ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩო: ''დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა''


ამერიკის საელჩომ საქართველოში "უცხოეთის აგენტების გავლენის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა",- ამ სიტყვებით იწყება განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელებში, შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. განცხადებაში საელჩო კანონს "კრემლისგან შთაგონებულს" უწოდებს.

"ასეთი კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი", - განმარტავს საელჩო.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დასავლეთში არაერთი უარყოფითი განცხადება გავრცელდა. მათ შორის, გასულ კვირას, კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმაც, რომელმაც თქვა, რომ ამ კნოანპროექტის მიღება საქართველოში დამოუკიდებელ ხმებს ჩაახშობს.

მოქალაქეების ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს პარლამენტთან იკრიბება და კანონპროექტის განხილვას აპროტესტებს. აქცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან ახლაც მიმდინარეობს. მას სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები უერთდებიან.

XS
SM
MD
LG