ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები მმართველ უმრავლესობას მოუწოდებენ, გადახედოს კანონპროექტის გატანის საკითხს


თბილისში მეორე დღეა გრძელდება ხალხმრავალი დემონსტრაციები პარლამენტის მიერ ნაჩქარევად, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში ე.წ. უცხოური აგენტების საკითხს ეხება. ის საქართველოს პარლამენტში “ხალხის ძალის" მიერაა ინიცირებული. კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მოკავშირე ქვეყნების საელჩოებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და უცხოელმა პარტნიორებმა. კანონპროექტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. კანონპროექტის გატანას მხარს უჭერს მმართველი ძალა "ქართული ოცნება" და საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საპროტესტო აქციებს საქართველოს ხელისუფლება უკვე მეორე დღა არბევს.

კანონპროექტთან და მის გასაპროტესტებლად გამოსული მომიტინგეების დარბევასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გააკეთეს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატორმა ჯინ შაჰინმა; სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა; სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა; სენატის უმრავლესობის მდივანმა სენატორმა დიკ დურბინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა პიტ რიკეტსმა.

„ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობის გასაპროტესტებლად, ნათლად ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯი არა მხოლოდ თავს ესხმის საქართველოში დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს“, - განაცხადეს სენატორებმა.

„თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, მის საზიანო შედეგებზე პასუხისმგებელი ცალსახად მმართველ პარტია იქნება, რომელმაც უარი თქვა შეესრულებინა საკუთარი ვალდებულება და ეკონომიკური და უსაფრთხოების მისწრაფებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დასავლეთთან მიმართებაში. ეს კანონი მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკური საზოგადოებიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ სურს გაწევრიანება.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელი კანონპროექტის გატანას, რათა თავიდან აიცილოს კიდევ ერთი მარცხი მათ დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და იმუშაოს ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს საშუალება მის მოქალაქეებს გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი - ეს არის ძირითადი უფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს ნებისმიერ დემოკრატიაში”, - აცხადებენ ისინი.

კონგრესის დელეგაცია საქართველოში თებერვლის ბოლოს იმყოფებოდა სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG