ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა ამოიცნო ის უკრაინელი ტყვე, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ, რუსებმა დახვრიტეს


ოფიციალურმა კიევმა იმ უკრაინელი სამხედროს იდენტობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მკვლელობის ვიდეოც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, კიევი კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ ომის დანაშაულებების გამოძიება აუცილებელია.

უკრაინის 30-ე მექანიზებული ბრიგადის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 მარტს მათ ამოიცნეს მამაკაცი, რომლის სახელი და გვარიც ტიმოფეი მიკოლაევიჩ შადურაა და ის სწორედ 30-ე ბატალიონში მსახურობდა.

"ტიმოფეი შადურა დაკარგულად მიიჩნეოდა 2023 წლის 3 თებერვლის, ბახმუტში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების შემდეგ",- ნათქვამია განცხადებაში.

"ჩვენი ჯარისკაცის ცხედარი, ახლა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. საბოლოო დასტური ამ ადამიანის იდენტობის შესახებ გავრცელდება მას შემდეგ, რაც ცხედარი დაგვიბრუნდება და შესაბამისი შემოწმება ჩატარდება",- ვკითხულობთ იმავე განცხადებაში.

30-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა მოკლული ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ "შურისძიება გარდაუვალი იქნება".

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩანს, როგორ დგას ტყვედ აყვანილი უკრიანელი სამხედრო. როგორც ვიდეოში ვხედავთ, ის უკანასკნელ ღერ სიგარეტს ეწევა, ვიდეოს ბოლოს კი ამბობს: "დიდება უკრაინას", შემდეგ კი დიდი ალბათობით, მას ავტომატური იარაღით ხვრეტენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს "საშინელება" და იმის მტკიცებულება უწოდა, რომ ამ ომის მიზანი "გენოციდია". ვიდეოს გავრცელებიდან მალევე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფოტო წარწერით: "დიდება გმირს! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!"

XS
SM
MD
LG