ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ გარდავქმნათ რუსეთი თუ როგორ დავამარცხოთ რუსეთი?


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოცხადებული, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შედეგად რუსეთი ასობით ათასმა რუსმა მამაკაცმა დატოვა. მათი უმრავლესობა იმ მეზობელი ქვეყნებისკენ გაემართა, ვისაც რუსეთისთვის საზღვრები ჯერ არ დაუკეტავს. მაშინ, როცა ევროპა რუსეთის მოქალაქებიის დიდი რაოდენობით ქვეყანაში შესვლის რისკებსა თუ მორალურ გარემოებებზე მსჯელობს, ბევრი მათგანი ახლა უკვე საქართველოშია. მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველ 5 დღეში, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. ხელისუფლება რუსეთთან სავიზო რეჟიმის, ან სხვა სასაზღვრო შეზღუდვების დაწესებას თუ პროცედურების გამკაცრებას ამჟამად არ აპირებს. საკითხი არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განხილულა.

დასავლელი პარტნიორები, ლიდერები თუ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ თემაზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება სწორედ ხელისუფლების პრეროგატივაა, თუმცა მათი აზრითვე, რისკები საგულისხმოდ დიდია.

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთი რისკი ძალიან ნათელია, ესაა ამდენი რუსის შემოსვლა. შესაძლოა, ეს არაა სამხედრო რისკი, მაგრამ [დანამდვილებით] არასდროს ვიცით", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი და განმარტავს, რომ საქართველოში გადაღებული კადრები მისთვის, შემაშფოთებელია.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ისე, რომ თითქოს არჩევანი დგას, როგორ გარდავქმნათ რუსეთი, არამედ ერთადერთი არჩევანი არის ის, თუ როგორ დავამარცხოთ რუსეთი",
- ედგარს რინკევიჩი

"მე ძალიან ბევრი ვიდეო და ფოტო ვნახე რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან და თავად საქართველოდან, ვწუხვარ, მაგრამ ეს კადრები მრავლისმთქმელია. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, უკვე არის უსაფრთხოების რისკი. ეს არის კონტრდაზვერვის რისკები. ეს არის პენეტრაციის რისკები არა მხოლოდ იმ ხალხისგან, ვინც გარბის, არამედ იმ ხალხისგანაც, ვინც შეიძლება შემდგომი ფარული ოპერაციებისთვის იყოს გამოყენებული. ამ თვალთახედვით, ეს არის უსაფრთხოების ის მნიშვნელოვანი რისკი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ამიტომ ლატვიაში გვჯერა, რომ რუსეთიდან მხოლოდ სამხედრო მობილიზაციის გამო გაქცევა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თავშესაფარი გავცეთ", - ამბობს ედგარს რინკევიჩი. ევროპელი დიპლომატი ამ პოსტს უკვე 11 წელია, მეოთხე პრემიერ-მინისტრის კაბინეტში იკავებს. მანამდე ის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის და ნატოში ლატვიის გაწევრიანების მომლაპარაკებელთა ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერიც იყო.

უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს ესტონეთის პირველი დიპლომატიც. ასევე "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ურმას რეინსალუ განმარტავს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერების აზრით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები საფუძვლიანი და მრავალმხრივია:

"არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ლეგიტიმური რისკები. უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ დივერსანტები ქვეყანაში ომამდე თვეების და ზოგ შემთხვევაში წლებით ადრეც კი იყვნენ შესულები. ჩვენ ასევე გვინახავს რადიოაქტიური აგენტით მოწამვლის შემთხვევები [ბრიტანეთში], იარაღის საწყობების აფეთქება ჩეხეთში - ძალიან ბევრი ამგვარი ოპერაცია სწორედ იმ რუსების მიერ იყო შესრულებული, რომლებმაც [ქვეყანაში შესასვლელად] ტურისტული ვიზები და ყალბი იდენტობა გამოიყენეს. ესაა რეალობა, რომელსაც ომამდეც ვხედავდით", - ამბობს რეინსალუ.

ამორალური იქნებოდა ბიზნეს საქმიანობისთვის, დასასვენებლად თუ სხვა მიზნით, აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეების შემოშვება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ხდება გენოციდი, რომელიც მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება",
- ურმას რეინსალუ

ესტონელი მინისტრის აზრით, სარისკოა ისიც, როცა ქვეყანაში არის ძალიან დიდი ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებსაც შესაძლოა ამ ომზე სრულებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ. "მათი ქმედებები შესაძლოა კონკრეტულ რისკს შეიცავდეს ჩვენთვის, როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყნისთვის. ჩვენ გვესმის სრული კონტექსტი. ამიტომ მივიღეთ ამგვარი გადაწყვეტილება და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანასაც, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ იმის თაობაზე, თუ ვის უშვებენ ქვეყანაში რუსეთიდან და ვის - არა".

უსაფრთხოების შემდეგ, ბალტიისპირელი დიპლომატების აზრით, მორალური ასპექტიც მნიშვნელოვანია. რეინსალუს თქმით, აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეების ბიზნეს თუ ტურისტული ან თუნდაც სხვა მიზნით ქვეყანაში შემოშვება მორალურად გაუმართლებელია:

ურმას რეინსალუ
ურმას რეინსალუ

"ამორალური იქნებოდა ბიზნეს საქმიანობისთვის, დასასვენებლად თუ სხვა მიზნით, აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეების შემოშვება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ხდება გენოციდი, რომელიც მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, ვინც ახლა სხვადასხვა მიმართულებით გადის რუსეთიდან", - ამბობს რეინსალუ.

მსგავსი აზრი აქვს მის ლატვიელ კოლეგასაც. ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ლიდერებმა მობილიზაციას გამოქცეულები თავიანთი საზღვრებიდან პრაქტიკულად მისი გამოცხადების დღესვე გააბრუნეს უკან. ისინი თანხმდებიან, რომ ეს ეროვნული უშიშროების რისკია და ის, რომ ამ ადამიანებს ჯარში მსახურობა არ სურთ, არ არის თავშესაფრის მისაღებად საკმარისი მიზეზი. საჭიროა იმის დადასტურებაც, რომ ისინი მმართველი რეჟიმის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს მანამდეც ეწინააღმდეგებოდნენ.

"რა სიურპრიზია?! ახლა, ყველა ომის მოწინააღმდეგეა. როცა მათ ადგილობრივ სამხედრო პუნქტში ომის წასასვლელად დარეგისტრირებაა საჭირო. შემიძლია სანაძლეოც კი დავდო, რომ ბევრი მათგანი, ვინც ახლა გარბის, ყველა არა, მაგრამ ბევრი, სულ რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ უკრაინელები უნდა ამოწყდნენ, რომ რუსეთმა უნდა გაიმარჯვოს, რომ უკრაინა უნდა აღიგავოს რუკიდან. და უცებ, ყველა ომის უდიდესი მოწინააღმდეგე, მშვიდობისა და უსაფრთხოების მომხრე პატრიოტია", - ამბობს რინკევიჩი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკო ლანგეს მიაჩნია, რომ მობილიზაციას გაქცეული მოქალაქეების დახმარების "ადამიანური სურვილი" გასაგებია, მაგრამ ამავე დროს, სიფრთხილე აუცილებელია. ისიც, როგორც ბალტიისპირელი დიპლომატები, ამბობს, რომ ადამიანების წარსულისა და განწყობების შემოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

"ის ადამიანები, რომლებიც [ჩვენს ქვეყნებში] შემოდიან, შეიძლება პუტინის მხარდამჭერები არიან, შეიძლება რუსი ნაციონალისტები არიან და შეიძლება უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგებიც კი იყვნენ. ამიტომ, უსაფრთხოების შემოწმება და იმის გაგება, თუ არ არის მათი მიზნები, მნიშვნელოვანია. რუსეთის უშიშროების სამსახურებს აქვთ რეპუტაცია, რომ მსგავს სიტუაციებს კარგად იყენებენ", - ამბობს ლანგე და განმარტავს, რომ ამასთან, ის დისკუსიები, რომლებიც რუსეთის შიგნით უნდა იმართებოდეს, "ჩვენს ქვეყნებში არ უნდა შემოვიტანოთ":

"რუსეთის შიდა კონფლიქტები იქვე უნდა დარჩეს. რუსების შემოდინებით პრობლემების კიდევ ერთი შრე იქმნება, რომელიც შემდეგ ჩვენი გადასაჭრელია", - განმარტავს ლანგე.

ევროპაში დამოკიდებულება ჯერ კიდევ მობილიზაციამდეც, რუსი ტურისტების მიმართაც არ იყო ერთგვაროვანი. მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ლიდერები რუსეთის მოქალაქეებს ერთგვარ მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ და ამბობდნენ, რომ ევროპაში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა უფლება, ზოგიერთი წამყვანი ევროპული ქვეყნის ლიდერი ამას „რუსი ხალხის გულისა და გონებისთვის ბრძოლაში“ ევროპის მარცხის აღიარებად მიიჩნევდა. ასევე ამბობდა, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგეთა სულისკვეთება ან უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დამდგარიყო.

"რუსი „ხალხის გულები და გონება“ - როგორც გამოკითხვები აჩვენებს, - არის ვლადიმირ პუტინთან. შეიძლება ვიდავოთ, რამდენია ეს 54 %, 69%, 95% თუ - მთელი მოსახლეობა, მაგრამ ის არ არის ვაშინგტონისკენ, რიგისა თუ ბრიუსელისკენ მიმართული - ლიბერალური დემოკრატიისა თუ ნებისმიერი ასეთი ღირებულებისკენ. ამ მხრივ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დაკარგო ის, რასაც არასდროს ფლობდი და შემდეგ რამდენად მორალურია ის, რომ შემოუშვა ეს ხალხი, გინდაც მათ ნამდვილ სენტიმენტებში არ ვიყოთ დარწმუნებული, მაშინ, როცა უკრაინელები კვლავ იბრძვიან და კვლავ იხოცებიან", - ამბობს რინკევიჩი.

რუსეთის ზოგიერთი მეზობლის აზრით, ახლა მსოფლიოს მიზანი რუსეთის გარდაქმნა კი არა, მისი - დამარცხება უნდა იყოს.

"ბევრი სვამს კითხვებს რუსი ტურისტების ჩამოსვლის შეზღუდვის შესახებ იმ დაშვებით, რომ თუკი რუსები გაეცნობიან ლატვიური, ბელგიური, თუ ფრანგული დემოკრატიისა და ცხოვრების წესს, შემდეგ ისინი დაბრუნდებიან რუსეთში და შეცვლიან ქვეყანას. დიახ, ჩვენ ამას 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. მილიონობით რუსი ჩამოდიოდა ევროპაში დასასვენებლად, ბიზნესისთვის თუ სასწავლებლად და შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ და დიახ, რუსეთი შეიცვალა, შეიცვალა უარესობისკენ. ასე რომ, ეს არგუმენტიც ჩემთვის გამოუსადეგარია. ეს ომია და ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ისე, რომ თითქოს არჩევანი დგას, როგორ გარდავქმნათ რუსეთი, არამედ ერთადერთი არჩევანი არის ის, თუ როგორ დავამარცხოთ რუსეთი. და ეს ამისთვის ერთ-ერთი გზაა", - განმარტავს ლატვიის პირველი დიპლომატი.

XS
SM
MD
LG