ბაიდენის ადმინისტრაცია ოთხშაბათს განაცხადებს, რომ გამოყოფს 800 მილიონ აშშ დოლარს გზების შესაკეთებლად, ტროტუარების გასაუმჯობესებლად და სხვა ინფრასტრუქტურისთვის.
საგზაო შემთხვევების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ამერიკაში 10,5%-ით გაიზარდა და 2021 წელს 42,915-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 2005 წლის შემდეგ. ათწლეულების განმავლობაში კლების შემდეგ, საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალება მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც COVID-19 კარანტინი დასრულდა.
ტრანსპორტის მდივანმა პიტ ბუტიჯიჯმა როიტერს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს „გადაწყვეტილება, როგორც ქვეყანამ და სერიოზულად უნდა აღვიქვათ არსებული ვითარება“.
თანხები, 2021 წლის ნოემბრის ინფრასტრუქტურის კანონის შესაბამისად გაიცემა. ამერიკა გამოყოფს გრანტებს, რომელიც დააფინანსებს ახალი ტროტუარების, გადასასვლელების, დაცული ველოსიპედის ზოლების, შემოვლითი ბილიკების, უკეთესი განათების და სიჩქარის მართვის სტრატეგიებს ქვეყნის მასშტაბით.
„როდესაც ჩვენ ვიღებდით გადაწყვეტილებას, ჩვენ ვითვალისწინებდით ცხელი წერტილების რუკას“, - თქვა ბუტიჯიჯმა.
ბუტიჯიჯის თქმით, წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ 2022 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა "როგორც ჩანს, შემცირდა", 2021 წლის დონესთან შედარებით.
დაღუპულ ფეხით მოსიარულეთა რიცხვი 2021 წელს 13%-ით გაიზარდა და 7342-ს მიაღწია, რაც ყველაზე მეტია 1981 წლის შემდეგ. დაღუპული ველოსიპედისტების რიცხვი გაიზარდა 5%-ით და 985-ია, რაც 1980 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორივე კატეგორია კვლავ იზრდება.
ამერიკის გზების განახლება იაფი არ იქნება. შეერთებულ შტატებს 4 მილიონი მილის სიგრძის გზები აქვს და ამერიკელები დაახლოებით 300 მილიონი მანქანას ფლობენ, და ავტოტრანსპორტით ისინი ყოველწლიურად 3 ტრილიონ მილზე მეტს გადიან.
Facebook Forum