ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტის შენობის წინ გზა გადაიკეტა - აქცია 7 საათზე დაიწყება


პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია თბილისში, საქართველო. 8 მარტი, 2023 წ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია თბილისში, საქართველო. 8 მარტი, 2023 წ.

„არა რუსულ კანონს“ ამ სლოგანით მორიგი საპროტესტო აქცია თბილისში სულ რამდენიმე საათში დაიწყება. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე შეწყვეტილია, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს. დემონსტრანტებს ადგილზე მიაქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

მსვლელობა პარლამენტისკენ დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ. მანამდე ისინი უნივერსიტეტში „რუსული კანონის“ საფრთხეებზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდნენ.

პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ე.წ. რუსულ კანონპროექტს. ის საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც პარლამენტის შენობასთან აქცია მოჰყვა.

სამართალდამცავებს და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან 7 მარტის ღამეს პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი, 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლებით. საქმე აღიძრა სისხლი სამართლის კოდექსის ორი მუხლითაც.

საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის - შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლები.

„ქართული ოცნება“ კრიტიკას არ იზიარებს და პირველი მოსმენით მიღებულ კანონის პროექტს ვენეციის კომისიას უგზავნის.

„ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის, - წერს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილი კლერ ბაზი მალორს სთხოვს, მოამზადდეს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე. როგორც მისი წერილიდან ირკვევა, კომისიას "ხალხის ძალის" ორივე კანონპროექტი გაეგზავნა, მათ შორის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებული ვერსია. მეორე ვერსია პარლამენტს არც განუხილავს.

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცვალებად კომპლექსურ გარემოში მდებარეობს. ასეთ პირობებში ჩნდება ხოლმე ისეთი ახალი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირება. აღნიშნული საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის საჭიროა როგორც ყველა დაინტერესებული მხარის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტები, ისე უსაფრთხოების გამოწვევების უფრო სერიოზულად გააზრება.

ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით." - ნათქვამია წერილში.

7 მარტს დღის პირველ ნახევარში ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა.

კანონპროექტი პარლამენტში "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა. მოძრაობის წევრებმა "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიზეზად "მეტი სიმართლის" თქმა დაასახელა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინტერესების მიმართ ეჭვის გამჩენი განცხადებების გავრცელება დაიწყო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG