„ესაა მკაფიო სიგნალი მათთვის, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები კი, ვინც დღეს აქ ნახსენები არაა, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ“, - ამბობს ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი ამერიკის დიპლომატიური უწყების 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს მთავრობა აჩვენებს სისუსტესა და შიშს რუსეთის მიმართ მაშინ, როცა იუცხოებს მის უძლიერეს მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს",- დენ ფრიდი
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ქართული მართლმსაჯულების სისტემის ოთხ 4 მაღალი რანგის მოსამართლესა და მათ უშუალო ოჯახის წევრებს ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული სანქციები დაუწესდათ. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ეს მათი მხრიდან კორუფციულ საქმიანობაში „მნიშვნელოვან ჩართულობას“ უკავშირდება. ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა კი განმარტა, რომ ამ მოსამართლეებმა თავიანთი ქმედებებით "უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი", კონკრეტულად კი ეს გააკეთეს "მოსამართლეების მიმართ უკანონონო სარგებლის შეთავაზებით, ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები".
ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე დიპლომატი, ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ესაა გაფრთხილება იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზულად იღებს ამ პრობლემას შეერთებული შტატები და რომ ქვეყანა არც შემდგომი ზომების გატარებას მოერიდება.
„ეს არის როგორც საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ისე გაფრთხილება, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე და მზადაა დამატებითი ნაბიჯები გადადგას. საქართველოს მთავრობა აჩვენებს სისუსტესა და შიშს რუსეთის მიმართ მაშინ, როცა იუცხოებს მის უძლიერეს მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რთული გასაგებია, როგორ აწინაურებს ეს საქართველოს ინტერესებს“, - ამბობს დენიელ ფრიდი.
საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის აუცილებლობასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში დასავლელმა პარტნიორებმა არაერთი რეკომენდაცია გასცეს. ესაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო ერთ-ერთი მოთხოვნაც იმისთვის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო იყოს უზრუნველყოფილი. ეს გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების მხრიდან პოლიტიკურ სივრცეში კორუფციის თაობაზე არსებული შეშფოთების მასშტაბზე მინიშნებაა ლუკ კოფისთვისაც. „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ამბობს, რომ ესაა მოწოდება „გამოღვიძებისკენ“:
"სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაშია ჩართული და არაა აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ",- დევიდ კრამერი
“სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადება აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უდგება სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ბრალდებებს. დეპარტამენტის ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში“, - ამბობს კოფი და დასძენს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამის „მსგავსი სამომავლო ნაბიჯები ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა გადადგას“.
მთავრობისთვის გაფრთხილებად მიაჩნია ეს ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში უილიამ კორტნისაც. ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ მკვლევარი განმარტავს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ კორუფციული ქმედებების გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი სადამსჯელო ზომა ამერიკის მხრიდან:
„სანქციები [როგორც წესი] მიიღება იმ ქვეყნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცნობილნი არიან კორუფციით და ვისაც დაძაბული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. ეს მოულოდნელი სანქცია ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიული კლებისა და იმ რეფორმების უკუსვლის მასშტაბს, რომლებმაც კორუფცია შეამცირა. ამ გაუარესებამ საქართველო ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა და ჩააყენა პოზიციაში, როცა ქვეყანა შეიძლება უფრო მოწყვლადი იყოს მტაცებელი სახელმწიფოების წნეხის მიმართ“, - განმარტავს ყოფილი დიპლომატი.
არადემოკრატიულ საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესების მომხრე აქამდეც იყო დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი. თუმცა კრამერი წუხს, რომ ეს ნაბიჯი ამერიკის მხრიდან საჭირო გახდა, რადგან ეს მხოლოდ იმას ასახავს, თუ რამდენად გაუარესდა სიტუაცია საქართველოში.
დეპარტამენტის ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში",- ლუკ კოფი
„ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართულნი და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ“, - მიიჩნევს კრამერი და იქვე განმარტავს, რომ ხალხს უნდა ესმოდეს: ეს არაა ქვეყნის, ან ქართველების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
„ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არაა სანქციები საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ესაა მიზანმიმართული სანქციები იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იგივეს გააკეთებს“, - ამბობს დევიდ კრამერი.
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ფიქრობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. „ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც“, - ამბობს ლინას ლინკევიჩიუსი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდა და ამერიკაში შესვლა აეკრძალა ოთხ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს. ესენი არიან:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ლევან მურუსიძე;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, უვადოდ დანიშნული მოსამართლე - მიხეილ ჩინჩალაძე.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის - ჩინჩალაძის - მოადგილე, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი - ირაკლი შენგელია.
- ყოფილი მოსამართლე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი - ვალერიან ცერცვაძე.
ცხოვრება გაგრძელდება. ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ დამასანქცირონ",- ლევან მურუსიძე
საქართველოში მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და ექსპერტები ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის გავლენებზე უკვე წლებია საუბრობენ და მათ ე.წ. მოსამართლეთა „კლანის“ მმართველებად მიიჩნევენ.
სანქციების შესახებ ცნობებს რამდენიმე მათგანი უკვე გამოეხმაურა. ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია "მთავარს" უთხრა, რომ "ცხოვრება გაგრძელდება". მისი თქმით, "ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ დასანქცირება ეკუთვნოდეს". ვალერიან ცერცვაძის თქმით, ის საერთოდ აღარ მუშაობს სახელმწიფო სამსახურში და ამის შესახებ არაფერი იცის.
სანქციების საკითხს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მან თავად ამ გადაწყვეტილების უკან დაინახა კორუფციული სქემა: "ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდად მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომელთაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე", - თქვა ირაკლი კობახიძემ და პარტნიორები სუვერენიტეტის შელახვის მცდელობაშიც დაადანაშაულა:
"თუ ვინმეს დასანქცირება უნდა, კეთილი ინებონ და დაიწყონ სააკაშვილით, ადეიშვილით და მერე დაგველაპარაკონ ჩვენ. ჩვენ მხარეს არის სიმართლე. მათ მხარეს არ არის სიმართლე. დაგველაპარაკონ წესებით. ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით. ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე, დავიცავთ სუვერენიტეტს და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.