ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რინკევიჩი: ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის დახმარება ესკალაციაა, ძალიან ცდება


ედგარს რინკევიჩი
ედგარს რინკევიჩი

"ვლადიმირ პუტინის ბირთვული შანტაჟი სასოწრაკვეთის აქტია, რადგან მისი ომი უკრაინაში არც ისე კარგად მიდის", - ამბობს ედგარს რინკევიჩი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. ბალტიისპირეთის ქვეყნის პირველი დიპლომატის აზრით, რუსეთის მიზანი სულაც არაა მოლაპარაკებები და ის დიპლომატიისთვის მიცემულ დროს, როგორც წესი, აგრესიის განახლებისთვის იყენებს. მისი აზრით, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ვითარების ესკალაციას არა კრემლი, არამედ - უკრაინის სამხედრო დახმარება იწვევს, ძლიერ ცდება. ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი „ამერიკის ხმას“ ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის დახმარების გაზრდაზე, რუსეთის ბირთვულ შანტაჟზე და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივებზე ესაუბრა. მინისტრის შეფასებების მოსასმენად იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავენ ევროკავშირში საქართველოს დასავლურ პერსპექტივებს და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, უყურეთ "ამერიკის ხმის" ყოველკვირეულ გადაცემას "ვაშინგტონი დღეს" კვირას, 2 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 14:35-ზე.


მინისტრო რინკევიჩ, თქვენ ვაშინგტონში მოკლე ვიზიტისას მნიშვნელოვანი შეხვედრები გქონდათ. ლატვიას ამერიკის შეერთებულ შტატეებთან დიპლომატიური ურთიერთობების 101 წელი აკავშირებს და ზუსტად 19 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლატვია ნატოს წევრი გახდა. რა ძირითადი გამოწვევები განიხილეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან?

ვლადიმირ პუტინის ბირთვული შანტაჟი არის სასოწარკვეთის აქტი, რადგან ომი უკრაინაში მისთვის არც ისე კარგად მიმდინარეობს, ეს არც სამი დღე აღმოჩნდა, არც სამი კვირა და არც სამი თვე, მათ ვერ მოახერხეს ვერც ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის აღება.

უმთავრესი საკითხი, რასაც ჩვენ განვიხილავთ ყველასთან, ვისაც კი მე აქ შევხვდი, არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ის, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას. ვფიქრობ ეს წელიწადი ძალიან გადამწყვეტია. რა თქმა უნდა ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველა ის იარაღი და ამუნიცია, რასაც ის ითხოვს და ცხადია, მნიშვნელოვანია სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ. გვჯერა, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. განსაკუთრებით კი ბელარუსის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ჩვენს საზღვრეებთან მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღი იქნება. ასევე განხილვის საკითხია ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტი და ის, თუ როგორ წავიდეთ წინ მადრიდის სამიტიდან ვილნიუსამდე და მის მიღმა. ამას გარდა, ნამდვილად არის ქვეყნები, რომლებსაც გვჯერა, რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგალითად მოლდოვა, კავკასიის ქვეყნები, ცენტრალური აზიის ქვეყნები და ა.შ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე რიგაში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთგვარი დმეოკრატიული კედელია ევროპისთვის. ამ ომის 13 თვის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები, როგორ ფიქრობთ, როგორია ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ევროპის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა?

ვფიქრობ მსოფლიო უფრო და უფრო რთული ადგილი ხდება. ვითარება აღარ ჰგავს იმას, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ იყო, როცა ნათელი იყო, რომ არსებობდა მხოლოდ ერთი გზა და ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა იყო. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში დემოკრატიული სტანდარტების სერიოზული გაუარესებაა. ვხედავთ, რომ რუსეთი რეალურ აგრესორად, რევიზიონისტად იქცა. ამ თვალთახედვით, ვფიქრობ, სამი უმთავრესი გამოწვევაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ:

პირველი და დაუყოვნებლივი გამოწვევა არის ომი ევროპაში. რუსეთის შეჩერება, უკრაინის დახმარება გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია და გაიმარჯვოს, არის ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი პლანეტის ინტერესებში. მოდით, თვალი გავუსწოროთ ამას, ბევრი სხვა ქვეყანა გვიყურებს. თუკი ჩვენ დავმარცხდებით, თუკი უკრაინა დამარცხდება, ეს სხვებისთვის წამქეზებელი იქნება მთელ მსოფლიოში, რომ იგივე გააკეთონ [რაც რუსეთმა].

პუტინის მიზანი არ არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, მისი მიზანია უკრაინის დაპყრობა და მისი „წმენდა“

მეორეც, მე მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ იმ გადაწყვეტილებების აღსრულება, რომლებიც მადრიდში მივიღეთ. აღმოსავლეთ ფლანგს სჭირდება მეტი ძალები, მეტი იარაღი. ამ კუთხით, მოგვწონს ეს თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური, ე.წ. მყარი უსაფრთხოება, სამხედრო უსაფრთხოება და საბოლოოდ, დიდი გამოწვევაა ის, თუ როგორ გავუმკლავდებით ჩვენს საზოგადოებებში არსებულ პრობლემებს, როგორ ვებრძვით დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, იმ სამწუხარო უარყოფით გავლენას, რაც სოციალურ მედიაში, ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, დაბალანსებისა და შემოწმების სისტემის გარეშე გავრცელებულ ცნობებს მოაქვს. როგორ გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოებების მდგრადობა - ეს თანაბრად ეხება ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნებისმიერ ქვეყანას დემოკრატიულ სამყაროში.

თქვენ ბელარუსი ახსენეთ. ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში განათავსებს და ამით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას არ დაარღვევს. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ომის ამ ეტაპზე ეს განცხადება და როგორი უნდა იყოს დასავლეთის ერთობლივი პასუხი?

ფიზიკური, ე.წ. „მყარი უსაფრთხოების“ თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის. რუსებს კალინინგრადში, ჩვენი საზღვრების სიახლოვეს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ისედაც ჰქონდათ ბირთვული იარაღი განლაგებული. არსებობდა ეჭვი, რომ ყირიმის ოკუპაციამდეც იყო გარკვეული მოძრაობები. ასე რომ, მე არ მჯერა, რომ ეს სამხედრო უსაფრთხოების კუთხით ვითარებას ფუნდამენტურად ცვლიდეს. თუმცა, მეორე მხრივ, მჯერა იმის, რომ ეს სასოწარკვეთის აქტია, რადგან როგორც ვხედავთ, ომი უკრაინაში ბატონი პუტინისთვის არც ისე კარგად მიმდინარეობს, ეს არც სამი დღე აღმოჩნდა, არც სამი კვირა და არც სამი თვე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ მოახერხა ვერც ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის აღება უკრაინაში. ეს არის გაგრძელება იმ ბირთვული შანტაჟისა, რომელიც ჩვენ, ყველამ ვიხილეთ გასული წლის განმავლობაში.

ესაა ერთგვარი მოწვევა მაგიდასთან, რომ განვიხილოთ ის, რასაც ისინი „უფრო ფართო სტრატეგიულ საკითხებს“ უწოდებენ. როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს? ჩემი აზრით, ამგვარი განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ ბელარუსი არაა სუვერენული ქვეყანა, ის რუსეთის სამხედრო რაიონის ნაწილია. ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ორივეს - რუსეთსაც და ბელარუსსაც, იმისთვის, რომ გამოვხატოთ, რომ ამგვარი შანტაჟი და ნაბიჯები არ იმუშავებს.

ბირთვული საფრთხეები გასული წლის განმავლობაში არაერთხელ განიხილებოდა. დასავლეთში ბევრი ამგვარ მუქარაზე ან ზოგადად, ბირთვული იარაღის გამოყენების მცირედ ალბათობაზე საუბრისასაც კი დიდ სიფრთხილეს გამოხატავს და მოუწოდებს ლიდერებს „არასაჭირო ესკალაციისა“ და „მოსკოვის პროვოცირების“ თავიდან აცილებისკენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს მათ დასავლელი ლიდერების გადაწყვეტილებებზე, ერთიანობაზე, სიმტკიცესა და საერთოდაც, საზოგადოებრივ აზრზე?

ვფიქრობ, ამ ტიპის რიტორიკას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი გავლენა, როგორც შეიძლება ეს ზოგს ეჩვენებოდეს. ვფიქრობ, რაც მართლა ახდენს გავლენას ჩვენს შეხედულებებზე, არის განწყობებისთვის, როგორც ამბობენ, „გულებისა და გონების“ მოსაგებად ბრძოლა. არსებობენ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ სანქციებმა შექმნა გარკვეული სიძნელეები, რაც არაა სიმართლე, სიძნელეები გლობალურ სამხრეთში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შექმნა. ჩემი აზრით, იმის დაშვება, რომ თუკი უკრაინას არ დავეხმარებით, რუსეთი შეჩერდება და ესკალაცია არ მოხდება, სრულებით მცდარია.

არსებობენ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ სანქციებმა შექმნა გარკვეული სიძნელეები, რაც არაა სიმართლე, სიძნელეები რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შექმნა. ასევე იმის დაშვება, რომ თუკი უკრაინას არ დავეხმარებით, რუსეთი შეჩერდება და ესკალაცია არ მოხდება, სრულებით მცდარია.

ისტორიაში, სულ მცირე რამდენჯერმე იყო შემთხვევა, მაგალითად ბუდაპეშტის მემორანდუმი, მინსკის შეთანხმება, როცა დიპლომატიის შესაძლებლობა არსებობდა. ეს იყო შანსი სწორედ ამ ტიპის აზროვნების სკოლისთვის და რაც ვნახეთ, რომ რუსეთი უბრალოდ ამ დროს იყენებდა. რუსეთმა რეალურად მოახერხა ძალების მოგროვება, საგულისხმო სამხედრო ძალის შეჯგუფება, მათ განაახლეს უკრაინის დაპყრობის მცდელობა, ასე რომ ეს არც ამ კუთხითაა მართებული არგუმენტი.

რუსეთი თავად ახდენს ესკალაციას და ის არ აპირებს დეესკალაციას. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ უკრაინისთვის თავდაცვის საშუალებების მიწოდებაზე უარის თქმა დაეხმარება პოლიტიკურ პროცესს, უნდა იცოდეს, რომ პუტინის მიზანი არ არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, მისი მიზანია უკრაინის დაპყრობა და მისი „წმენდა“, რომ მოხდეს ყველა ის საშინელება, რაც მსოფლიომ იხილა უკრაინაში გათავისუფლებული ტერიტორიებზე.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ურყევად უჭერდნენ და უჭერენ მხარს უკრაინას. სამივე ეს ქვეყანა ლიდერობს მთლიანი შიდა პროცენტის იმ წილით, რაც მათ უკრაინის დახმარებისთვის გამოყვეს. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ კიევს წარმატებული კონტრშეტევისთვის საკმარისი იარაღი არ აქვს. როგორ გგონიათ, მისცა დასავლეთმა უკრაინას ყველაფერი, რაც შეეძლო და რაც კიევს გამარჯვებისთვის სჭირდება თუ მეტი უნდა გაკეთდეს? როგორ ფიქრობთ, კიდევ რის გაკეთება შეიძლება?

ვფიქრობ, ჩვენ ბევრს ვაძლევთ, მაგრამ არა - საკმარისს. ჩვენ უკრაინისთვის მეტი იარაღი და მეტი ამუნიცია უფრო ადრე უნდა მიგვეცა. მაგრამ ამასთან, მჯერა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ამუნიციის მარაგები. მაგალითად ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭომ მარტის შეხვედრისას გადაწყვიტა გამოეყო ერთი მილიარდი დოლარი საჭირო ამუნიციის შესაძენად და კიდევ ერთი მილიარდი თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რათა საკმარისი ამუნიცია ვაწარმოოთ. დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ჩამოვრჩებით ზოგიერთი ჩვენი პირობის შესრულებას, მაგრამ ამის ზოგი ობიექტური მიზეზიც არსებობს. თუმცა ჩვენ მეტი და უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ესაა ის, რაზე საუბარსაც ჩვენი შეხვედრებისას ვაგრძელებთ.

ზოგიერთი იარაღის მიცემაზე თავის შეკავების მიზეზად ხშირად ის სახელდება, რომ დასავლური წარმოების იარაღით რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმა არ მოხდეს. ზოგი ფიქრობს, რომ უსამართლობაა უკრაინისთვის იმ შესაძლებლობის შეზღუდვა, რომ დაარტყას სამხედრო სამიზნეებს და გაუმკლავდეს აგრესიას ისე, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს, რას ფიქრობთ ამაზე?

რაკეტები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან გამოიყენება, ან ბომბდამშენები, რომლებიც რუსეთიდან იღებს გეზს, ლეგიტიმური სამიზნეა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ უკრაინა იარაღს თავდაცვისთვის გამოიყენებს.

მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ესხმის თავს უკრაინის ტერიტორიას, ბომბავს უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს, ყველა ტიპის ამუნიციით. და ამას რეალურად 2014 წლიდან აკეთებს, უბრალოდ ბოლო ერთი წელი გამორჩეულად სასტიკი იყო. არ მაქვს არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ უკრაინას აქვს უფლება, შესაბამისად უპასუხოს მათ იმისთვის, რომ შეაჩეროს აგრესია. რაკეტები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან გამოიყენება, ან ბომბდამშენები, რომლებიც რუსეთიდან იღებს გეზს, ლეგიტიმური სამიზნეა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ უკრაინა იარაღს თავდაცვისთვის გამოიყენებს.

როგორც ცოტა ხნის წინ მკითხეთ ესკალაციაზე, გააღრმავებს თუ არა ეს ესკალაციას? არა, არ მჯერა ამის. მე მჯერა, რომ თუკი რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი დაიჯერებენ, რომ მათთვის გამარჯვება არ არსებეობს, მაშინ ყველაზე შესაძლებელია, რომ ეს იქნება დეესკალაციის საწინდარი.

მე იმ ბანაკში ვარ, სადაც მტკიცედ სჯერათ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება - ყველა სახის იარაღის სისტემების, ამუნიციის - არის მართეებული ნაბიჯი და ჩვენ არ უნდა შეევზღუდოთ უკრაინა, რომ გამოიყენოს ეს ამუნიცია, ეს სამხედრო აღჭურვილობა და იარაღი ლეგიტიმური თავდაცვისთვის. ლეგიტიმური თავდაცვა კი არ ნიშნავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას. რუსეთში სამხედრო ბაზები სრულებით ლეგიტიმური სამიზნეა. ესაა ზუსტად ის, რასაც რუსეთი ახლა უკრაინაში აკეთებს.

ომის წლისთავზე კიევში ვიზიტისას გასულ თვეში პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს იმედი ჰქონდა, ის დასავლეთის მოთმინებას ამოწურავდა, მაგრამ ის სრულებით შეეცდა. მაშინ, როდესაც რუსეთს ადანაშაულებენ პრაქტიკულად ყველაფრის - ენერგიის, ინფლაციის, სურსათის, ენის, საზოგადოებრივი აზრის ჰიბრიდულ ომში იარაღად გამოყენებაში, და მაშინ, როცა ზოგიერთი გამოკითხვა აჩვენებს ერთგვარ გადაღლას უკრაინის დახმარების საკითხით, როგორ გგონიათ, შესაძლებელია რომ დასავლური ერთობა და სიმტკიცე ერთგვარ ლიმიტს მიაღწევს და დასუსტდება?

თუკი გაქვს გრძელვადიანი ომი და სიტუაცია, რომელიც არა რამდენიმე დღის ან კვირის, არამედ თვეებისა და შესაძლოა წლების განმავლობაშიც გრძელდება, ხალხი იღლება ამ სიახლეებით დ აიმით, რომ ამდენი რესურსი იხარჯება ამ ომში უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ მგონია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მართალია. რუსეთი ამ დრომდე მარცხდება პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და სიმართლე რომ ვთქვათ, შანტაჟის მხრივაც. ჩვენ გვახსოვს მთელი ეს დისკუსიები და ნერვიულობა იმაზე, როგორ გავუძლებდით ევროპაში ზამთარს. და ჩვენ ამას საკმაოდ კარგად გავუმკლავდით. უკრაინაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა ამდენჯერ იყო თავდასხმის სამიზნე, ასევე გადარჩა. ახლა რუსეთს სწორედ ამ გადაღლის იმედი აქვს. იმედოვნებს, რომ კურსი შეიცვლება.

ჩვენ ყველანი დემოკრატიული ქვეყნები ვართ და დროდადრო არჩევნები გვაქვს. არსებობს ბევრი მწვავე საკითხი, ინფლაცია, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, საკითხები, რომლებსაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ფართოდ განიხილავენ და ცხადია, სამხედრო ოპერაციები შესაძლოა კრიტიკის საგანი გახდეს, მაგრამ ამ დროს გვჭირდება ის, რასაც „სტრატეგიულ გამძლეობას“ უწოდებენ.

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ უკრაინისთვის თავდაცვის საშუალებების მიწოდებაზე უარის თქმა პოლიტიკურ პროცესს დაეხმარება, უნდა იცოდეს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისას დროს მხოლოდ ახალი თავდასხმის მოსამზადებლად იყენებს

დიახ, დღეს რუსეთს თავისი ხალხის იმედი აქვს, იმის, რომ ბევრ მათგანს დახოცავს საკუთარი მიზნის, რუსეთის იმპერიის აღდგენისთვის. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, როგორ გავუმკლავდეთ ამ გადაღლას. მთავარი საფრთხე ახლა მომავალი წლის არჩევნების სერიებია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ თავად ვლადიმირ პუტინიც სავარაუდოდ კიდევ ერთხელ დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. ბევრი ალბათ ცინიკურად უყურებს ამ არჩევნებსაც და ჰგონია, რომ პუტინს ეს არ ადარდებს, მაგრამ ეს ასე არაა. მას მაინც სჭირდება კენჭისყრა. არც ის დაგვავიწყდეს რამდენი ყურადღება დაეთმო უკრაინის საკითხს გასულ შემოდგომაზე ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებს რუსულ პროპაგანდაშიც. სამწუხაროდ, მზად უნდა ვიყოთ სიტუაციისთვის, რომელიც შესაზლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოწვევებს გავუძლებთ. ​

ბევრი ექსპერტი იმის გამოც შიშობს, რომ ხანგრძლივი ომის პირობებში ვითარება შეიძლება ჩიხში შევიდეს და უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკებებისკენ დასავლელმა ლიდერებმაც კი უბიძგონ. რას ფიქრობთ ამ რისკზე? და რა სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ მოლაპარაკებებისას ყველაზე ძლიერ პოზიციაში იყოს, როცა და თუკი ის ისურვებს მოლაპარაკებას?

ვფიქრობ, უკრანაის გადასაწყვეტია, როდის სურს მას მოლაპარაკება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მთავრობა უკრაინელი ხალხის წინაშე არიან პასუხისმგებელნი და ეს მნიშვნელოვანია. ისინი ვერ ეტყვიან უკრაინელ ხალხს, რომ რუსეთს მოელაპარაკებიან დასავლეთის დახმარების დაკარგვის საფრთხის გამო.

მე მჯერა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. უკრაინასთან კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მუშაობა, წევრობაზე საუბარი, რეფორმებში მათი დახმარება არის ის, რაშიც წარმატების მიღწევა შეგვიძლია. მაგრამ ვფიქრობ ძალიან არაწინდახედული ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ უკრაინას ვუბიძგოთ მოლაპარაკებებისკენ მანამ, სანამ მისი ტერიტორია არაა გათავისუფლებული და სანამ არ გვაქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე, რომ რუსეთი ამ მოლაპარაკებების დროს გადაჯგუფებისა და ახალი თავდასხმის დასაწყებად გადაიარაღებისთვის არ გამოიყენებს. ამასთან ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრი დისკუსიის მიუხედავად, მე არ მინახავს დემოკრატიული ქვეყნებისგან რაიმე ძლიერი ბიძგი უკრაინისთვის, რომ შეწყვიტოს ბრძოლა ან დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ქვეყანასთან, რომლსაც სულაც არ სურს მოლაპარაკება. ერთ მხარეს ვერ უბიძგებ ამისკენ, როცა მეორე მხარე მოლაპარაკებებს მხოლოდ ძირის გამოსათხრელად, შეურაცხყოფების და ისეთი ულტიმატუმების გასაჟღერებლად იყენებ ს, რომლებიც არაა რეალისტური.

XS
SM
MD
LG