ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს ეხება და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას, კანონმდებლობის დონეზე, ვალდებულებების შესრულება.

უმეტესწილად შეფასებაა, რომ საქართველოს ამა, თუ იმ სფეროში აქვს მომზადების გარკვეული, ან შედარებით კარგი დონე. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს 31 სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებისა და თავშესაფრის საკითხებთან მიმართებით ძირითადად, შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია და ამის შედეგად, განხორციელება ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია.

ევროკომისიის შეფასებითვე, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, თუმცა, უნდა განაგრძოს საკუთარი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან კონტრაქტორების ჩართვით კომუნალური მომსახურების სფეროში და შეუსაბამოს კანონმდებლობა კონცესიების დირექტივას თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორებში შესყიდვებთან მიმართებით.

ევროკომისიის შეშფოთებას იწვევს, რომ სტატისტიკის სფეროში საქართველოს მომზადების გარკვეული დონის მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსი არასაკმარისია, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თანამშრომელთა შედარებით მცირე რაოდენობა ჰყავს, შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება სხვა საჯარო სამსახურებში არსებულ ხელფასებს და შეზღუდულია ფინანსური და IT რესურსებიც.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე საფინანსო კონტროლის სფეროში თუმცა, მმართველობითი ანგარიშვალდებულება, ფინანსური მენეჯმენტი, კონტროლი და შიდა აუდიტი ეფექტიანად არ ხორციელდება არასაკმარისი პოტენციალის, საჯარო სამსახურში მათი სარგებლის დაბალი გაგების და სამინისტროებს და მათ დაქვემდებარებულ ორგანოებს შორის ანგარიშვალდებულების არაეფექტიანი მექანიზმების გამო. ანგარიშის თანახმად, უნდა გადაიხედოს საჯარო სექტორში ფინანსური ინსპექციის როლი და გავლენა.

ევროკომისიის ანგარიში მოიცავს არაერთ სხვა სფეროს, მათ შორის კონკურენციის პოლიტიკას, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზეა და უნდა განაგრძოს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებასა და კარტელებთან მიმართებით.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მომზადების გარკვეული დონე აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის სფეროში, თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გათანაბრებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. ევროკომისიის ანგარიში აფასებს სოციალური პოლიტიკის და დასაქმების სფეროსაც და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქაც მომზადების გარკვეული დონე აქვს და უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობისთვის.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად მომზადებულია ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კანონითაა გამყარებული და პრაქტიკაშიც დადასტურებულია, თუმცა, ზოგიერთ დებულებას, რომელიც დამოუკიდებლობას ეხება, დაზუსტება სჭირდება.

ანგარიშის თანახმად, საქართველო ზომიერად მომზადებულია საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში, კარგი ადმინისტრაციული პოტენციალი აქვს და როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, უკვე ასრულებს მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებების დიდ ნაწილს. თუმცა, კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ორმაგი დანიშნულების საექსპორტო კონტროლის სფეროში.

ევროკომისიის შეფასებითვე, საქართველო ზომიერად მომზადებულია საგარეო და უსაფრთხოების და თავდცვის პოლიტიკის სფეროებში. ამასთან, საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებთან დაახლოებისთვის და შემზღუდავი ზომების გამოყენებისას, როცა და სადაც ეს საჭიროა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში, ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG