომ „დასავლეთი აფინანსებს შენთან გადატრიალებებს“, ეს პირდაპირ, ერთ-ერთში ჯდება რუსულ ნარატივში“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საქართველოს საგარეო დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ანდრო გოცირიძემ.
უსაფრთხოების სპეციალისტის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ ზუსტად იგივე მესიჯები გააჟღერეს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ "საგარეო მინისტრმა", რომელიც კრემლშია გაზრდილი.
„როდესაც ასეთი თანხვედრა გაქვს რუსული პოლიტიკური ელიტის სახელმძღვანელოსთან, აქ უკვე ორი აზრი არ არის, რომ ეს იყო საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის მცდელობა"ანდრო გოცირიძე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი
„როდესაც ასეთი თანხვედრა გაქვს რუსული პოლიტიკური ელიტის სახელმძღვანელოსთან, აქ უკვე ორი აზრი არ არის, რომ ეს იყო საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის მცდელობა. ამის მიზეზი „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება ყოფილიყო მუდმივად ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი, ხოლო ინფილტრირებული რუსეთის სპეცსამსახურებისთვის, ეს იყო საქართველოს დასავლური ორბიტიდან მოწყვეტის მცდელობა“ - ამბობს ანდრო გოცირიძე.
საქართველოს ხელისუფლება კვლავაც კატეგორიულად უარყოფს, რომ ე.წ „აგენტების“ კანონპროექტი ანტიდასავლური, ხოლო მისი კანონად ქცევის მცდელობა, ქვეყნის დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსიდან გადახვევა იყო.
„აშკარად იკვეთება, რომ რეალობას არის აცდენილი ეს ადამიანი“ - ასე შეაფასა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით - აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე“.
„აშკარად იკვეთება, რომ რეალობას არის აცდენილი ეს ადამიანი (ბერბოკი). ეს არის იმ კურსის და ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით, აბსოლუტურ სიცრუეს"კახა კალაძე, თბილისის მერი, "ქართული ოცნების" ლიდერი
ანალოგიური სულისკვეთების იყო, პარლამენტის ვიცეს-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებაც, რომელმაც ანალენა ბერბოკის შეფასებას „არასწორი“ და „სიცრუე“ უწოდა.
“რატომ ხდება ეს? ცხადია, ეს მოდის არაფორმალური მმართველისგან, რომლის დამოკიდებულებასაც გამოხატავენ ეს ადამიანები“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ დიპლომატი, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე.
მისი თქმით, „ამ ადამიანებს რუსული ტიპის სახელმწიფო მოსწონთ, სწორედ ამის შედეგი იყო, „აგენტების“ რუსული კანონპროექტიც, რადგან ასე მარტივია ხალხის მართვა.
იმ ტიპის სახელმწიფოს აშენება უნდათ, რომელიც დღეს მარცხდება, რომელიც გაირიყა მთელი მსოფლიოსგან და რომლის ლიდერებს გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან. ცდილობენ, ასეთი სახელმწიფოს აშენებას, ამაზე მეტი არაპრაგმატული და არაკონსტუქციული მიდგომა საკუთარი ქვეყნის მიმართ, ვერ წარმომიდგენია“ - ამბობს მამუკა გამყრელიძე.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან გამოფრინდა. გერმანული მედიის ცნობით, ბერბოკის ლაინერი თბილისის აეროპორტში, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დამჯდარიყო, თუმცა თბილისში დაშვებისას, Airbus A340-300-ის მფრინავმა, ასაფრენ ზოლზე სხვა თვითმფრინავი შენიშნა და დაშვების ნაცვლად, მყისიერად მეორე წრეზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის გამო ანალენა ბერბოკის ლაინერი თბილისში 20 წუთის დაგვიანებით დაჯდა. საქაერონავიგაციას განმარტება ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თბილისის აეროპორტში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთალაძე დახვდა. ნიშანდობლივია, რომ აეროპორტში საქართველოს და გერმანიის დროშების გვერდზე, ევროკავშირის დროშა არ ფრიალებდა.
ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ანალენა ბერბოკი შეხვდება არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციას, სტუდენტებს ილია უნივერსიტეტში, პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე ეწვევა ოკუპაციის ხაზს.
გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გერმანია სრულად უჭერს ხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. "თბილისში მთავრობას დაველაპარაკები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე.
„ამ ადამიანებს რუსული ტიპის სახელმწიფო მოსწონთ, იმ ტიპის სახელმწიფოს აშენება უნდათ, რომელიც დღეს მარცხდება"მამუკა გამყრელიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში
დემოკრატიული სტანდარტების დაცვის გარდა, პირველ რიგში ლაპარაკია მედიის თავუსუფლებაზე, დინამიური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებაზე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ საჯარო დისკუსიაზე - უკიდურესად განსხვავებული პოზიციების პირობებშიც კი.
ევროკავშირში ჩვენ ფასეულობები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ: ამ თვალსაზრისით შემოკლება ან ფასდაკლება ვერ იქნება“ - ნათქვამია ანალენა ბერბოკის გზავნილში, რომელიც თბილისში ვიზიტამდე გავრცელდა.
განახლება - 24 მარტი: საქაერონავიგაცია უარყოფს გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა.
„23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად მფრინავის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული, ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“ - წერია საქაერონავიგაციის განცხადებაში.