ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ორგანიზაციები: "ხელისუფლება უცხოეთის აგენტებზე კანონს იარაღად გამოიყენებს"


საქართველოს პარლამენტმა გადაჭრით უნდა უარყოს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ ორი კანონპროექტი, რომლებსაც ის განიხილავს, - განაცხადეს 7 მარტს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა.

ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს კანონპროექტები არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას ადამიანის უფლებების სფეროში და სტანდარტებს, რომლებიც იცავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას“.

„უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების მიზანი იმ დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მარგინალიზაცია და დისკრედიტაციაა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება და რომლებიც საქართველოს ფართო საზოგადოებრიობის ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა.

„ისინი აშკარად გამიზნულია კრიტიკული ჯგუფებისა და მნიშვნელოვანი მედიის შესაზღუდად, ის არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და სერიოზული შემაფერხებელი ზემოქმედება ექნება ჯგუფებსა და კერძო პირებზე, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად", - ამბობენ ორგანიზაციაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ განსახილველად წარდგენილი კანონპროექტებით გათვალისწინებული ვალდებულებები იმეორებს საგადასახადო და სხვა ორგანოების მიმართ უკვე არსებულ ვალდებულებებს და კიდევ უფრო შეუქმნის საფრთხეს მათ კონფიდენციალურობას, ვინც დაკავშირებულია ამ კანონით განსაზღვრულ სუბიექტებთან.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, კანონპროექტების მომხრეებს არ აუხსნიათ, კონტროლის ეს დუბლირება როგორ გაზრდის გამჭვირვალობას ან ანგარიშვალდებულებას. „როგორც ჩანს, [კანონპროექტები] წარმოადგენს აშკარა მცდელობას, შეზღუდოს ასოციაციებისა და მედიის შესაძლებლობა, იმოქმედონ თავისუფლად და დამოუკიდებლად, და მოახდინოს დამოუკიდებელი ჯგუფების სტიგმატიზაცია", - ნათქვამია Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის ერთობლივ განცხადებაში.

საერთაშორისო უფლებადამცველთა თქმით, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით გათვალისწინებული ბევრი ცნება ბუნდოვანია. მათ შორისაა „პოლიტიკური საქმიანობა“, რომელიც კანონით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული და ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს გაერთიანების თავისუფლების შესახებ უფლებები.

Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი ახსენებენ ამერიკის კანონმდებლობას უცხოეთის აგენტთა რეგისტრირების შესახებ (FARA) და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტების ინიციატორთა მხრიდან მასთან შედარება არ არის გულწრფელი და ის მცდარია, ვინაიდან შეერთებულ შტატებში ეს კანონი, პირველ ყოვლისა, არეგულირებს ლობისტების საქმიანობას და არ წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის დასუსტების იარაღს.

„სხვადასხვა გამონათქვამი კანონპროექტების ინიციატორთა და მმართველი პარტიის ლიდერთა მხრიდან, რომლებიც სულ უფრო მეტად კრიტიკულად არიან განწყობილი იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ოპოზიციას უჭერენ მხარს, აშკარად მოწმობს, რომ მიღების შემთხვევაში ხელისუფლება ამ კანონს იარაღად გამოიყენებს იმ დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიასაშუალებების შემდგომი სტიგმატიზაციისა და დასჯისთვის, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი", - წერენ Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი.

უფლებადამცველები განმარტავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება „რადიკალურად“ მიიჩნევს ჯგუფებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მთავრობის გადაწყვეტილებებს და მათ ბრალს სდებს ქვეყანაში პოლარიზაციის ხელშეწყობაში.

„მსგავსი განცხადებები დამაშინებელ სიგნალს უგზავნის სახელმწიფოს კრიტიკოსებს, რომლებსაც შესაძლოა რეპრესიების შიშით ხელი ააღებინონ საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვაზე,“ წერენ განცხადების ავტორები.

ისინი ასევე ამბობენ, რომ „კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებით (ICCPR) ნაკისრ ვალდებულებებს“.

განცხადებაში საუბარია ასევე რუსეთში მოქმედ შესაბამის კანონმდებლობაზე, რომელიც მწვავე კრიტიკის საგანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2022 წელს დაადგინა, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსეთის ეს კანონმდებლობა არღვევს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანებების თავისუფლების უფლებას.

„შეთავაზებული კანონპროექტები არღვევს უფლებას გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ამიტომ ისინი არასოდეს უნდა იყოს მიღებული. ისეთი კანონპროექტების მიღების ნაცვლად, რომლებიც აშკარად ხელს უშლის დამოუკიდებელი ხმების მუშაობას, რომლებიც მთავრობას არ მოსწონს, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს გზებზე, რომლებიც საჭიროა სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს გარანტირებისთვის“, - განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა მერი სტრაზერსმა.

XS
SM
MD
LG