ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინო ლომჯარიას და მის გუნდს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებადამცველთა ჯილდო გადაეცა


Nino Lomjaria / George burjanadze - ნინო ლომჯარია და გიორგი ბურჯანაძე
Nino Lomjaria / George burjanadze - ნინო ლომჯარია და გიორგი ბურჯანაძე

სახელმწიფო დეპარტამენტმა "ადამიანის უფლებების დამცველთა მსოფლიო ჯილდოს" გამარჯვებულები დაასახელა. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი გუნდი.

დაჯილდოებულთა შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებში ვკითხულობთ, რომ ლომჯარიას ხელმძღვანელობით საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს ფართოდ მიიჩნევდნენ ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად ქვეყანაში. ლომჯარიას ლიდერობის პერიოდში ის და მისი გუნდი ადვოკატირებას უწევდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას ყველასთვის, და ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური წნეხის პირობებშიც კი ისინი ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას.

ამავე განმარტებით, სახალხო დამცველის ოფისის მუშაობა მიმართული იყო დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პატიმრების, ლგბტქი+ პირებისა და რელიგიური უმცირესობების წევრთა უფლებების დასაცავად, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე. "დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ მიმართული ეს მცდელობა შეესაბამება მისი მოქალაქეების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი.

2023 წელს მსოფლიო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს და გაეროს დეკლარაციის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერა და დაცვა ამერიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან ისინი დემოკრატიის, მართლმსაჯულებაზე წვდომისა და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობისა და მდგრადი გარემოს შესაქმნელად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.

ამერიკის საგარეო უწყებამ 10 გამარჯვებული დაასახელა, რომელთაც "გამოავლინეს ლიდერობა და სიმამაცე მაშინ, როცა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს იცავდნენ. ეწინააღმდეგებოდნენ და ავლენდნენ უფლებების დარღვევის ფაქტებს მთავრობებისა და ბიზნესების მხრიდან და ლიდერობდნენ ქმედით ნაბიჯებს გარემოს დასაცავად, მმართველობის გასაუმჯობესებლად და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დაუსჯელობის დასასრულებლად".

XS
SM
MD
LG