ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"არადემოკრატიული საქართველო ვერ იქნება დასავლური ოჯახის წევრი" - ამერიკელი ექსპერტები


"ქართული დემოკრატიის მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა" - ასე შეაფასეს ვაშინგტონში ექსპერტებმა ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებული პროცესები. ერთი მხრივ უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის ინიცირების, მეორე მხრივ კი, პროტესტზე ძალისმიერი რეაგირების კუთხით. ანალიტიკოსების შეფასებით, შეთავაზებული და შემდეგ უკან გაწვეული კანონპროექტი მხოლოდ ერთ-ერთი, უკანასკნელი ნაბიჯი იყო იმ ქმედებებს შორის, რომლებიც თანდათან აშორებდა საქართველოს თავის დასავლურ ოჯახს და მისი ორიენტაციის ცვლილებაზე მიუთითებდა. ამერიკის დედაქალაქში ფიქრობენ, რომ გამორჩეულად მნიშვნელოვანი ამ კანონის რუსულ კანონთან მსგავსება, მეორე მხრივ კი - მისი ინიცირების დრო და კონტექსტი იყო.

რატომ ახლა, რატომ კანონი, რომელიც ასე ჰგავს იმას, რაც რუსეთის მთავრობას აქვს ამოქმედებული ძალზე ცხადი მიზნით, რომ ძირი გამოუთხაროს ნებისმიერ ოპოზიციას მის მიმართ",
- მეთიუ ბრაიზა

კანონპროექტი, რომელსაც ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი, ქვეყნის გარეთ კი უპრენცედენტო კრიტიკა მოჰყვა, პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო. თუმცა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კანონპროექტი უარყოფითად მხოლოდ „სიცრუის მანქანამ“ წარმოაჩინა და „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად“, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ ამ კანონის საჭიროებასა და მნიშვნელობას. ექსპერტებს ვაშინგტონში არ ესმით, როგორ შეიძლება დაეხმაროს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევრო-ანტლანტიკურ ინტეგრაციაში.

ლუკ კოფი, ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი ამბობს, რომ ამ კანონის საჭიროებასთან ერთად, დროულობაც კითხვებს აჩენს:

ლუკ კოფი
ლუკ კოფი

"ვერ ვხედავ, როგორ რგებდა ეს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველოს გასულ ზაფხულს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. რატომ უნდა წარმოადგინო კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ევროპული ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას. ვერ ვხედავ, როგორ რგებს ეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას. ამასთან, ალბათ, ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამით კმაყოფილი შეიძლებოდა ყოფილიყო, რუსეთია. და ეს ჩემთვის საგანგაშოა", - ამბობს მკვლევარი.

ინიციატორთა ნაწილი ამ კანონის საჭიროებისა და „პროდასავლურობის“ დასტურად ამერიკაში არსებულ რეგულაციებს იყენებს. ლუკ კოფი ფიქრობს, რომ შედარებები ამერიკულ კანონმდებლობასთან აბსოლუტურად უსარგებლოა, რადგან საქართველოში ინიცირებული კანონმდებლობა არაფრით ჰგავდა ამერიკულს, ვინც ამ შედარებას იყენებს, სულ მცირე - არაა გულწრფელი, ან მტკნარ სიცრუეს იმეორებს. მისი თქმით, თუნდაც ასე არ იყოს, საქართველო თავის ინტერესებსა და დემოკრატიულ დასავლურ ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა ქმნიდეს საკუთარ კანონმდებლობას და არც ამერიკულ და, მით უფრო, არც რუსულ კანონებს არ აკოპირებდეს.

ალბათ ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამით კმაყოფილი შეიძლებოდა ყოფილიყო, რუსეთია. და ეს ჩემთვის განგაშის საგანია",
- ლუკ კოფი

„ჩვენ არ გვჭირდება, რომ საქართველომ თავისი კანონმდებლობა ამერიკულ კანონმდებლობას მოარგოს. და ნამდვილად არ გვსურს, რომ რუსეთს მოარგოს. ქართველმა ხალხმა თავად უნდა დაადგინოს, რა არის მათ ინტერესებში, რა იმუშავებს მათთვის საუკეთესოდ და საკუთარი კანონმდებლობა კონკრეტულ პრინციპებს დააფუძნონ", - ამბობს კოფი და განმარტავს, რომ ამ პრინციპთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომ არასდროს შეიზღუდოს სიტყვისა და მედიის თავისუფლება, ან სამოქალაქო საზოგადოება.

"მეორეც, ნებისმიერი კანონმდებლობის შემუშავებისას საქართველოს უნდა ახსოვდეს ევრო-ატლანტიკური მიზნები, და ის, რომ ის სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ესაა ის ორი ფუნდამენტური პრინციპი, რაც ქართველებმა უნდა გაითვალისწინონ, როცა ნებისმიერი კანონმდებლობის ბედს წყვეტენ".

ანალიტიკოსების შეფასებით, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონმდებლობის ინიცირება მხოლოდ უკანასკნელი ნაბიჯი იყო იმ ქმედებებს შორის, რომლებიც თანდათან აშორებდა საქართველოს დასავლურ ოჯახს და მისი ორიენტაციის ცვლილებაზე მიუთითებდა. გამორჩეულად საგულისხმო კი ამ კანონის ერთი მხრივ, რუსულ კანონთან მსგავსება, მეორე მხრივ კი კონტექსტი და დრო იყო.

მეთიუ ბრაიზა
მეთიუ ბრაიზა

მეთიუ ბრაიზა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ხსნის, რომ პრინციპის დონეზე არაფერია ცუდი იმაში, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და სხვები ასაჯაროებდნენ მათი დაფინანსების წყაროებს. ეს ნამდვილად არის ის, რაც ამერიკაში ხდება: "ამგვარი გასაჯაროება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, უცხო ქვეყნის მთავრობას არ შეეძლოს საიდუმლოდ მოახდინოს გავლენა ამერიკის მთავრობაზე. თუკი ყველამ იცის, რომელი მთავრობა გიხდის ფულს, მაშინ უფრო ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ წვდომას ბოროტად გამოიყენებ- ესაა პრინციპი", - განმარტავს ამერიკულ კანონმდებლობას და მის მიზნებს ბრაიზა. მაგრამ დასძენს, რომ ქართულ კანონთან დაკავშირებით ბევრი სხვა კითხვაც ჩნდება, რომლებიც უფრო პრობლემურია:

ნებისმიერი კანონმდებლობის შემუშავებისას საქართველოს უნდა ახსოვდეს ევრო-ატლანტიკური მიზნები, და ის, რომ ის სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში", -
ლუკ კოფი

"რატომ ახლა, რატომ კანონი, რომელიც ასე ჰგავს იმას, რაც რუსეთის მთავრობას აქვს ამოქმედებული ძალზე ცხადი მიზნით, რომ ძირი გამოუთხაროს ნებისმიერ ოპოზიციას მის მიმართ, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, თუ სხვა ქვეყნის მთავრობების მხრიდან.... თუ არ არსებობს დებატები, არ არსებობს არც დემოკრატია. კრიტიკა დემოკრატიის ნაწილია და ის ჯანსაღია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერ ვხედავ პრობლემას სხვა ქვეყნის გავლენის გამოაშკარავებასთან, მაგრამ რუსეთს ახლა სწორედ საქართველოს დესტაბილიზება სურს".

ანალიტიკოსების აზრით, რუსულ კანონმდებლობასთან მსგავსებასთან ერთად, უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ამ კანონის ინიცირებას წინ მმართველი პარტიის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან ძალიან ფართომასშტაბიანი, მრავალგვარი და ინტენსიური, თანმიმდევრული ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკა უძღოდა. ეს კი მხოლოდ აძლიერებს ეჭვს, შიშსა და სიფრთხილეს ქვეყნის დასავლურ კურსთან დაკავშირებით:

თაობათა არჩევანი - "არა რუსულ კანონს"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:45 0:00

"ამ კანონმდებლობის ინიცირება იყო მხოლოდ ერთ-ერთი უკანასკნელი ნაბიჯი, ქმედებების მთელი იმ სერიიდან, რომლებიც ახდენს საქართველოს რეორიენტირებას ევროპისგან, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან სხვა მიმართულებებისკენ, ან რუსეთის მიმართულებით. ერთ-ერთი პირველი ასეთი ნაბიჯი ანაკლიის პორტის პროექტის უარყოფა იყო - დიდი ამერიკული ინვესტიციის, რომელიც ქართულ ეკონომიკას ევროპას უპრეცედენტოდ მიაბამდა... ახლა კი ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, მცოცავი მოძრაობა, საქართველოს რეორიენტირება მისი ნამდვილი სახლისგან, ევროპისგან", - მიიჩნევს მეთიუ ბრაიზა.

ლუკ კოფი კი ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ამერიკისა და მისი ელჩის ისეთი კრიტიკა და ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დროს ისმის, წლების წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. ამას ემატება ის აბსოლუტურად მცდარი მტკიცებაც, თითქოსდა ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა სურს. ბრაიზა ფიქრობს, რომ ეს მრავალგვარი [კრიტიკული] განცხადებები, რომელიც ვაშინგტონიდან ბოლო დროს გვესმის, სწორედ იმ სიტუაციის შედეგია, რამაც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში ერთგვარი დაძაბულობა შექმნა.

"ჰადსონის ინსტიტუტის" მკვლევარს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით, მიაჩნია, რომ ეს და სხვა მოვლენებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას უპირველესად ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებს.

"ეს პროტესტი არის ერთგვარი მანიფესტაციაც იმ ზოგადი იმედგაცრუებისა, რაც, ვფიქრობ, ბევრ ქართველს აქვს თავიანთი პოლიტიკური ელიტის მხრიდან. იქნება ეს მმართველი „ქართული ოცნება“, თუ - ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რომელმაც ვერ მოახერხა ერთიანი პლატფორმის შექმნა და სანდო ალტერნატივის შეთავაზება მოქმედი მთავრობის საპირწონედ", - ამბობს კოფი.

ვაშინგტონი და ბრიუსელი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმა. კრემლი უკმაყოფილოა. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ განაგრძობს მუშაობას იმაზე, რომ მოქალაქეები მსგავსი კანონმდებლობის საჭიროებაში დაარწმუნოს.

XS
SM
MD
LG