"მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტარებს, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს კანონპორექტს მხარი დაუჭირეს", - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში მოწვეულ საგანგებო ბრიფინგზე. მან "ტყუილი" უწოდა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის ბრალდებებს, რომ ეს კანონი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ემსახურება. კობახიძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კანონპროექტის უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ ქვეყანაში მხოლოდ გამჭვირვალობის შემოსატანად და „რადიკალიზმის შემცირებისთვისაა“ მიღებული.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, ვისაც სამართალდამცავები წყლის ჭავლისა და ძალის გამოყენებით შლიან, სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან ასევე თქვა, რომ დაფიქსირდა სამართალდამცავებზე ძალადობა დემონსტრანტების მხრიდან და რომ ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კობახიძე ამბობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა არ მომხდარა.
ირაკლი კობახიძემ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიციატორების და მისი მხარდამჭერი პარლამენტარების მისამართები ვრცელდება და ამას „ფაშიზმი“ უწოდა. „ფაშიზმს კი არაფერი აქვს საერთო ევროპასთან“,- თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეკითხვა ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც დაუსვეს, რომელშიც საელჩო ამბობდა, რომ "დღეს ქართული დემოკრატიისთვის შავი დღეა. კობახიძემ პასუხად თქვა, რომ "შავი დღე საქართველოში მხოლოდ "რადიკალებს" დაუდგათ" და სხვას - არავის.