ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როიტერი: აშშ უკრაინას უფრო შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს


ორი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ უკრაინიისთვის განკუთვნილი ახალი, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის შესახებაც სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს გამოცხადდება, პირველად მოიცავს უფრო შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს, - "ბოინგი"ს მიერ შემუშავებულ ახალ იარაღს, სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბებს. ანონიმურობის დაცვით, ამრიკელი ოფიციალური პირების განცხადებას, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ახალ იარღს, რომელიც შესაძლოა შეერთებული შტატების მორიგი დახმარების პაკეტში შევიდეს, 150 კილომეტრზე შორს მყოფ სამიზნეებზე დარტყმა შეუძლია. ეს მონაცემები მკვეთრად აღემატება "ჰაიმარსების" შესაძლებლობებს, რომელიც რაკეტებს 80 კმ-ის სიშორეზე ისვრის. გასულ გაზაფხულს, შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის "ჰაიმარსების" მიწოდებამ, ომის დინამიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. არაერთი მიმართულებით უკრაინამ წარმატებით მოახერხა კონტრშეტევაზე გადასვლა და ტერიტორიების დაბრუნებაც.

მიმომხილველთა ნაწილის თქმით, შეერთებული შტატების მიერ, ამ ტიპის ახალი იარაღის მიწოდება შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, გარდა ყირიმის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილისა, შესაძლოა მალე უკრაინული ძალებისთვის მისაწვდომ ზონაში აღმოჩნდეს. ანალიტიკოსების თქმით, ეს მოსკოვს აიძულებს, საბრძოლო მასალისა და საწვავის შესანახი ადგილები სრულად გადაიტანოს რუსეთში.

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უფრო დიდი მანძილის რაკეტების მიწოდებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უფრო შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული იარაღის ბრძოლის ველზე ჩატანა, კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 27 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 2023 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მიიღებს ამერიკულ "აბრამსის" ტიპის ტანკებსაც.

XS
SM
MD
LG